კლასიკა – ბრაზილია 4:1 იტალია
საქართველო–თურქეთის საკალათბურთო თამაშის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყო. პირველმა შეხვედრამ, სამეზობლოში რომ გაიმართა, დიდად ვერ მიმიზიდა და მეც იმ ხერხს მივმართე, არაერთხელ რომ მიშველა პანდემიის პერიოდში: მსოფლიო ჩემპიონატების კლასიკური თამაშებიდან ერთ–ერთს ჩავუჯექი.
დაილოცოს ფიფა! დიდებული საფეხბურთო ჩანაწერები რომ გამოფინა, ფიფამ ნამეტნავად მოიგო ჩემი გული! რაც შეეხება გუშინდელ არჩევანს, საღამოს გემრიელად გასატარებლად მექსიკა 1970-ის ფინალი შევარჩიე: ბრაზილია 4:1 იტალია.
ეს იყო პელეს უკანასკნელი თამაში მსოფლიო ჩემპიონატებზე და მატჩი, რომლის მოგებით ბრაზილიამ მესამედ და სამუდამოდ მოიპოვა ნიკეს ოქროს ქანდაკება.
იმ ბრაზილიას არაერთი პატივცემული მიმომხილველი ყველა დროის ნომერ პირველ გუნდად ასახელებს 50-იანი წლების დასაწყისის უნგრეთთან ერთად. ამ ორი ნაკრების შედარებაზე რამდენიმე საინტერესო წერილიც წამიკითხავს, მაგრამ ეს სხვა საქმეა და ახლა მხოლოდ ამას ვიტყვი: მაშინდელ ფეხბურთში ამ ბრაზილიის მომგები, მგონი, მართლა არ არსებობდა!
იმიტომ, რომ ამ გუნდს მეფე ხომ ჰყავდა, მაგრამ იმ ყვითელი მაისურით კიდევ რამდენიმე ჯადოქარი თამაშობდა, მაგალითად ჟერსონი და რიველინო. ჟაირზინიოზე, კარლოს ალბერტოზე, ტოსტაოზე და კლოდოალდუზე კი რა უნდა ვთქვა? ნებისმიერ ჩემპიონ გუნდს დაამშვენებდნენ!
ამ ბრაზილიაზე საბოლოო აზრი მაშინ შემექმნება, მექსიკაში მოგებულ ყველა მატჩს რომ ვნახავ. თუმცა ის აზრი ზემოთქმულისგან განსხვავებული რომ არ იქნება, ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. აუცილებლად მოვიცლი სხვა თამაშების სანახავადაც, ხოლო რაც იტალიასთან ფინალში დავინახე, აგერ ჩამოვწერე მოკლედ:
1: იტალიამ ურთულესი ნახევარფინალი მოუგო გერმანიას და იმ ორსაათიანმა ჯახმა ფინალის მე-60 წუთიდან იჩინა თავი: ბრაზილიის უპირატესობა აშკარა გახდა. საათის გასვლის შემდეგ იტალიელები ფეხზე ძლივს იდგნენ, ლამის ყოველი ორთაბრძოლის შემდეგ მინდორზე ეცემოდნენ, პელეს, ჟაირზინიოს, ჟერსონს და რიველინოს კი უხეშობის გარეშე უბრალოდ ვეღარ აჩერებდნენ.
მხოლოდ მაცოლა და ეპიზოდებში ფაკეტი იბრძოდნენ ბოლომდე, ახლანდელი წესებით იტალია იმ ფინალს სრული შემადგენლობით ვერ დაასრულებდა – მინიმუმ ორ წითელ ბარათს მიიღებდა, მათ შორის 89-ე წუთზე, 4:1-ზე: რიველინო კიდევ ერთხელ შევარდა საჯარიმოში და ჩემი აზრით წესის დარღვევით შეაჩერეს.
2: ფინალის პირველ საათში სელესაო თავდაჯერებული იყო, მაგრამ ის სილაღე, თავისუფლება და სიმსუბუქე, რის გამოც აღმერთებენ ქომაგები ამ გუნდს, ჩემი აზრით მათ თამაშში 2:1-დან შემოვიდა.
ჟერსონის იმ ყუმბარისებური გასროლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ იტალია ანგარიშის გამთანაბრებელი ვეღარ იყო, ეს ბრაზილიელებმაც მშვენივრად იგრძნეს და ბოლომდე გაშალეს აფრები.
თუ მანამდე ჟერსონი იწყებდა თითქმის ყველა შეტევას, 2:1-ის მერე ინიციატივის გამოჩენას არავინ უფრთხის – ყველა თამამად მიდის წინ, მეტოქის მოტყუებასაც არავინ ერიდება… თვით ევერალდოც!
3: ბრაზილიის მთავარი ძალა, პელესთან ერთად, ჟერსონი, რიველინო და კარლოს ალბერტო მგონია. რა თქმა უნდა ჟაირზინიომაც დიდი როლი ითამაშა ტრიუმფში, ბოლოს და ბოლოს ყველა შეხვედრაში გაიტანა გოლი, მაგრამ 1970 წლის 21 ივნისს, აცტეკაზე, ის ხსენებულ ოთხეულთან შედარებით ნაკლებად ეფექტური მეჩვენა.
პელეზე ახალი რა უნდა ვთქვა, აი რაც შეეხება ჟერსონს, სანპაულუელი ბურთის მთავარი გამნაწილებელი გახლდათ, როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლმე – დირიჟორი.
კორინთიანსელი რიველინო მცველების ჯალათი იყო, კარლოს ალბერტო კი, რომ მიგეშვა, მთელ ფლანგს გააკონტროლებდა, თუმცა ამის აუცილებლობა არ იყო და ისიც იშვიათად ერთვებოდა შეტევებში.
4: ბრაზილიის ნაკრების აბსოლუტურად ყველა სტანდარტულ მდგომარეობას პელე-ჟერსონი-რიველინოს სამეული ასრულებდა, ბურთთან მხოლოდ ისინი იდგნენ. მათგან ყველაზე ზუსტი, ჩემი დაკვირვებით, რიველინო იყო, ერთხელ ხარიხასაც მოარტყა ბურთი. აი პელეს შესრულებული საჯარიმო დარტყმები კი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა.
5: მაგრამ მეფე მეფეა! პელემ, ჯერ ერთი რომ ფინალში ანგარიში გახსნა, მეორეც – ორი საგოლე გადაცემა მიითვალა: 71-ე წუთზე ჟაირზინიოს თავით დაუგდო ბურთი და ამ უკანასკნელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, 86-ე წუთზე კარლოს ალბერტოზე გაცემული პასი კი, პირადად ჩემთვის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა!
სანტოსელს არც გაუხედავს ფლანგზე, ისე დაუგორა კაპიტანს ბურთი. თან ზედმიწევნით ზუსტად და იდეალური სიჩქარით. სხვათა შორის, იმ მომენტში პელეს წინ მდგარი ტოსტაო ხელით ანიშნებს შეტევის გაგრძელების მიმართულებას და, შესაძლოა, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუც უბრალოდ ენდო თანაგუნდელს. ტოსტაოს ნიშანი გამეორებაზე შევნიშნე…
6: დღეს იშვიათად იხსენებენ, მაგრამ ფეხბურთის ჭეშმარიტმა მოყვარულებმა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეოთხე საგოლე შეტევაში მეკარე ფელიქსის, ევერალდოს და პიაცას გარდა ყველა ბრაზილიელმა მიიღო მონაწილეობა:
ტოსტაომ თავის ნახევარზე, ფლანგზე ჩაშალა იტალიის შეტევა და ბურთი ბრიტუს დაუგორა. მან კლოდოალდუ მოძებნა, რომელმაც პელეს, მეფემ კი ჟერსონს გაუთამაშა. ამ უკანასკნელისგან ბურთი ისევ კლოდოალდუს მისდის, რომელიც ჯერ ჯანი რივერას ატყუებს, რამდენიმე წამის ინტერვალით კი, ხანმოკლე ცეკვით (ნახეთ და დამერწმუნებით, რომ იმ ფინტს ცრუმოძრაობაზე უფრო ცეკვა ეთქმის) თავბრუს ახვევს ანჯელო დომენგინის, ჯანკარლო დე სისტის და ანტონიო ჯულიანოს, რის შემდეგაც ბურთს აუტის ხაზთან მყოფ რიველინოს აწვდის.
ის, თავის მხრივ, გრძელი პასით შეტევაში რთავს ჟაირზინიოს, რომელიც უახლოვდება თუ არა იტალიელთა საჯარიმოს, ბურთს პელეს უგორებს. მერე რაც მოხდა, ვიცით – 4:1.
7: ბრაზილიის ამ ნაკრებზე ბრაიან გლენვილის, კირ რედნიჯის და კიდევ რამდენიმე ინგლისელი ჟურნალისტის ჩანახატი წავიკითხე. ყველა მათგანი მხოლოდ აღმატებულად წერს ამ საოცარ გუნდზე და სიტყვაც რომ არაა გადამეტებული, ეს სტატისტიკითაც მტკიცდება: შესარჩევი ეტაპის ჩათვლით ბრაზილიამ ყველა, თორმეტივე თამაში მოიგო და 42(!) გოლი გაიტანა! შედეგი ხომ საოცარია, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავია ის ფეხბურთი, რაც ამ თორმეტმატჩიანი ოქროს სერიის გვირგვინი იყო!
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 18 აგვისტო)
ფოტო: FIFA.com