კვარას მეთაურობით
კარგი თამაში მხოლოდ გოლებით ან საგოლე გადაცემებით რომ არ იზომება, ეს ყველამ მშვენივრად ვიცით.
ჩვენი ფეხბურთის იმედმა იტალიის ერთ–ერთ მთავარ სარბიელზე ვერც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც არ გამოუვიდა, მაგრამ საუკეთესო თუ არა, ნამდვილად არ იყო უკანასკნელთა შორის.
ხოლო ის, რომ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ორი ძირითადი მცველი, ხვიჩას ფლანგზე გამწესებული დავიდე კალაბრია და სიმონ კიაერი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, სწორედ ქართველის დამსახურებაა – მათ უშუალოდ კვარასთან უხეშობის გამო მიიღეს ყვითელი ბარათები.
და რაც მთავარია: ხვიჩამ მოიპოვა ის თერთმეტმეტრიანი, რომლითაც ნაპოლი 55-ე წუთზე დაწინაურდა – მან ჩვეულად მოატყუა კალაბრიას ნაცვლად მინდორზე შესული სერჯინიო დესტი და ამერიკელიც აჩქარდა, ტერფში ჩაარტყა ნეაპოლელთა 77-ე ნომერს. მატჩის არბიტრმა მომენტი VAR-ზე გადაამოწმა და სრულიად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი.
ამიტომაც ვთვლი, რომ წუხელ, სან სიროზე მილანთან, ხვიჩა კვარაცხელიამ მშვენივრად იასპარეზა.
აბსოლუტურად მართალი გამოდგა გაძეტა დელო სპორტი, რომელმაც ივარაუდა, რომ ტურის ცენტრალური შეხვედრის ბედი ძალიან იყო დამოკიდებული ფლანგელებზე, კონკრეტულად კი მარცხენა ფრთის მოთამაშეებზე. ხვიჩას დარად გამორჩეულმა თეო ერნანდესმა 69-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა – ოლივიე ჟირუმ მისი მშვენიერი გარღვევის შემდეგ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ თეოს კარგმა თამაშმა მილანს ვერ უშველა, რადგან 78-ე წუთზე მარიო რუიმ (ისიც მარცხენა ფლანგზე დგას) მშვენივრად ჩააწოდა საჯარიმოში და ჯოვანი სიმეონემაც კიდევ ერთი ეფექტური ბურთი შეაგდო – 1:2.
რომში, ლაციოსთან გამარჯვების შემდეგ ნაპოლიმ მეორე პრინციპული თამაში მოიგო მეტოქის მოედანზე და ახლა 17 ქულით სერია ა-ს ლიდერია – ატალანტას ბურთების უკეთესი სხვაობით (+10) უსწრებს. მომდევნო ტური კალჩოში 1 ოქტომბერს გაიმართება – დიეგო მარადონას ტორინო ესტუმრება.
ერთი საინტერესო ამბავიც: იტალიელმა სტატისტიკოსებმა გვამცნეს, რომ ინტერი, მილანი, იუვენტუსი და რომა ერთსა და იმავე ტურში 1955 წლის 13 თებერვლის შემდეგ პირველად დამარცხდნენ.
ამ პატარა ჩანახატს კი კორიერე დელო სპორტის პირველი გვერდის მთავარი სათაურით დავასრულებ: „კვარას მეთაურობით“. მატჩის მიმოხილვაში ნათქვამია: „პოლიტანომ პენალტით გახსნა ანგარიში, გადამწყვეტი გოლი სიმეონემ შეაგდო თავურით, მაგრამ ნაპოლის მთვარი მოიერიშე ქართველი იყო“.
ამიტომაც დავწერე ზევით, კარგი თამაში მხოლოდ გოლებით და საგოლე გადაცემებით არ იზომება მეთქი. აგერ ბატონო, იტალიელებიც ასე ფიქრობენ.
მაგრამ მთავარი ახლა ისაა, რომ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში მშვენიერ განწყობაზე ჩამოდის. მან, პირველ რიგში, ეროვნულის მაისურით უნდა გაგვახაროს.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 19 სექტემბერი)
ფოტო: sscnapoli.it; Corriere dello Sport