კობი ბრაიანტი 1978-2020: ლიგებმა ოჯახებს მიუსამძიმრეს

ამერიკის პროფესიულმა სპორტულმა ლიგებმა კობი და ჯანა მარია ბრაიანტების, ასევე სხვა 7 ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.

NHL-ის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჰოკეის ნაციონალური ლიგა მწუხარებას გამოხატავს კობი ბრაიანტის და მისი ქალიშვილის, ასევე მათი მეგობრების გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს, გულშემატკივრებს და კალათბურთის მოყვარულებს“.

ნაციონალური საფეხბურთო ლოგის – NFL – პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გაავრცელა: „კობი ბრაიანტი საოცარი ათლეტი იყო, რომლის ბრწყინვალე თამაშზეც გულშემატკივართა თაობები გაიზარდა. ის დიდი კალათბურთელი და ათლეტი გახლდათ. NFL ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი გამო, თანაუგრძნობს კობის და ჯანას ოჯახს, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“.

ლეგენდარული კალათბურთელი 26 იანვარს, დილით, კალიფორნიაში მომხდარ ავიაკატასტროფას შეეწირა. ვერტმფრენი, რომლითაც ის, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი საკალათბურთო მატჩზე მიემგზავრებოდა, ქალაქ კალაბასასში ჩამოვარდა.

ლოს ანჯელესის პოლიციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბრაიანტის კუთვნილ ვერტმფრენს ძრავა გაუფუჭდა. ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) უკვე დაიწყო.

ლეგენდარული კალათბურთელის ოჯახს თანაგრძნობის წერილი, ათასობით ადამიანთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გაუგზავნა, NBA-ის რეგულარული სეზონის ყველა გუშინდელი თამაში კი, ტრაგედიის მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, წუთიერი დუმილით დაიწყო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)

ka_GEGeorgian