ხარებამ I კორპორატიული საჭადრაკო ჩემპიონატი მოიგო

23-24 ივნისს სასტუმრო იოტამ ჭადრაკში საქართველოს I კორპორატიულ ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრება ოლიმპიური წლის ფარგლებში მოეწყო და ხელს უწყობს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პოპულარიზაციას, რომელიც 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში გაიმართება.

ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და მეღვინეობა ხარებას გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ხარებამ 16 ქულით, დაუმარცხებლად მოიპოვა პირველობა და შემოდგომით პარიზში, ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჩემპიონთა ღირსებას შოთა აზალაძე, თამაზ მგელაძე, გიორგი სიბაშვილი, თემურ ვეკუა და ალექსანდრე ებრალიძე იცავდნენ.

II ადგილზე 15 ქულით კოკო მობაილი გავიდა, III ადგილი კი 13 ქულით ლიბერთიმ დაიკავა. ჩემპიონებს და პრიზიორთა ყველა წევრს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დასასწრები მოსაწვევი გადაეცა.

ტურნირი ფიდეს წესდებით, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. მასში 21 ბიზნესორგანიზაციის 22 გუნდი მონაწილეობდა. ხარება 3 ათასი ლარით დაჯილდოვდა, ვიცე-ჩემპიონი კოკო მობაილი 2 ათასით, ლიბერთის კი ათასი ლარი გადაეცა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 25 ივნისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian