კიპტუმმა კიპჩოგეს აჯობა
23 წლის კენიელ კელვინ კიპტუმს სულ რაღაც 35 წამი დააკლდა მარათონის ორ საათზე ნაკლებ დროში დასაფარად: 2 საათი და 35 წამი, ასეთია მსოფლიოს ახალი რეკორდი და ის გუშინ დაფიქსირდა ჩიკაგოში.
მართლა საოცარი შედეგია! ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კიპტუმმა წინა მსოფლიო რეკორდს ერთი ან ორი წამი კი არა, ერთბაშად 34 წამი ჩამოაკლო, თამამად შეგვიძია ვთქვათ, მისი გუშინდელი გარბენი მძლეოსნობაში წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. რაც შეეხება წინა მსოფლიო რეკორდს, ის რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს ოლიმპიადების ჩემპიონს, კიპტუმის თანამემამულე ელიუდ კიპჩოგეს ეკუთვნოდა – 2:01:09 საათი.
კიპტუმისთვის ეს მესამე ტრიუმფია მარათონზე, შარშანდელი ვალენსიის და წლევანდელი ლონდონის შემდეგ. არანაკლებ საინტერესოა, რომ ის ერთი წელიც არაა, რაც მარათონს დარბის – პირველად სტარტზე შარშან, 4 დეკემბერს, დადგა ვალენსიაში.
თუ ფორმა არ დაკარგა, კენიელი პარიზის საგაისო ოლიმპიადის მთავარი ფავორიტი იქნება. ვაჟთა მარათონი პარიზში 10 აგვისტოსაა დანიშნული.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 9 ოქტომბერი
ფოტო: Chicago Marathon