კლასიკა ლონდონში: ჯოკოვიჩი vs ფედერერი – 10 საინტერესო ფაქტი
დღეს საღამოს ლონდონში დიდი საჩოგბურთო მატჩია: ნოვაკ ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ.
O2 არენაზე ყველა დროის უდიდესი მოთამაშეების კლასიკური დაპირისპირების 49-ე თავი დაიწერება. 2019 წლის ბოლო ტურნირს 32 წლის სერბი სუპერვარსკვლავი ATP-ის რეიტინგის II საფეხურზე ხვდება. 38 წლის ლეგენდარული შვეიცარიელიც იქვეა – მესამეა.
ეს ჯოკოვიჩისა და ფედერერის პირველი პაექრობაა ივლისში, უიმბლდონის ზღაპრული ფინალის შემდეგ. ერთ-ერთი პრესტიჟული საჩოგბურთო შეჯიბრის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გადამწყვეტი მატჩი, გემახსოვრებათ, ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.
ჩოგბურთის ისტორიას რამდენიმე კლასიკური პაექრობა ახსოვს და ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის დაპირისპირება სწორედ ასეთია. აჭარასპორტი ამ პაექრობის 10 გამორჩეულ ფაქტს შეგახსენებთ:
*-როჯერ ფედერერმა 6-ჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი, რაც რეკორდია. ნოვაკ ჯოკოვიჩმა 5-ჯერ აღმართა თასი და მეორეა ჩეხოსლოვაკიელ-ამერიკელ ივან ლენდლთან ერთად. შვეიცარიელმა კიდევ 4-ჯერ ითამაშა ფინალში, სერბმა კი 3-ჯერ. *-ფედერერი მეცხრამეტედ თამაშობს ამ ტურნირზე, რაც ასევე რეკორდია. ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელზე მეთორმეტედ მონაწილეობს.
*-ფედერერს ATP-ის ფინალის კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: ყველაზე მეტი მოგებული მატჩი – 58. ჯოკოვიჩმა 36-ჯერ გაიმარჯვა და სადღეისოდ მესამეა ბორის ბეკერთან ერთად. მეორე ლენდლია.
*-მეტოქეთა შორის აქამდე გამართული 48 მატჩიდან ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო 26, როჯერ ფედერერმა – 22. 2010 წლამდე შვეიცარიელი უფრო ძლიერი იყო – 13:6, მას შემდეგ კი სერბი თამაშობს უკეთ – 20:9.
*-მეტოქეებმა 16-ჯერ ითამაშეს დიდი სლემის ტურნირებზე, რაც ტურის რეკორდია. აქედან 5-ჯერ ფინალში, 10-ჯერ კი ნახევარფინალში. ესეც რეკორდია, რადგან სლემის ნახევარფინალებში მათზე ხშირად არავის უთამაშია. ჯოკოვიჩი წინაა – 10:6.
*-ჯოკოვიჩი 20 წლის იყო, როცა პირველად ითამაშა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში (როლან გარო და უიმბლდონი) და ფინალში (აშშ-ის ღია პირველობა), ხოლო 21 წლისამ პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა. როჯერ ფედერერმა 22 წლის ასაკში ითამაშა პირველად სლემის ფინალში და გაიმარჯვა – უიმბლდონი.
*-ფედერერმა 5-ჯერ დაასრულა ATP-ის რეიტინგი პირველ საფეხურზე, 6-ჯერ მეორე იყო, 3-ჯერ – მე-3. ნოვაკ ჯოკოვიჩი ახალ წელს ასევე 5-ჯერ შეხვდა პირველ პოზიციაზე, 2-ჯერ იყო მეორე, ხოლო 4-ჯერ მე-3.
*-ნოვაკ ჯოკოვიჩი 32 წლისაა და მის აქტივში ATP-ის 77 ტიტულია. საინტერესოა, რომ როცა ფედერერი 32 წლის იყო, მასაც 77 თასი ჰქონდა მოგებული (ახლა 103). ჯოკოვიჩის 77 ტრიუმფიდან 16 სლემია, 32 წლის ფედერერს კი ერთით მეტი სლემი ჰქონდა მოგებული. სამაგიეროდ, ჯოკოვიჩი წინაა მასტერსების მხრივ: სერბმა 34-ჯერ გაიმარჯვა, ფედერერის აქტივში კი იმ ასაკში 21 თასი იყო.
*-ჯოკოვიჩმა 31 წლის ასაკშიც შეძლო რეიტინგის პირველ პოზიციაზე დასრულება, როჯერ ფედერერი კი 28-ის გახლდათ, როცა ახალ სეზონს რეიტინგის ლიდერად შეხვდა.
*-მხოლოდ ჯოკოვიჩმა და ფედერერმა მოიგეს თითოეულ გრან სლემზე მინიმუმ 60 შეხვედრა და მხოლოდ ისინი გავიდნენ თითოეული გრან სლემის 1/4-ფინალში მინიმუმ 10-ჯერ.
ლაშა გოდუაძე (2019 წლის 14 ნოემბერი)