კობაიაში ისტორიაში შეფრინდა

იაპონელი რიოიუ კობაიაში ტრამპლინიდან ხტომის ისტორიაში შევიდა: 22 წლის სპორტსმენმა 4 მთის ყველა ეტაპზე გაიმარჯვა და მთავარი ჯილდო „ოქროს არწივი“ მოიპოვა. ტურნირის ისტორიაში (1953 წლიდან) კობაიაში მხოლოდ და მხოლოდ მესამეა, ვინც ყველა ეტაპი მოიგო!

ახალგაზრდა მხტომელმა დიდ სპორტში 2016 წელს შეაბიჯა, თუმცა ამ ზამთრამდე დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა. სადღეისოდ მის აქტივში 49 სტარტიდან მხოლოდ 10 პოდიუმია, თუმცა წლევანდელი ტრიუმფის შემდეგ ის, სავარაუდოდ, ყველა ტურნირის ფავორიტთა შორის იქნება.

4 მთის თასს დეკემბერ-იანვრის შესაყარზე მიჯრით მასპინძლობს გერმანიის და ავსტრიის 2-2 სამთო კურორტი. I და II ეტაპები გერმანიაში, ობერსტდორფსა და გარმიშ-პარტენკირხენში ტარდება, III და IV კი ავსტრიაში – ინსბრუკსა და ბიშჰოფშოფენში.

იაპონელამდე ეგრეთ წოდებული დიდი სლემი (გამარჯვება ოთხივე ეტაპზე) გერმანელმა სვენ ჰანავალდმა (2001-02) და პოლონელმა კამილ სტოხმა (2017-18) შეასრულეს.

რიოიუ კობაიაშიმ 2018-19 წლების სეზონში მსოფლიო თასის უკვე 8 ეტაპზე გაიმარჯვა (2-ჯერ მესამე იყო) და ცხადია, დიდი უპირატესობით ლიდერობს საერთო ჩათვლას.

აქვე გეტყვით, რომ 4 მთის 2 ეტაპი ლეგენდარულ ქართველ მხტომელ კობა წაქაძესაც მოუგია. 1956 წელს ბაკურიანელმა სპორტსმენმა ინსბრუკში, 1961 წელს კი გარმიშ-პარტენკირხენში გაიმარჯვა.

წაქაძე პირველი საბჭოთა ტრამპლინიდან მხტომელია, რომელმაც 4 მთის ეტაპზე გაიმარჯვა. 2 ტრიუმფით კი რეკორდსმენი იყო საბჭოთა სპორტსმენთა შორის ნიკოლაი კამენსკისთან და გარი ნაპალკოვთან ერთად.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 იანვარი)

ka_GEGeorgian