ხვიჩა, ჯილდო და წიგნები

„ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ის მთელი ნაპოლის, ყველა თანაგუნდელის დამსახურებაა! ამ პრიზს მარტო ვერ მოვიგებდი, მადლობა ყველას! მომავალი? მე მიყვარს ნაპოლი“!

ეს სიტყვები ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ, იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში გენუის სამპდორიასთან თამაშამდე თქვა, როცა სეზონის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს. მასთან ერთად სერია ა-მ საუკეთესო მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, მცველი მინ ჯაე კიმი და თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დააჯილდოვა.

შემდეგ იყო 2:0 მოგებული მატჩი კარგა ხნის წინ დაქვეითებულ მეტოქესთან და ბოლოს საზეიმო დაჯილდოება – მედლები და ჩემპიონთათვის განკუთვნილი ოქროსფერი თასი, რომელიც მესამედ გამოიფინება ნეაპოლური კლუბის მუზეუმში.

2023 წლის 4 ივნისს ოფიციალურად დასრულდა იტალიის 121-ე ჩემპიონატი. ის უამრავი მომენტი და წამიც, 2022 წლის 15 აგვისტოს შემდეგ უდიდესი სიხარული და კმაყოფილება რომ მოგვანიჭა ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრებს, განვლილი სეზონის კუთვნილებად იქცა.

ქართველმა ვარსკვლავმა კალჩოში დებიუტი 42 ოფიციალური მატჩით, 14 გოლით და 14 საგოლე გადაცემით დაასრულა. აქედან 33 თამაში, 12 ზუსტი დარტყმა და 10 პასი სერია ა-ს ეგიდითაა. ამ ბოლო კომპონენტში ის ჩემპიონატში პირველი იყო!

ეს ყველაფერი სტატისტიკაა, რომელსაც არაერთხელ გავიხსენებთ ხვიჩას თამაშის შესაფასებლად თუ უბრალოდ, კამათის დროს. ოცდაორი წლის დებიუტანტისთვის, თქმა არ უნდა, დიდებული რიცხვებია, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის აღიარება მგონია, რაც ხვიჩამ ისეთი ამბებით დაიმსახურა, რომელსაც არ ითვლიან და იმედია, დაწვრილებით არასდროს აღნუსხავენ: თვალისმომჭრელი გარღვევებით, ლამაზი ფინტებით, ერთმანეთის მიყოლებით მოტყუებული მეტოქეებით, გამჭოლი პასებით, გუნდის თამაშზე გავლენით…

ზემოთქმულის დასტურია ეს ორი წიგნიც, რომელიც სპეციალურად ხვიჩას გამო იტალიაში ჩასულმა შევიძინე სალერნოსა და ნეაპოლში. უფრო სწორად, ერთი ჟურნალ-გაზეთების სალერნოელმა გამყიდველმა მისახსოვრა, როცა გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი, მეორე კი ნეაპოლში ვიყიდე.

ხვიჩას იტალიური დებიუტიდან ჯერ წელიწადიც არ გასულა, ის კი უკვე ორი წიგნის ყდაზეა! ეს შთამბეჭდავი სტატისტიკის დამსახურებაცაა, მაგრამ არა მხოლოდ.

ჯამპაოლო მატერაცოს და დარიო სარნატოროს ავტორობით გამოცემული „დიდი ნაპოლის ჩემპიონები“ მაისის დასაწყისში დაისტამბა. დიეგო მარადონა, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია – ეს სამი ფეხბურთელია გარეკანზე!

ოთხასგვერდიანი კრებულის პირველი ნაწილი ამ ნაპოლის მოთამაშეებს ეძღვნებათ, იტალიის ჩემპიონებს (ხვიჩას ექვსი გვერდი ეთმობა), დანარჩენი წერილები კი იმ ლეგენდარულ ფეხბურთელებზეა, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს კლუბის ისტორიაში: დიეგო არმანდო მარადონა, ჟოზე ალტაფინი, დინო ძოფი, რუუდ კროლი, ჩირო ფერარა, ანტონიო კარეკა, ჯანფრანკო ძოლა, ფაბიო კანავარო, მარეკ ჰამშიკი, გონსალო იგუაინი…

რაც შეეხება გაზეთ ლა რეპუბლიკას ჟურნალისტების წერილების კრებულს „ესეც მესამე – ნაპოლის ყველაზე ლამაზი სკუდეტო“, მის ყდაზე ესპანური კვარტლის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე გადაღებული ფოტოა. ნეაპოლში სეირნობის დროს ამ ქუჩაზე მეც მოვხვდი… „ხვიჩა კვარაცხელია: თავხედური დრიბლინგები“ – ასე დაასათაურა პასკუალე ტინამ ჩვენ ბიჭზე დაწერილი ჩანახატი.

კორიერე დელო სპორტის სამნაწილიან გამოცემაზე კი რამდენიმე დღეში დავწერ. ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მეორე ჟურნალის პირველ გვერდს ხვიჩას და მარადონას ფოტო ამშვენებს.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 5 ივნისი

ka_GEGeorgian