ხვიჩას სერია ა!

„ხვიჩა თავმდაბალია, მაგრამ როგორც კი მოედანზე შედის, სათანადოდ თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ადრეც გითხარით და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ – მას გაცილებით მეტი შეუძლია, ის კიდევ მოუმატებს“! – ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუშინ, ლაციოსთან მოგებული თამაშის შემდეგ კიდევ ერთხელ შეაქო ქართველი ახალწვეული.

და შეაქო სამართლიანად, რადგან რომში, ოლიმპიკოზე, ხვიჩა არამხოლოდ ნაპოლის, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო! გამარჯვების გოლი ხომ შეაგდო, თან ეფექტურად, მანამდე კი ჩვეულად სახიფათოდ ითამაშა და ცოტა რომ გამართლებოდა, ამ ლეგენდარულ სარბიელს დუბლით, საუკეთესო შემთხვევაში კი ჰეთ-თრიქით დატოვებდა: მისი დარტყმის შემდეგ ჯერ ძელმა აისხლიტა ბურთი, ერთხელაც ახლო მანძილიდან გადააცილა კარს.

სპალეტიმ კვლავ შეცვალა ქართველი, ამჯერად 68-ე წუთზე, თუმცა ეს დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ გაძეტა დელო სპორტს ხვიჩასთვის ყველაზე მაღალი, 7 ქულა დაეწერა. გუშინდელი შეხვედრის მონაწილეთაგან ხვიჩა ერთადერთი გამოდგა, რომელმაც 7 ქულა მიიღო.

4 გოლი და შედეგიანი გადაცემა – ასეთია ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა სერია ა-ს ხუთ ტურში. ამაზე უკეთეს დასაწყისს მისი გულშემატკივრები ვერც ვინატრებდით, ხოლო ის, რომ ჩვენი ბიჭი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა ლიდერია, საერთოდ ზღაპარია!

ბრწყინვალედ დაწყებული სერია ა-ს შემდეგ სამშაბათს ხვიჩას პირველი საერთაშორისო გამოცდა ელის: დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სარბიელს 7 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლივერპული ესტუმრება. ეს უკვე სხვა სიმაღლეა და მინდა, რომ ნაპოლის 77-ე ნომერმა კლოპის ბიჭებთანაც გაგვახაროს ჩვეული თამაშით.

ამიტომაც: ფორცა ხვიჩა!

P.S. ბოლო ორი სეზონის სერია ა საუკეთესო იყო ელიტარულ ლიგებში და მგონი, 2022-23 წლების გათამაშებაც არანაკლები იქნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ლაციო-ნაპოლის დიდებული დერბი დე ლა მადონინა უსწრებდა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 4 სექტემბერი)
ფოტო:
sscnapoli.it; Corriere dello Sport

ka_GEGeorgian