ხვიჩა დი მარია

კვარას ტალანტი, ოსიმენის ძალა, ზელინსკის სისწრაფე, ლობოტკას პროგრესი, პოლიტანოს გაელვება – ახალი ნაპოლის ნიჟარამ ამ ხუთი მარგალიტის წყალობით 15 აგვისტოს საღამოს დიდებულად შემოგვანათა…
ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ კვარაცხელიამ დაგვანახა, რომ მხოლოდ ფეხით კი არა, თავითაც ზღაპრულად თამაშობს – მშვენიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში…
ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო – ვერონის არენაზე აჟღერებული პირველი სიმფონია გულშიჩამწვდომი გამოდგა! პირველი თამაშის შემდეგ გული სხვანაირად ძგერს…

ეს სიტყვები ამ დილით ამოვიკითხე, ვერონა-ნაპოლის თამაშის რამდენიმე მიმოხილვაში.

ამ სერია ა-ს განსაკუთრებით ველოდი და მიხარია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ჩემს საყვარელ ჩემპიონატში ბრწყინვალე გამოდგა: ნაპოლიმ მეტოქის მოედანზე 5:2 გაიმარჯვა (ისტორიაში პირველად გაიტანა პირველ ტურში 5 გოლი), ქართული ფეხბურთის იმედმა კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და ყველაზე პოპულარული იტალიური გამოცემისგან, გაძეტა დელო სპორტისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა – 7. მასზე მეტად მიმომხილველებმა მხოლოდ სტანისლავ ლობოტკას ასპარეზობა მოიწონეს – 7,6. ხვიჩასგან განსხვავებით სლოვაკმა შეუცვლელად ითამაშა და ვინ იცის, სპალეტის ჩვენიანი ადრე რომ არ გაეყვანა, ეგებ კვარაცხელია საუკეთესოც ყოფილიყო.

თუმცა მთავარი მაინც თამაშია და ხვიჩას ფეხბურთი მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოდგა: ჩვეული ფინტები, სახიფათო დარტყმები და რაც მთავარია, ოქროს დუბლი – გოლს პლუს საგოლე გადაცემა!

დიდი იმედი მაქვს ხვიჩა ასე გააგრძელებს და მომდევნო ტურებშიც არანაკლებ კარგი თამაშით გაგვახარებს. მჯეროდა, რომ სერია ა მისთვის მშვენიერი ასპარეზი იყო და გუშინდელმა თამაშმა ამაში ნამდვილად დამარწმუნა. წარმატებები მას!

ნაპოლის თამაშის შემდეგ იყო კიდევ ერთი შეხვედრა, ჩემი ფავორიტი იუვენტუსისა და მასაც მოუთმენლად ველოდი, რადგან ბოლოს და ბოლოს შავ-თეთრი მაისურით ვნახე ანხელ დი მარია! ეს დიდებული არგენტინელი პეკინის ოლიმპიადიდან დამამახსოვრდა და მას შემდეგ ბენფიკაში, რეალში, მანჩესტერ იუნაიტედსა თუ პარი სენ-ჟერმენში, გამორჩეულად ვქომაგობდი. და ვნატრობდი ადრე თუ გვიან ის შავ-თეთრი მაისურით მეხილა.

34 წლისამ, როგორც იქნა, ტურინისკენ გამოიხედა და მისი ფეხბურთი წუხელ, სასუოლოს წინააღმდეგ, მშვენიერი იყო! ხვიჩას მსგავსად, მანაც გოლით და საგოლე პასით აღნიშნა კალჩოში დებიუტი, გაძეტა დელო სპორტმა კი ისიც 7-ით შეაფასა.

ბოლო ერთი საინტერესო ფაქტიც: 1971-72 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ იტალიის ჩემპიონატის სასტარტო ტურმა ფრეს გარეშე ჩაიარა! საერთო ჯამში კი ასეთი რამ სულ მეოთხედ მოხდა: პირველად 1933-34, მეორედ კი 1934-35 წლების სეზონში.

მეორე ტურში, 21 აგვისტოს, კვარაცხელიას ნაპოლი მონცას უმასპინძლებს, ერთი დღის შემდეგ კი იუვენტუსი გენუაში ითამაშებს, სამპდორიასთან.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 16 აგვისტო)
ფოტო:
sscnapoli.it

ka_GEGeorgian