ხევსურეთი: დებიუტი შატილში

ხევსურეთში ჩემმა მეგობარმა, მარიმ დამპატიჟა.

ის საჯარო მოხელე გახლავთ და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება ისედაც არ აკლია, ამიტომ აქ მხოლოდ სახელით მოვიხსენიებ. ისე მიხაილოვნაა, ხოლო ძალიან ახლობლებისთვის, ვიწრო წრისთვის ანუ ჩემთვის, კიდევ ერთი მეტსახელით სარგებლობს, მაგრამ ეს ამბავიც საიდუმლოდ დავტოვოთ…

მოკლედ, მარის ცხრა ზღვისა და ცხრა მთის იქით გაბედნიერებული ბავშვობის მეგობარი ესტუმრა ევროკავშირელი ცოლ-ქმრის თანხლებით. ხევსურეთის მონახულების იდეაც ამიტომ გაჩნდა და მეც ასე მოვხვდი იმ 7-კაციან ჯგუფში.

მერე ყველაფერი ისე იყო, როგორც ხდება ხოლმე. არაფერი საინტერესო: ჯიპის დაქირავება, 2 დღეზე გათვალისწინებული საგზლის მომზადება და… დილით, 9 საათზე თბილისიდან გასულები, 2-3 შესვენებით, არასრულ 6 საათში უკვე შატილის წინ, დიდ მდელოზე ვემზადებოდით მწვადის ასაშიშხინებლად.

პირდაპირ ვიტყვი: შატილი ძალიან შთამბეჭდავია!

კაცმა რომ თქვას, იქამდე მისასვლელი ადგილებიც არანაკლებია – გადაუხვევ თუ არა ხევსურეთის არაგვის ხეობაში და მთებზე გაკვალულ გზას დაადგები, სხვაგან ხვდები, სულ სხვა, ყველა კუთხისგან განსხვავებულ საქართველოში.

შატილში პირველად მოვხვდი და იმას, რაც მანამდე მხოლოდ საქართველოზე გამოცემულ სქელტანიან ფერად ალბომებში მენახა (80-ების ბოლო რამდენიმე ასეთი წიგნი დაბადების დღეზეც მისახსოვრეს), უდიდესი ინტერესით ვათვალიერებდი.

ასეთი ძეგლი გქონდეს ქვეყანას და იქამდე მისასვლელ გზას საშველი ვერ დაადგა, მხოლოდ ჩვენნაირ საბედოვლათოში თუ შეუძლიათ…

იქ ყოფნაში რამდენიმე ჯიპი კი ამოვიდა, მაგრამ ყველა უცხოელებით იყო სავსე. ქართველი ტურისტები, ხევსურეთში 2-დღიანი ხეტიალის განმავლობაში, ნაღდად არ მინახავს. იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენები იქ არ ადიან, მაგრამ ათჯერ, ოცჯერ და ასჯერ მეტნი უნდა იყვნენ. მეც მას შემდეგ იქ არ ვყოფილვარ, არადა 2-დღიან გასეირნებას ზღაპარში, რატომ უნდა ვერიდებოდე? გარშემო რომ მოიკითხოთ, რამდენია ნამყოფი შატილში, ბარისახოში, მუცოში ან სულაც პირიქითა ხევსურეთში, დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტა გიპასუხებთ, რომ ეს საოცარი კუთხე უნახავს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შატილი, მუცო და ზოგადად, ხევსურეთი აუცილებლად უნდა ნახოს რაც შეიძლება ბევრმა, საამისოდ კი ტურიზმის მოყვარულებს გზა გვჭირდება. ნორმალური, კეთილმოწყობილი გზა, რომელიც მშვიდად მიგიყვანს ტაძრამდეც და ასეთ ულამაზეს ადგილებამდე…

მწვადი კი უგემრიელესი გამოდგა. არაყიც, ჩვენმა გამყოლმა რომ შემოგვთავაზა. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის აივანზე ძილი იყო – მეგობრები საოჯახო სასტუმროში დაბინავდნენ, აი, ზუსტად ამ ძველისძველ, ნაშალი ქვით ნაშენ სახლებში ფოტოებზე რომ ჩანს. მე კი, როგორც სიცივის შეფარვით ტრფიალმა, აივანზე, შეზლონგზე დაწოლა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცით ტკბობა ვამჯობინე.

ნაღდად არ წამიგია! თუ შატილში ახვალთ, თქვენც იგივეს გირჩევთ: მწვადი, არაყი და ღია ცის ქვეშ ძილი სუპერკომბინაციაა!

მეორე დღე კი მუცო ვნახეთ, მაგრამ იმ, არანაკლებ საოცარ ადგილზე, მეორე ალბომში იყოს.

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2013 წლის 7 სექტემბერი

 

ka_GEGeorgian