კახი ცხადაძის დებიუტი: საქართველო 2:0 მალტა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუშინ პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა: კახი ცხადაძის ბიჭებმა ამხანაგურ მატჩში მალტას უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს მეტოქე.

ჯვაროსნებმა ორივე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს: 83-ე წუთზე შეგდებული ბურთი ჯაბა კანკავას ანგარიშზეა – ლატვიელმა მსაჯმა ხელით თამაში ვერ შენიშნა და კაპიტანს გოლი ჩაუთვალა; პირველივე დამატებულ წუთზე კი ვაკო ყაზაიშვილმა შეაგდო ლამაზი გოლი. ის შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.

მასპინძლებს მანამდეც შეეძლოთ ორი ბურთის გატანა – I ტაიმში გიორგი ჭანტურიას დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს, შესვენების შემდეგ კი თორნიკე ოქრიაშვილმა მალტელთა კარის ხარიხა შეაზანზარა. II ტაიმში გოლს საქართველოს ნაკრებიც გადაურჩა – სტივ ბეზინას დარტყმის შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა.

„მატჩის მსვლელობისას ტაქტიკური მონახაზი რამდენჯერმე შევცვალეთ – მოგება გვინდოდა და ამიტომაც გადავდგით ეს ნაბიჯი. I ტაიმი უფრო ემოციური იყო, II ნახევარში კი შეტევაზე გავაკეთეთ აქცენტი. მთლიანობაში ბიჭების მოქმედებით კმაყოფილი ვარ, თუმცა სამუშაო ბევრი გვაქვს. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებთან მატჩს, იქამდე რამდენიმე დღე გვაქვს და ვეცდებით მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ ამ საპასუხისმგებლო მატჩისთვის“, – განაცხადა ცხადაძემ.

ეს იყო ჩვენი გუნდის მე-8 დაპირისპირება მალტასთან. საქართველოს ნაკრებმა მეხუთედ სძლია მეტოქეს, მალტელთა აქტივში კი ერთადერთი მოგებაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველად ითამაშა შვილმა მამის გაწვრთნილ გუნდში – 70-ე წუთზე კახი ცხადაძის ვაჟი ბაჩანა ლევან მჭედლიძის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.

და კიდევ: ჩვენმა გუნდმა ისტორიაში 74-ედ ითამაშა შინ და მე-100 „საშინაო“ გოლი სწორედ ამ თამაშში გაიტანა – საიუბილეო ჯაბა კანკავას ზუსტი დარტყმა გამოდგა.

25 მარტი, 2015. ამხანაგური. თბილისი, მიხეილ მესხი. 9 000
საქართველო 2:0 მალტა
გოლები: 1:0 ჯაბა კანკავა (83), 2:0 ვაკო ყაზაიშვილი (90)
საქართველო: გიორგი ლორია (ნუკრი რევიშვილი 46), ალექსანდრე ამისულაშვილი (ლევან ყენია 46), გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, საბა კვირკველია, სანდრო კობახიძე (ნიკა ძალამიძე 84), ჯაბა კანკავა (კაპ), თორნიკე ოქრიაშვილი (მათე ვაწაძე 71), კახა მახარაძე, ლევან მჭედლიძე (ბაჩანა ცხადაძე 71), გიორგი ჭანტურია (ვაკო ყაზაიშვილი 63)
მწვრთნელი: კახი ცხადაძე
მალტა: ჯასტინ ჰაბერი, ჯონათან კარუანა, სტივ ბეზინა, ანდრეი აგიუსი, რაიან კამილერი (გარეთ შიბერასი 46), სტივ ბორგი (რაიან კამენსული 90), ენდრიუ კოენი, ჟან პოლ ფარუჯია (ალფრედ ეფიონგი 60), ბიორნ კრისტენსენი (მარკ შკერი 71), ანდრე შკემბრი, როუენ მუსკატი
მწვრთნელი: პიეტრო ჯედინი (იტალია)
გაფრთხილება: სტივ ბორგი, გურამ კაშია
მსაჯი: ალექსანდრს ანუფრიევსი (ლატვია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 26 მარტი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian