კეტის ოთხი ოქრო

მეორე კვირაა ბუდაპეშტი საწყლოსნო სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. უნგრეთის დედაქალაქს 185 ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრნენ და მათ შორის ჩვენი წყალბურთელები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ მსოფლიო ჩემპიონატში.

ქართველებმა უკვე სამჯერ ითამაშეს ჯგუფში, ფლეი-ოფშიც გავიდნენ და დღეს ხორვატიას დაუპირისპირდებიან, თუმცა ეს პატარა ჩანახატი ჩვენებს კი არა, ერთ გამორჩეულ ამერიკელ გოგონას მინდა მივუძღვნა: 25 წლის კეტი ლედეკის, რომელიც ბუდაპეშტი 2022-ის საუკეთესო ქალ მოცურავედ აღიარეს. და სრულიად სამართლიანად:

კეტიმ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიგო, მათ შორის სამი პირად პირველობაში!

კეტიმ ზედიზედ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა კონკრეტულ დისციპლინაში – 800 მეტრი თავისუფალით – რაც არნახული ამბავია ცურვის ისტორიაში! (ასეთი რამ თვით მაიკლ ფელპსმაც ვერ შეძლო!)

კეტიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე 22 მედალს მოუყარა თავი და ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ქალი მოცურავეა! ამავდროულად, 19 მსოფლიო ოქროთი მხოლოდ ფელპსს ჩამორჩება (26).

შარშან, ტოკიოში, თავის მესამე ოლიმპიადაზე, ლედეკიმ ორ-ორი ოქრო და ვერცხლი მოიგო: ჩემპიონი გახდა თავისუფალი ყაიდით 800 და 1500 მეტრზე, 400 მეტრზე თავისუფალით და 4X200-ზე ესტაფეტაში ვერცხლს დაეუფლა. ბუდაპეშტში მან კვლავ ამ დისციპლინებში იასპარეზა და ამჯერად ყველგან გაიმარჯვა.

ოთხი ტრიუმფიდან ყველაზე დიდი უპირატესობით 1500 მეტრზე იპირველა – +14 წამი, მაგრამ მთავარი მაინც 800 მეტრზე ჩემპიონობა მგონია, რადგან აქ ისტორია დაწერა: ზედიზედ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე ამოვიდა აუზიდან ოქროს მედლით!

ხუთი გამარჯვებისგან შემდგარი ისტორიული სერია 2013 წელს დაიწყო ბარსელონაში, 2015-ში ყაზანში გაგრძელდა, ორი წლის შემდეგ ბუდაპეშტში, 2019-ში გუანჟოუში და ახლა კვლავ უნგრეთის დედაქალაქი!

თერთმეტი წლის წინ კეტი სწორედ ამ დისტანციაზე ტრიუმფით მოხვდა ამერიკის ნაკრებში – პირველად მოიგო ეროვნული ჩემპიონატი და 2012 წლის ზაფხულში ლონდონშიც გაემგზავრა ოლიმპიადაზე. ის ამერიკის იმ ოლიმპიური გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახლდათ – 15 წლისა და ოთხი თვის.

ლონდონი 2012-ის შემდეგ იყო რიო დე ჟანეირო 2016 და ტოკიო 2020, ასევე მსოფლიოს ხუთი პირველობა. და ამ რვა უდიდეს შეჯიბრებაში ლედეკიმ 32(!) მედალი მოიგო, აქედან 26 ოქრო: 7 ოლიმპიადაზე, 19 კი მსოფლიოზე!

ოლიმპიური ოქროს მედლებით კეტი ვერასდროს დაეწევა ფელპსს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებით, შესაძლოა, გადაასწროს კიდეც „ზვიგენს“: გაისად, ივლისში, მსოფლიო პირველობას ფუკუოკა უმასპინძლებს, 2024-ის იანვარში კი მოცურავეები დოჰაში გაცურავენ. და თუ ლედეკი ამ ორ შეჯიბრებას საუკეთესო ფორმაში შეხვდა, ფელპსის პირველობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 27 ივნისი)
ფოტო:
FINA

ka_GEGeorgian