ლაშა, ერ რიადი და რიცხვები

ლაშა ტალახაძექართული სპორტის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატების ერთადერთი შვიდგზის გამარჯვებული!
ლაშა ტალახაძემსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში პირველი, რომელმაც ზედიზედ ცხრა წლის მანძილზე მთავარი შეჯიბრება მოიგო – 7 მსოფლიო პირველობა და 2 ოლიმპიადა!
ლაშა ტალახაძეისტორიაში მეოთხე ძალოსანი, რომელმაც მინიმუმ 7-ჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული!
ლაშა ტალახაძეჩვენი სპორტის ისტორიაში რიგით 115- ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე!

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლაშა ტალახაძე ჩვენი სპორტის და მსოფლიო ძალოსნობის ლეგენდაა, ეს კი ერ რიადია, საუდის არაბეთის დედაქალაქი, რაც ქართულად ბაღებს ნიშნავს.

ერ რიადი ან ნაფუდის უდაბნოს შუაგულშია გაშენებული და, ვიკიპედიის ცნობით, ზღვის დონიდან ექვსას მეტრზე მდებარეობს, წელიწადში ხუთ მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 49-ე ადგილზეა.

იქვე იმასაც ამოიკითხავთ, რომ შარშანდელი აღწერით, ერ რიადში შვიდ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რითაც დედაქალაქი საუდის არაბეთში პირველია, ახლო აღმოსავლეთში – მესამე, აზიაში კი 39-ე.

ონლაინ-ენციკლოპედიაში საუდის არაბეთის მთავარი ქალაქის შესახებ კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტია აღნიშნული, მაგრამ ის, რასაც ქვევით წაიკითხავთ, სხვაგან არსად წერია: ერ რიადი 69-ე ქალაქია, ხოლო საუდის არაბეთი მე-40 ქვეყანა, სადაც საქართველოს სახელით მოასპარეზემ სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ლაშა ტალახაძის გუშინდელ გამარჯვებას ვგულისხმობ, როცა ქართველმა ძალოსანმა ერ რიადში, პრინც ფეისალ ბინ ფაჰდის ოლიმპიური კომპლექსის მწვანე დარბაზში ზედიზედ მეშვიდედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ჩემი სეხნიის საოცარი შედეგის შესახებ გუშინვე დავწერე, ამიტომ, მომდევნო რამდენიმე აბზაცში მხოლოდ ერ რიადზე და იმ ადგილებზე გავამახვილებ ყურადღებას, სადაც ჩვენებს პლანეტის პირველობები მოუგიათ:

1: იმ 69 ქალაქიდან, სადაც ქართველებმა მსოფლიო ასპარეზზე გაგვახარეს, ყველაზე იღბლიანი ბუდაპეშტია – 9 ოქროს მედალი. ქვეყნების მიხედვით კი პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია 10 ოქროთი.

2: ერ რიადი 43-ე ქალაქია, ხოლო საუდის არაბეთი მე-18 ქვეყანა, სადაც საქართველოს წარგზავნილმა ერთხელ გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატში.

3: ევროპის შემდეგ აზია ქართველებისთვის ყველაზე იღბლიანი კონტინენტია, რადგან ჩვენებმა იქ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე 18 ოქროს მედალი მოიპოვეს.

4: და ბოლოს – საუდის არაბეთი მე-8 აზიური ქვეყანაა, ხოლო ერ რიადი მე-10 აზიური ქალაქი, სადაც ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 17 სექტემბერი
ფოტო: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია

ka_GEGeorgian