კლასიკა – იტალია 3:2 ბრაზილია

სხვების რა გითხრათ და პირადად მე ფეისბუქი ძალიან ბევრ საქმეში წამადგა. ახლა ამ სოციალური ქსელის პლუსებსა და მინუსებზე საუბარს არ დავიწყებ, მხოლოდ იმას დავწერ რომ დღეს კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება შემახსენა:
შარშან, ზუსტად ამ დღეს – 18 მარტს, საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ნამეტანი მძიმე სიტუაცია იყო ამ კოვიდ 19ის გამო. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა ჯანდაბა იყო ეს დაავადება და მთავრობის ლოგიკური გადაწყვეტილებით, საყოველთაო უსაფრთხოების პირობებში ვცხოვრობდით – კარჩაკეტილები და შეზღუდულები.
ჰოდა იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, კარგი ბევრი არაფერი მაგონდება. ის კი ნათლად მახსოვს, რომ დაძაბულობისგან რომ არ გავგიჟებულიყავი, 40-50-60იანი წლების ფილმებს ვუყურებდი, ჩემი ფავორიტი ჯეიმს ბონდის სერიებით ვერთობოდი და დროგამოშვებით კლასიკური საფეხბურთო მატჩების ჩანაწერებითაც ვტკბებოდი. გაიხაროს ფიფამ!

ერთი წლის წინ ესპანეთი 82ის მშვენებას, იტალია-ბრაზილიის ლეგენდარულ თამაშს ჩავუჯექი და ნააზრევი ფეისბუქზეც გამოვფინე. მერე რაც მოხდა, ძალიან მესიამოვნა და გამეხარდა – ბევრმა მეგობარმა დაწერა თავის აზრი და ყველამ ერთად მცირე ხნით მაინც დავივიწყეთ კოვიდ 19.
დღეს დილით ფეისბუქმა ეს ამბავი გამახსენა და მეც ამიტომ გადავწყვიტე იმ პოსტის კიდევ ერთხელ გაზიარება. თამაშის მაშინდელი ჩემეული მიმოხილვა კი აგერაა:

საყოველთაო თვითიზოლაციის და შეწყვეტილი ფეხბურთის ჟამს ფიფას კლასიკებს ჩავუჯექი.

ცხელი ყავის, შოკოლადის და მზესუმზირის თანხლებით ამ რამდენიმე წუთის წინ ეს დიდებული თამაში გავიხსენე: 1982 წლის მსოფლიოს მეორე ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩი – იტალია 3:2 ბრაზილია.

წლების წინ ენტევე ფუტბოლზე ვნახე, თუმცა ახლაც ფრიად ვისიამოვნე და ჩემს მოკრძალებულ აზრსაც შემოგთავაზებთ:

1: ვიცი, რომ ამ თამაშამდე ბრაზილიამ გაცილებით შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა, ვიდრე იტალიამ, მაგრამ კონკრეტულად ამ 90 წუთით მხოლოდ იტალია იმსახურებდა მოგებას და შესაბამისად, ნახევარფინალში გასვლას.
სამჯერ რომ დაწინაურდები ბრაზილიასთან, რიმელსაც ფრეც კი აწყობს, მგონი რაღაცას ნიშნავს. თან, თამაშსაც ხომ გააჩნია – თუ ჯობნაზეა საქმე, ბრაზილია არაფრით ჯობდა ამ იტალიას.

2: 1:0ის, 2:1ის და 3:2ის მერეც იტალია მშვენივრად უტევდა და ძალიან გთხოვთ ანტიიტალისტები ნუ გაიზიარებთ რამდენიმე მწერლის და მიმომხილველის აზრს, თითქოსდა იტალია მხოლოდ კატენაჩოა და შეტევა ამათი საქმე არაა. თუ არ გჯერათ, იხილეთ ეს მატჩი.

3: თუ ვინმე იყო კარგი ბრაზილიიდან, მხოლოდ სოკრატესი. ზიკოს ორი პასის მეტი (პირველი სოკრატესის გოლზე) არაფერი გაუკეთებია და ეს, გარკვეულწილად, მისი პერსონალური მეურვის კლაუდიო ჯენტილეს დამსახურებაა. ისე, ზიკოს ფალკაოც სჯობდა და ედერიც.

4: ბავშვობიდან მესმოდა, რომ ჯენტილე კასტალომი იყო. ნუ, ამის დამადასტურებელი არც აქამდე მინახავს რამე და არც ამ თამაშში ტოვებს კაციჭამიას შთაბეჭდილებას. კი, სხვების ფონზე უხეშია, მაგრამ სერხიო რამოსთან და პეპესთან შედარებით მფარველი ანგელოზია.

5: დინო ძოფის რეაქცია ბოლო წამებზე, თავურის მოგერიებისას!!!
სადაც გორდონ ბენქსის მიერ 1970 წელს პელეს თავურის უკუგდებას საოცრებას უწოდებენ, იქ 40 წლის იტალიელის ეს მომენტიც იმსახურებს მინიმუმ ხსენებას.

6: ორი თვით ადრე ციხიდან გამოსული ფეხბურთელი რო ბურთს თავზე დაახევს მთელ დაცვას, რაღაც ვერაა წესრიგში. ჰეთ თრიქი კი არა, პაოლო როსის პოკერი უნდა დაედო – 2:1ზე ცოტა ყურადღებით რომ ეთამაშა.

7: ამ ბრაზილიის მთავარი მინუსი ცენტრფორვარდი სერჟინიოა.

და ბოლოს:

1: ფორცა იტალია!

2: ყველაფერი კარგად იქნება 🙂

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 18 მარტი)
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian