კვარაცხელია: ყველაზე სასურველი

გუშინ ნაპოლიმ 2:1 დაამარცხა რომა და სერია ა-ში უკვე ცამეტი ქულით დაწინაურდა. კალჩოს სტატისტიკოსებმა გვამცნეს, რომ 1994-95 წლების სეზონიდან დაწყებული, მას შემდეგ, რაც მოგება სამ ქულას უდრის, ოცი ტურის შემდეგ ლიდერი პირველად უსწრებს მდევარს ასეთი უპირატესობით. ძველი რეკორდი, თერთმეტი ქულა, 2006-07 წლების სეზონში დაფიქსირდა ინტერსა და რომას შორის.

ნაპოლიმ სერია ა-ში ბოლო თექვსმეტი მატჩიდან მეთხუთმეტედ გაიმარჯვა, ხვიჩამ კი ლურჯი მაისურით ჩატარებული მეოცე ოფიციალური თამაში მორიგი საგოლე გადაცემით აღნიშნა. როგორც ერთმა იტალიელმა მიმომხილველმა დაწერა, ოსიმენის გოლი მშვენიერი და ეფექტური იყო, თუმცა კვარაცხელიას პასიც აპლოდისმენტებს იმსახურებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჟურნალისტებმა ნიგერიელი თავდამსხმელი დაასახელეს – 7,5 ქულა, კვარაცხელიას კი 6,5 ერგო მერეტის, დი ლორენცოს, კიმის, მარიო რუის და ზელინსკის მსგავსად. სპალეტის გუნდის წარმატებების საიდუმლო სწორედ ესაა – ლამის ყველა მაღალ დონეზე თამაშობს. ამიტომაც გამოირჩევა ეს ნაპოლი საუკეთესო შეტევით და დაცვით.

რაც შეეხება ამ ჩანახატს, ის World Soccer-ის იანვრის ნომრიდან ვთარგმნე. ჯეიმი ევანსმა და ჯარედ ტინსლიმ წერილში Most Wanted ხვიჩას გარდა კიდევ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოარჩიეს, თუმცა ყველაზე დიდი ადგილი ჩვენებურს დაუთმეს მსოფლიოს ჩემპიონის, არგენტინელი ენცო ფერნანდესის მსგავსად:

„ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე თვის წინ შეუერთდა ნაპოლის ბათუმის დინამოდან და იმდენად კარგად ათამაშდა, რომ მალე ტიფოზებისგან მეტსახელი კვარადონაც დაიმსახურა, კლუბის ლეგენდის პატივსაცემად.

ნაპოლი შთამბეჭდავი უპირატესობით ლიდერობს სერია ა-ს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი კი, ლივერპულთან და აიაქსთან კონკურენციის მიუხედავად, დიდებულ სტილში მოიგო და ახლა ფრანკფურტის აინტრახტთან ფლეი ოფისთვის ემზადება.

ასეთ დროს გულშემატკივრები, ერთი შეხედვით მშვიდად უნდა იყვნენ, მაგრამ ქომაგებს სანერვიულო არ ელევათ, რადგან ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ნიჭიერ ახალწვეულს მედია დროგამოშვებით სხვა კლუბებს უკავშირებს.

მას ზამთრის სატრანსფერო სეზონში რომ დაეტოვებინა ნაპოლი, კალენდარულ წელიწადში მეოთხე კლუბში ითამაშებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხვიჩა ყაზანის რუბინიდან სამშობლოში, ბათუმის დინამოში დაბრუნდა. საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებული თერთმეტი თამაში და რვა გოლი საკმარისი აღმოჩნდა ნაპოლის ხელმძღვანელობისთის, რომლებმაც მის სანაცვლოდ თორმეტი მილიონი ევრო გადაიხადეს.

ინვესტიციამ გაამართლა: სანამ სეზონი მსოფლიო ჩემპიონატის გამო შეწყდებოდა, ხვიჩამ სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაში ჩვიდმეტჯერ ითამაშა და რვა გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. წარმატებული დრიბლინგებით კი ის სულაც საუკეთესო გახლდათ იტალიის ელიტარულ ლიგაში.

ოცდაერთი წლის ფეხბურთელის პირადი სტატისტიკური მონაცემები უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ თუ იუთუბის საძიებო ველში მის სახელსა და გვარს ჩაწერთ, წამში ნახავთ ვიდეორგოლს სახელად „ორმოცდაათი ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიამ გაანადგურა“. სხეულის და ბურთის შესანიშნავი ფლობის, სწრაფი დრიბლინგის, სახიფათო ჩაწოდებების და დარტყმების წყალობით ხვიჩა იოლად ჯაბნის მოწინააღმდეგეებს.

კვარაცხელია ნაპოლის სამკაციანი თავდასხმის მარცხენა ფლანგზე თამაშობს და ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მისი საუკეთესო პარტნიორი ცენტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენია. სერია ა-ში გატანილი პირველი რვა გოლიდან ნიგერიელმა სამი სწორედ კვარაცხელიას პასებით შეაგდო. მათ უმტკივნეულოდ ჩაანაცვლეს ნაპოლის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის წყვილი მერტენსი-ინსინიე, რომლებმაც გუნდი ზაფხულში დატოვეს.

რთული წარმოსადგენია, რომ ნაპოლი კვარადონას მალე და იოლად დათმობს. უკვე დაიწერა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ქართველს ახალ კონტრაქტს უმზადებს, სადაც გამოსასყიდ თანხად 65 მილიონი ევრო ჩაიწერება. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ ნაპოლიმ ჩელსი, პარი სენ-ჟერმენი ან მანჩესტერ სიტი თავიდან მოიშოროს. თუნდაც ნიუკასლ იუნაიტედი, რომელიც ახალი პატრონის, საუდელი ინვესტორების ხელში ჩემპიონთა ლიგაში თამაშს უმიზნებს და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშის ხელში ჩასაგდებად უკან არაფერზე დაიხევს. ეს კლუბები უკვე დაუკავშირეს ქართველ შემტევს.

როგორ განვითარდება მისი კარიერა, ამას მომავალი გვიჩვენებს, დღევანდელობა კი კვარადონას მხოლოდ წარმატებებს უქადის. ნაპოლიმ ბოლო სკუდეტო 1990 წელს მოიგო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლურჯი ფორმით დიეგო მარადონა თამაშობდა. და თუ ხვიჩა კვარაცხელია ტიფოზებს ოცნების ახდენაში დაეხმარება, მაშინ მისთვის საკლუბო ისტორიის წიგნიც გადაიშლება“.

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 30 იანვარი)
ფოტო:
World Soccer

ka_GEGeorgian