ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის გამანადგურებელი იარაღია

„ეს არის თამაში, რომლის ნახვაც ყველას გვსურს, ესაა უძლიერესების, ყველაზე მამაცების დაპირისპირება“, – ასე აფასებს მილანი-ნაპოლის დღევანდელ ჯახს კალჩოს და შავ-წითლების ლეგენდარული მცველი ალესანდრო კოსტაკურტა და იქვე დასძენს, რომ ეს ნაპოლი დიდებული და შთამბეჭდავია, მანჩესტერ სიტისთან ერთად კი დღეს ევროპის საუკეთესო კლუბად მიაჩნია.

სერია ა-ს ლიდერი ნაპოლი და მესამე ადგილზე მყოფი მილანი დღეს, საქართველოს დროით 22:45 საათზე ითამაშებენ ჯუზეპე მეაცას სახელობის სარბიელზე. ექვსი ტურის შემდეგ მათ 14-14 ქულა აქვთ, ნეაპოლელები მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით ლიდერობენ სერია ა-ს.

გაძეტა დელო სპორტთან საუბარში კოსტაკურტა კვარაცხელიას შესახებ ამბობს: „21 წლის ბიჭის კვალობაზე, რომელიც ახლა შეუერთდა სერია ა-ს, ხვიჩა ძალიან თავდაჯერებული და ძლიერია. ის შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს, უკვე არაერთხელ ვნახეთ, რომ რამდენჯერმე გადამწყვეტი როლიც ითამაშა. პირადად მე ძალიან მაინტერესებს მისი და კალაბრიას პაექრობა, რადგან დავიდე მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიმაჩნია“.

კითხვაზე, გადაწყვეტს თუ არა მატჩის ბედს ფლანგელების თამაში – ხვიჩა ნეაპოლელთა მარცხენა ფრთაზე და თეო ერნანდესი მილანში, კოსტაკურტა პასუხობს: „კვარა და თეო თავიანთი კლუბების გამანადგურებელი იარაღია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რასპადორი და დე კეტელაერი. შესაძლოა, ამ უკანასკნელმა კვარაცხელიასავით შთამბეჭდავად ვერ დაიწყო, მაგრამ ბევრი მილანელი მახსოვს, რომლებსაც ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ, ამიტომ, ნუ ვიჩქარებთ“.

ალესანდრო კოსტაკურტა ოცი სეზონის განმავლობაში თამაშობდა მილანში, 1987 წლიდან 2007 წლის ჩათვლით. შავ-წითელი მაისურით მოგებული ტიტულებით (24) კოსტაკურტა მხოლოდ პაოლო მალდინის (26) ჩამორჩება, 663 ოფიციალური თამაშით კი მილანის ისტორიაში მესამეა მალდინის (902) და ფრანკო ბარეზის (719) შემდეგ.

80-90-იანი წლების შესაყარზე კოსტაკურტა მალდინის, ბარეზის და მაურო ტასოტის მხარდამხარ იმ ოთხეულის წევრი იყო, რომელიც ისტორიაში ყველა დროის უდიდეს დაცვის ხაზად ითვლება.

2007 წლის 19 მაისს, უკანასკნელ მატჩში, 41 წლის და 25 დღის ალესანდრო კოსტაკურტამ უდინეზეს პენალტი გაუტანა და მას შემდეგ სერია ა-ს ყველაზე ასაკოვანი მეგოლეა.

* * *
მე როგორც ვატყობ, კიდევ დიდხანს იკამათებენ ხვიჩაზე: არიქა, ბიჭს ქებამ არ აწყინოს, არ დავღუპოთო. მაგრამ ეს ფეისბუქხმალაობები არ მაინტერესებს და ყოველთვის დავწერ მათზე, ვინც გულს მიხარებს.

ხვიჩა კვარაცხელია კი თვეზე მეტია ჩემი მთავარი საფეხბურთო სიხარულია და უკეთესად დილა როგორ დავიწყო?

დღეს საღამოს მილანი-ნაპოლია, სერია ა-ს VII ტურის მთავარი დაპირისპირება და ორი მთავარი იტალიური სპორტული გაზეთის პირველ გვერდს ხვიჩას ფოტო ამშვენებს.

გაძეტა დელო სპორტი სან სიროზე დანიშნულ პაექრობას ყველაზე შემტევი გუნდების ჭიდილს უწოდებს, პიოლი-სპალეტის დაპირისპირებად აანონსებს და ამბობს, რომ თეოს (ერნანდესის) და კვარას დუელი მთავარი სანახაობა იქნება. ნიშანდობლივია ისიც, რომ გაძეტა ორივე კლუბს სატრანსფერო ბაზრის ჩემპიონებად მოიხსენიებს.

რაც შეეხება კორიერე დელო სპორტს, ხვიჩა, წესით არ უნდა მეშლებოდეს, განვლილ ერთ თვეში უკვე მეოთხედაა ამ გამოცემის პირველ გვერდზე!

ფორცა ნაპოლი! ფორცა ხვიჩა!

ეროვნულ ნაკრებში გამარჯვებული ბიჭები გვჭირდება!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 18 სექტემბერი)
ფოტო:
Gazzetta dello Sport

ka_GEGeorgian