ხვიჩას ექვსიანი

ასეთი მატჩების ბედს ერთი ზუსტი დარტყმა წყვეტს და გული მწყდება, რომ საუკეთესო შანსი ჩვენ გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, – განაცხადა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ფლორენციაში, ფიორენტინასთან უგოლოდ დასრულებული თამაშის შემდეგ.
იტალიელმა სპეციალისტმა საუკეთესო შანსში ირვინგ ლოსანოს თავური დარტყმა იგულისხმა, რომლის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს. ფიორენტინის მეკარეს პიერლუიჯი გოლინის იმ მომენტში უბრალოდ გაუმართლა.

ნეაპოლელთა მექსიკელ შემტევს უფრო ზუსტად რომ ეთამაშა, ხვიჩა კვარაცხელია საგოლე გადაცემას ჩაიწერდა აქტივში.

სპალეტის გუნდის ქართველი ახალწვეულისთვის ფლორენციული თამაში რთული გამოდგა, მარჯვენა მცველი დოდო მჭიდროდ მეურვეობდა, თუმცა ერთ ეპიზოდში ხვიჩამ ბრაზილიელს აჯობა, ჩინებულად ჩააწოდა საჯარიმოში, მაგრამ ლოსანომ ვერ ივარგა.

სპალეტიმ ხვიჩა 61-ე წუთზე გაიყვანა მინდვრიდან, გაძეტა დელო სპორტმა კი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის თამაში 6 ქულით შეაფასა. ამ გამოცემამ კვარაცხელიაზე მეტად ნაპოლიში მხოლოდ კორეელი მცველი მინ-იაე კიმი (7) და კამერუნელი ანდრე-ფრენკ ზამბო ანგისა (6,5) მოიწონა.

ზეგ, 31 აგვისტოს, ნაპოლი სერია ა-ს მეოთხე ტურში ლეჩეს უმასპინძლებს. სტუმრები სამ ტურში მოპოვებული ერთადერთი ქულით მე-15 ადგილზე არიან. ნაპოლი კი შვიდი ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს მილანს, ლაციოს, ტორინოს და რომას.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 29 აგვისტო)
ფოტო:
sscnapoli.it

ka_GEGeorgian