კახა კალაძემ კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. იტალიის ჯენოას მცველმა ამის შესახებ სერია ა-ს უკანასკნელი ტურის შემდეგ, გენუაში გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„მოგესალმებით ყველას!
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან უნდა განვაცხადო 18-წლიანი კარიერის შემდეგ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ.
მადლობა მინდა გადავუხადო მილანის და ჯენოას კლუბებს და მმართველებს, რომლებმაც მიმიღეს იტალიაში, ამ ორი გუნდის ყველა წევრს, მეგობრებსა და უამრავ მოწინააღმდეგეს, რომლებთანაც მოგვიწია დაპირისპირებამ, რომელიც განმსჭვალული იყო მეგობრული შეჯიბრის სულით, ასევე ჟურნალისტებსა და ტელევიზიის წარმომადგენლებს.
უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. მეც, ჩემის მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი და ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი გუნდისთვის.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება აქ, იტალიაში გატარებული დროის შესახებ საოცარი და ბრწყინვალე მოგონებები.
გადავწყვიტე წავიდე სპორტიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი ითამაშა, დროა ადგილი დავუთმო ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა შეძლონ წინსვლა. გადავწყვიტე ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის მომავალი კეთილდღეობისათვის ვიბრძოლო, საქართველოს შესახებაც ცოტა რამაა ცნობილი, გარდა ტრაგიკული მოვლენებისა.
საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე, ამ ქვეყანაში არის ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, სადაც ჩემი გულია; ქვეყანა, სადაც მინდა რომ ჩემი შვილები თავისუფლად გაიზარდონ და იცხოვრონ საქართველოს სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ისე, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში“, – ნათქვამია ფეხბურთელის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა ფეხბურთელმა კარიერა მშობლიურ სამტრედიაში დაიწყო, 1993 წელს კი თბილისის დინამოში ჩაირიცხა, სადაც მოიპოვა კიდეც პირველი ტიტულები.

1998 წლის იანვარში კახა კალაძე, რომელიც იმ დროს უკვე ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ, ვალერი ლობანოვსკის კიევის დინამოში გადადის. მალე ის უკრაინის უძლიერესი კლუბის ძირითადი მცველი ხდება, 2001 წლის დასაწყისში კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იტალიის მილანი 16 მილიონ ევროს იხდის და კალაძეს კონტრაქტს უფორმებს. ამ ტრანსფერით ის ყველა დროის უძვირფასესი ქართველი ფეხბურთელი ხდება.

კარიერის საუკეთესო წლები კახამ სწორედ მილანში გაატარა, სადაც ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო ტიტულებს დაეუფლა. 2006 წელს ის გულშემატკივრებმა კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

2010 წლის ზაფხულში კახა კალაძე ჯენოას წევრი გახდა, ამ კლუბის მაისურით ჩატარებული 58 ოფიციალური მატჩის და 2 გოლის შემდეგ კი, 34 წლისამ ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კახამ 83 მატჩში 1 გოლი გაიტანა. იყო მსოფლიოს და ევროპის 4-4 საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე.

კახა კალაძე
დაიბადა 1978 წლის 27 თებერვალს სამტრედიაში
მცველი
კარიერა: თბილისის დინამო (1993-98); კიევის დინამო (უკრაინა, 1998-2001); მილანი (იტალია; 2001-10); ჯენოა (2010-12)
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 1994, 1995, 1996, 1997, 1998; უკრაინის ჩემპიონი – 1999, 2000, 2001; იტალიის ჩემპიონი – 2004; საქართველოს თასი – 1994, 1995, 1996, 1997; უკრაინის თასი – 1998, 1999, 2000; იტალიის თასი – 2003; საქართველოს სუპერთასი – 1996, 1997; იტალიის სუპერთასი – 2004; ჩემპიონთა ლიგა – 2003, 2007; ევროპის სუპერთასი – 2003, 2007; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2007; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი სარბიელი) – 2001, 2002, 2003, 2006; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (პროფესიული ფეხბურთის ლიგა) – 2008

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012)

ka_GEGeorgian