კვარა შეუცვლელია

კვარა შეუცვლელია – ასე მოიხსენია ქართველი ფეხბურთელი გაძეტა დელო სპორტმა დღევანდელ გამოცემაში, აიაქსთან მატჩის შემდეგ და მისი თამაში 7,5 ქულით შეაფასა.
ზედიზედ მეორე კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაში, ზედიზედ მეორედ გოლი და საგოლე გადაცემა და ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის თამაშის საუკეთესო ფეხბურთელის ლამაზი ჯილდო! ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებულად დაიწყო იტალიური კარიერა და სექტემბერში, ორი სხვადასხვა ვერსიით მოგებული სერია ა-ს თვის მოთამაშის ჯილდოს შემდეგ პატარა, მაგრამ მაინც დასამახსოვრებელი აღიარება ევროპაშიც მოიპოვა.

ჩვენ ისტორიას ვწერთ! – ასე შეაფასა გუშინდელი გამარჯვება ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და ის აბსოლუტურად მართალია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს:

ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი საწყისი ოთხი ტურის შემდეგ გაინაღდა და ასეთი რამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა!

ამსტერდამული 6:1-ით და ნეაპოლური 4:2-ით ნაპოლი პირველია, რომელმაც აიაქსს, ევროთასებზე ასპარეზობის ისტორიაში, ორმატჩიან დაპირისპირებაში 10 გოლი მიართვა!

ჩემპიონთა ლიგაში თამაშის მანძილზე აიაქსმა საწყის თექვსმეტ წუთში ორი გოლი პირველად გუშინ გაუშვა!

ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი კვლავ გაზარდა – ყველა ტურნირზე ზედიზედ მეცხრე თამაში მოიგო!

სპალეტის დიდებული გუნდი ჰყავს და ძალიან მიხარია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა მთავარი თუ არა, გამორჩეული ვარსკვლავი ნამდვილადაა. იგივე დაინახა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთმა იტალიელმა მიმომხილველმა, რომელმაც თქვა: კვარაცხელია ძალიან დიდი ძალაა, ის ისეთ უპირატესობას ქმნის, ასე მგონია ნაპოლი მეტოქეებს ერთით მეტი ფეხბურთელით ეთამაშებაო…

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ არაერთი საინტერესო ფაქტი ამოვიკითხე, მათ შორის ის, რომ 2014-15 წლების სეზონში, როცა იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, გუნდმა მთელ ევროსეზონში 17 ბურთი გაიტანა. ნაპოლიმ კი 17 გოლი მხოლოდ პირველ ოთხ თამაშში მიითვალა: 4:1 ლივერპულთან, 3:0 გლაზგო რეინჯერსთან, 6:1 და 4:2 აიაქსთან.

საოცარი შედეგებია და ამ ოთხ მატჩში ხვიჩას წვლილი ძალიან დიდია: 2 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი. ის თერთმეტმეტრიანები საბოლოოდ სხვამ აქცია გოლად, აი წუხელ კი, როგორც იქნა, ბურთთან ჩვენი ბიჭი მივიდა. ვიქტორ ოსიმენმა, ლამის ერთთვიანი შესვენების შემდეგ რომ დაუბრუნდა მინდორს, პირადად გადასცა კვარაცხელიას ბურთი და დანარჩენი ერთად ვნახეთ: გამორბენი, უძლიერესი დარტყმა და გოლი!

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ეს მეშვიდე თერთმეტმეტრიანი იყო ნაპოლის სასარგებლოდ და სპალეტის გუნდი ამ მხრივ არათუ იტალიაში, ევროპის საუკეთესო ხუთ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს შორის პირველია.

კრემონეზესთან მატჩის შემდეგ, როცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ხვიჩამ ლოსანოს დაუგორა ბურთი და გოლი აჩუქა, სპალეტიმ ქართველზე განაცხადა, მან ისეთი რამ გააკეთა, ეს აუცილებლად დაუბრუნდებაო. ჰოდა დაუბრუნდა კიდეც. მგონი ნაპოლიშიც კარგად მიხვდნენ, რომ კვარაცხელია მეტ ნდობას იმსახურებს.

და მეტ თავისუფლებასაც. ბოლო თამაშებში ხვიჩა მარჯვენა ფლანგზეც არაერთხელ გამოჩნდა და ამით გუნდმა მხოლოდ მოიგო. აიაქსთან პირველ თამაშს გაგახსენებთ, ხვიჩას მიერ დი ლორენცოსთვის ჩაწოდებულ ბურთს, კაპიტნის თავური და გოლი რომ მოჰყვა…

ხვიჩას ფეხბურთი ერთი დიდი სიამოვნებაა და დიდი იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 13 ოქტომბერი)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian