კირსან ილუმჟინოვი თანამდებობიდან გადაყენებულია

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის – ფიდე – პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი თანამდებობიდან გადაყენებულია. ეს ცნობა ფიდეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისიამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

ილუმჟინოვი 2018 წლის 13 ივლისიდან 2019 წლის 12 იანვრის ჩათვლითაა დასჯილი. თუ მომდევნო 2 წლის განმავლობაში მან კვლავ ჩაიდინა ფიდეს რეპუტაციის და ინტერესების შემლახველი ქმედება, ხელახალი სასჯელი ერთწლიანი იქნება.

ფიდეს ეთიკის კომისიამ დაადგინა, რომ კირსან ილუმჟინოვმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა, 2017 წლის მარტიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით არაერთხელ ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედება და საკუთარი ინტერესები ორგანიზაციის ინტერესებზე მაღლა დააყენა.

ამასთანავე, ის მოქმედებდა ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ, ცდილობდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის უფლება-მოვალეობის შეთავსებას, ახდენდა საპრეზიდენტო საბჭოს წევრთა დისკრედიტაციას, ავრცელებდა ცრუ და პროვოკაციულ განცხადებებს და ფიდეს საბანკო ანგარიშების დახურვის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას უარობდა.

ფიდეს ეთიკის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კირსან ილუმჟინოვმა სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა ორგანიზაციას და შელახა მისი რეპუტაცია.

კირსან ილუმჟინოვის ქმედებათა განხილვა-შესწავლა ფიდეს ეთიკის კომისიას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გეორგიოს მაკროპულოსმა ოფიციალურად სთხოვა. ეთიკის კომისიის ხელმძღვანელის ფრანსუა სტრიდომის გადაწყვეტილებით, საქმის მასალები შესწავლის პროცესში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.

ფიდეს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას უმალ გამოეხმაურა კირსან ილუმჟინოვი, რომელმაც ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და მაკროპულოსი ამ გზით ცდილობს პრეზიდენტის თანამდებობისკენ გზის გაკვლევას.

შეგახსენებთ: ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნები 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას, 3 ოქტომბერს გაიმართება ბათუმში. კანდიდატი სამია: ფიდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი (საბერძნეთი), არკადი დვორკოვიჩი (რუსეთი) და ნაიჯელ შორტი (დიდი ბრიტანეთი).

კირსან ილუმჟინოვი 1995 წლიდან უცვლელად ხელმძღვანელობდა ფიდეს. მას პრობლემები 2015 წლიდან შეექმნა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. პრეზიდენტის ამ სიტუაციაში აღმოჩენის გამო ბანკმა UBS-მა ფიდეს ანგარიშები დახურა, კიდევ ოთხმა ბანკმა კი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მომსახურება იუარა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 13 ივლისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian