კობი ბრაიანტი 1978-2020: CNN ბრაიანტის ყოფილ პილოტს ესაუბრა

„იცით, ამ კლასის შვეულმფრენები იოლად არ გამოდის მწყობრიდან და მით უმეტეს, ადვილად არ ვარდება. სიკორსკი S-76B ძვირადღირებული და საიმედო მოდელია, თუმცა ვერაფერს გეტყვით კონკრეტულად ამ საფრენი აპარატის ტექნიკურ მდგომარეობაზე“.

კურტ დეეცმა ეს სიტყვები CNN-თან ინტერვიუში თქვა. ის გამოცდილი პილოტია, წლების განმავლობაში ემსახურებოდა კობი ბრაიანტს და ტელეკომპანიამ სწორედ ამიტომ მიიწვია.

S-76B-ს ორმაგი ძრავი აქვს და რთულად მართვადია. თუ დიდ ავიალაინერებზე არ ხარ დახელოვნებული, ამ კლასის შვეულმფრენის დამორჩილება გაგიჭირდება. სიმართლე გითხრათ, არ მეგულება ბევრი პილოტი, ვინც S-76B-ს უნაკლოდ მართავს“, – განაცხადა დეეცმა.

სამოქალაქო ავიაციიდან წასვლის შემდეგ, 2015 წელს დეეცი კომპანია Island Express შეუერთდა და პირადად კობი ბრაიანტს ემსახურებოდა.

„კობისთან ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს… უკანასკნელი თამაშის შემდეგ ის და მისი ოჯახის წევრები სწორედ მე წავიყვანე შინ“, – განაცხადა CNN-ზე გამოსვლისას კურტ დეეცმა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)

ka_GEGeorgian