ხვიჩა ევროპის ნაკრებში

დღეს World Soccer-ის იანვრის ნომერი მივიღე, რომელიც თითქმის მთლიანად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს ეძღვნება: ყველა თამაშის მიმოხილვა, ამომწურავი სტატისტიკა, სპეციალისტების წერილები, მშვენიერი ფოტოები, გარეკანზე ლეო მესი…
ბოლო გვერდს კი ESM-ის ევროპის ნაკრები ამშვენებს და თერთმეტ რჩეულ ფეხბურთელს შორის ხვიჩა კვარაცხელიაა!

მოდი ჯერ ESM-ზე დავწერ, თუ რა არის და რას წარმოადგენს, თორემ სიმბოლურ გუნდებს ახლა ლამის ყველა ადგენს და უმეტესობას, სიმართლე გითხრათ, ყურადღებასაც არ ვაქცევ. ნამეტანი ზედაპირულები არიან და ამიტომ.

ESM ევროპული სპორტული მედიის (European Sports Media) კავშირია, სადაც თორმეტი ავტორიტეტული გამოცემაა გაერთიანებული: ა ბოლა (პორტუგალია), ფანატიკი (თურქეთი), ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი (გერმანია), გაძეტა დელო სპორტი (იტალია), კიკერი (გერმანია), მარკა (ესპანეთი), ნემზეტი სპორტი (უნგრეთი), სპორტ/ვოეტბალი (ბელგია), დე ტელეგრააფი (ნიდერლანდები), ტიპს ბლადეტი (დანია), ელფ ვოეტბალი (ნიდერლანდები) და უორლდ სოკერი (ინგლისი).

ამ ჟურნალ-გაზეთების საფეხბურთო მიმომხილველები ყოველ თვე ადგენენ ევროპის სიმბოლურ გუნდებს და ის მოთამაშე, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს თავის პოზიციაზე, კონკრეტული თვის ევროპის სიმბოლურ ნაკრებშიც ხვდება. სეზონის მიწურულს, ყოველი თვის შედეგების დაჯამებით, ESM ევროპის სიმბოლურ გუნდს აქვეყნებს.

ESM-მა ევროპის პირველი ნაკრები ჯერ კიდევ 1995 წლის სექტემბერში დაასახელა. მის რჩეულ თერთმეტეულს მას შემდეგ თვალს ვადევნებ და ასი პროცენტით დარწმუნებული ვამბობ, რომ ESM-ის თვის სიმბოლურ გუნდში ხვიჩამდე მხოლოდ სამი ქართველი მოხვდა: გიორგი ქინქლაძე 1996 წლის თებერვალში, შოთა არველაძე 2005 წლის სექტემბერში და კახი კალაძე 2006 წლის მარტსა და აპრილში. ამ ოთხი თვის ნაკრებს, თვალსაჩინოებისთვის, ჩანახატის ბოლოს ჩამოვწერ, ახლა კი ხვიჩას წარმატებაზე.

World Soccer-ის 2023 წლის იანვრის ბოლო გვერდზე 2022 წლის ოქტომბრის საუკეთესო თერთმეტეულია გამოქვეყნებული. შემადგენლობისთვის თვალის ერთი გადავლებითაც მივხვდებით, რომ მართლა სუპერ გუნდია. მე კი ის მიხარია, რომ ამ ბიჭებს შორის ყველაზე მეტი ხმა – 9, ხვიჩამ მიიღო! ერლინგ ჰალანდზე ერთით მეტი, ლეო მესიზე და რობერტ ლევანდოვსკიზე ორით მეტი… დანარჩენებს თავადაც დაითვლით.

რაც შეეხება 2022-2023 წლების ნაკრებს: ოქტომბრის შედეგების გათვალისწინებით ხვიჩას თავდამსხმელებში 11 ქულა აქვს და მესისთან ერთად მესამე ადგილზეა. ფორვარდებს შორის მათზე წინ მხოლოდ ჰალანდი (31) და ლევანდოვსკი (17) დგანან. ძალიან შთამბეჭდავია და დიდი იმედი მაქვს, როცა მომდევნო სიმბოლური გუნდები გამოქვეყნდება, ჩვენი ბიჭის შედეგებიც გაიზრდება.

ახლა რაც შეეხება იმ თვეებს, სადაც გიო ქინქლაძე, შოთა არველაძე და კახი კალაძე მოხვდნენ:

1996, თებერვალი (4-4-2): ვიტორ ბაია (პორტუ; პორტუგალია); სერხი ბარხუანი (ბარსელონა; ესპანეთი), დენი ბლინდი (აიაქსი; ნიდერლანდები), ფილიპ ალბერი (ბელგია; ნიუკასლ იუნაიტედი), პაოლო მალდინი (მილანი; იტალია); ანდრეას მიოლერი (დორტმუნდის ბორუსია; გერმანია), გეორგე პოპესკუ (ბარსელონა; რუმინეთი), გიო ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი; საქართველო), ივან დე ლა პენია (ბარსელონა; ესპანეთი); ჟორჟ ვეა (მილანი; ლიბერია), გაბრიელ ბატისტუტა (ფიორენტინა; არგენტინა)

2005, სექტემბერი (3-4-3): პეტრ ჩეხი (ჩელსი; ჩეხეთი); ჯონ ტერი (ჩელსი, ინგლისი), კრისი (ლიონი; ბრაზილია), ჯანლუკა ძამბროტა (იუვენტუსი; იტალია); ფრენკ ლამპარდი (ჩელსი; ინგლისი), პატრიკ ვიეირა (იუვენტუსი; საფრანგეთი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი; ნიდერლანდები), ჟუნინიო პერნამბუკანო (ლიონი; ბრაზილია); რონალდინიო (ბარსელონა; ბრაზილია), ლუკა ტონი (ფიორენტინა; იტალია), შოთა არველაძე (ალკმაარის აზ; საქართველო)

2006, მარტი (4-4-3): იენს ლემანი (არსენალი; გერმანია); ემანუელ ებუე (არსენალი; კოტ დივუარი), კოლო ტურე (არსენალი; კოტ დივუარი), კრისი (ლიონი; ბრაზილია), კახი კალაძე (მილანი; საქართველო); ტიაგუ მენდეში (ლიონი; პორტუგალია), კაკა (მილანი; ბრაზილია), სესკ ფაბრეგასი (არსენალი; ესპანეთი); ანდრეი შევჩენკო (მილანი; უკრაინა), ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი), რონალდინიო (ბარსელონა; ბრაზილია)

2006, აპრილი (3-4-3): იენს ლემანი (არსენალი; გერმანია); კარლეს პუიოლი (ბარსელონა; ესპანეთი), კოლო ტურე (არსენალი; კოტ დივუარი), კრისი (ლიონი; ბრაზილია), კახი კალაძე (მილანი; საქართველო); ანდრეს ინიესტა (ბარსელონა; ესპანეთი), კაკა (მილანი; ბრაზილია), რონალდინიო (ბარსელონა; ბრაზილია); დავიდ ვილია (ვალენსია; ესპანეთი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი; ინგლისი), სამუელ ეტოო (ბარსელონა; კამერუნი)

და თითქმის ჩვიდმეტი წლის შემდეგ, ESM-ის ნაკრებში მეოთხე ქართველი მოხვდა, ნაპოლის სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, თან ყველაზე მეტი ხმით!

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-მა ამავე ნომერში ამომავალ ვარსკვლავთა შორის დაასახელა (წერილი ექვს გვერდზეა გაშლილი) და მსოფლიოს ჩემპიონთან, არგენტინელ ენცო ფერნანდესთან ერთად ყველაზე ვრცელი ჩანახატი მიუძღვნა. ჯეიმი ევანსის და ჯარედ ტინსლის წერილს ამ დღეებში ვთარგმნი.

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 27 იანვარი)
ფოტო:
sscnapoli.it

ka_GEGeorgian