კოლისი: მესამეც და პირველიც

„მადლობა სამხრეთ აფრიკას, მადლობა ქომაგებს, მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდგა და სწამდა, რომ თასს მოვიგებდით“, – სამხრეთაფრიკელთა 28 წლის გუნდისთავმა სიუია კოლისიმ დღევანდელი გამარჯვება სამშობლოს მიუძღვნა.

რამდენიმე საათის წინ რაგბის მსოფლიო თასის ფინალში სამხრეთი აფრიკამ 32:12 დაამარცხა ინგლისი და მესამედ აღმართა უებ ელისის სახელობის თასი.

კოლისი, ვინც დღეს 50-ედ მოირგო ნაკრების კვართი, პირველი შავკანიანი კაპიტანია ისტორიაში, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი სარაგბო ჯილდო ჩაიბარა. 1995 წელს, როცა თასი პირველად გადაეცა ქურციკების გუნდისთავ ფრანსუა პიენაარს, კოლისი 5 წლის გახლდათ, 2007-ში კი, გუნდის მეორე ტრიუმფის დროს, ის უკვე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა.

12 წლის წინ სამხრეთაფრიკელებმა ფინალში ასევე ინგლისს აჯობეს – 15:6. იმხანად გუნდის კაპიტანი ჯონ სმიტი გახლდათ, რომელიც დღეს პიენაართან ერთად იოკოჰამას სტადიონის საპატიო სტუმართა ლოჟიდან ადევნებდა თვალს თანამემამულეთა ტრიუმფს. და აი, გავიდა 12 წელიწადი და სამხრეთი აფრიკის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.

რასი ერასმუსის გაწვრთნილმა გუნდმა რამდენიმე საინტერესო მიღწევითაც გაახარა ქომაგები: გახდა სამხრეთის პირველი ნაკრები, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო 4 ერის ჩემპიონატი და მსოფლიო თასი; ასევე პირველი შეიქნა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე წააგო, თუმცა მაინც მოიგო ფინალი; პირველად სწორედ ერასმუსის ხელში გაიტანა ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალში ლელო და კიდევ: ინგლისელებს დღეს იმაზე მეტი ქულა დაუდო, ვიდრე ქურციკებმა წინა ორ ფინალში შეძლეს. 1995 წლის გადამწყვეტი მატჩი სამხრეთი აფრიკამ ახალ ზელანდიასთან 15:12 მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ რაგბის მსოფლიო თასის საიუბილეო, X გათამაშებას 2023 წელს საფრანგეთი უმასპინძლებს. ტურნირი 8 სექტემბერს დაიწყება და 21 ოქტომბერს დასრულდება. იაპონია 2019-ის შედეგებით, მომავალ მსოფლიო თასზე თამაში უკვე გაინაღდეს სამხრეთის ჩემპიონატის და 6 ერის ყველა მონაწილემ, ასევე იაპონიამ და ფიჯიმ.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 2 ნოემბერი)

ka_GEGeorgian