კოტორა საპატიო თბილისელია!
ალექსანდრე კოტორაშვილს, ჩვენ კოტორას, გუშინ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ვულოცავ სანდროს, უფროს კოლეგას და მეგობარს, ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ არაერთი ლამაზი ფოტოს გადაღებას ვუსურვებ! თუ ვინმეზე ითქმის, რომ ქართული სპორტის მემატიანეა, პირველ რიგში სანდროზე. ათწლეულებია სპორტშია და საქართველოსა თუ უცხოეთში მართლა ძალიან ბევრი კარგი ფოტოც გადაიღო.
ახლა კი საპატიო დედაქალაქელებსა და ქართულ სპორტზე: თბილისის საპატიო მოქალაქეებს 1979 წლიდან აჯილდოებენ, ტრადიციულად თბილისობის დღეებში. მას შემდეგ სანდრო კოტორაშვილი მე-19 ლაურეატია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს სპორტთან.
ჩვენი სპორტის მოღვაწეებიდან ეს წოდება პირველად ქართული ფეხბურთის სიმბოლოს, ბორის პაიჭაძეს მიენიჭა 1988 წელს. ქალებს შორის კი პირველი ლაურეატი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი გახდა 2000 წელს.
ქართული სპორტი ყველაზე მეტად 2003 წელს დაფასდა, როცა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ლევან თედიაშვილი, დავით ციმაკურიძე, რაფაელ ჩიმიშკიანი და გურამ საღარაძე დაჯილდოვდნენ.
რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ის ერთადერთია, რომელსაც საპატიო თბილისელის წოდება სპორტული კარიერის ზენიტში მიენიჭა – 2017 წელს, როცა გოლდენ სთეით უორიორზის შემადგენლობაში ნაციონალური საკალათბურთო ლიგა, NBA მოიგო.
და რადგან კოტორა ჩვენი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრია, იმ სამ კაცსაც ვახსენებ, რომლებიც საპატიო თბილისელის წოდებით მანამდე დაჯილდოვდნენ: კოტე მახარაძე (1996), ჯამლეტ ხუხაშვილი (2012) და დემიკო ლოლაძე (2017).
2022: დავით კვაჭაძე (კრივი)
2017: ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი), ზაზა ფაჩულია (კალათბურთი), დემიკო ლოლაძე (სპორტული ჟურნალისტი)
2016: ალექსანდრე ჩივაძე (ფეხბურთი)
2012: ჯამლეტ ხუხაშვილი (სპორტული ჟურნალისტი)
2011: მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
2005: ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
2003: ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), დავით ციმაკურიძე (თავისუფალი ჭიდაობა), რაფაელ ჩიმიშკიანი (ძალოსნობა), გურამ საღარაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2002: მედეა (მზია) ჯუღელი (სპორტული ტანვარჯიში)
2000: ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1999: ვახტანგ ბალავაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
1998: ჯანო ბაგრატიონი (ხელბურთი)
1996: კოტე მახარაძე (სპორტული ჟურნალისტი)
1988: ბორის პაიჭაძე (ფეხბურთი)
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 2 ოქტომბერი
ფოტო: თბილისის მერია