კლასიკოსების ევრომედლები ციფრებსა და რიცხვებში

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, გუშინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა: ოთხმა ფალავანმა იჭიდავა ფინალში, ასეთი რამ კი ქართული ჭიდაობის ისტორიაში, თავისუფალი სტილის ჩათვლით, აქამდე არ მომხდარა!
„თავისუფლების“ მსგავსად, „კლასიკოსებმაც“ 5 მედლით დაასრულეს ევროპირველობა: ლერი აბულაძე (63კგ) ჩემპიონი გახდა, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ), შმაგი ბოლქვაძემ (72კგ) და გელა ბოლქვაძემ (82კგ) ფინალები დათმეს, რობერტ კობლიაშვილმა (97კგ) კი ბრინჯაო მოიგო.

თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების დარად, ვლადიმერ გეგეშიძის გაწვრთნილმა გუნდმაც მესამე ადგილზე დაასრულა არაოფიციალური გუნდური ჩათვლა – გუნდი ამ შემთხვევაშიც აზერბაიჯანელებს და თურქებს ჩამორჩა.

წლევანდელი ევროპირველობის შემდეგ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა აქტივში სულ 69 მედალია (17 ოქრო, 21 ვერცხლი და 31 ბრინჯაო). ევრომედლების საერთო რაოდენობით ისინი მხოლოდ ძიუდოისტებს (178) და თავისუფალი სტილის ფალავნებს (113) ჩამორჩებიან.

ბუდაპეშტი 2022ის კიდევ ოთხი საინტერესო ამბავი ასეთია:

1: „ბერძენ-რომაელებმა“ ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოიგეს ევროპის ერთ ჩემპიონატზე 5 მედალი. პირველად ასეთი შედეგი 2018 წელს, კასპიისკში (რუსეთი) დაფიქსირდა, თუმცა მედლების ხარისხით წლევანდელი ევროპირველობა უკეთესი გამოდგა.

2: ფინალში დამარცხებულმა შმაგი ბოლქვაძემ თეიმურაზ აფხაზავას „ქართული რეკორდი“ გაიმეორა – ევროპის ჩემპიონატზე მე4 მედალი მოიგო!
აფხაზავამ ჯერ კიდევ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მოიპოვა კონტინენტის პირველობის ოთხი მედალი: 1983 და 1984 წლებში ოქრო, ხოლო 1979 და 1986 წლებში – ბრინჯაო.
ევროპის ჩემპიონატის ოთხ მედალს „კლასიკოსთაგან“ მათ გარდა არავინ ფლობს.

3: შმაგი ბოლქვაძემ მე3 ევროფინალი იჭიდავა და ამ მხრივაც საუკეთესოა ქართველთაგან.

4: შმაგი ბოლქვაძე ერთ-ერთია იმ სამ ფალავანთაგან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ყველა სინჯის მედალი მოიგეს.
სრული კომპლექტი პირველად ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ შეკრა – 2002 წელს მოპოვებულ ვერცხლს და 2006 წელს აღებულ ბრინჯაოს 2007ში ოქრო დაუმატა. 2008 წელს მისი შედეგი ბადრი ხასაიამ გაიმეორა – ოქრო 2002ში, ბრინჯაო 2005 წელს და ვერცხლი 2008ში.
რაც შეეხება შმაგი ბოლქვაძეს, მისი შედეგები ასეთია: ოქრო შარშან, ვერცხლი 2018ში და წელს, ხოლო ბრინჯაო 2016 წელს.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 4 აპრილი)
ფოტო:
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ka_GEGeorgian