ლაშა! ლაშა! ლაშა!
სხვა შედეგს არც ველოდი: 2021 წელს ლაშა ტალახაძე ოლიმპიადა-მსოფლიო-ევროპაზე შეუჩერებელი იყო, უდიდესი უპირატესობით მოიგო ოქროს მედლები და ამიტომაც არ მიკვირს რომ ჩვენი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
ტალახაძე მსოფლიო სპორტის სუპერვარსკვლავია და ყველა აღიარება ალალია, მაგრამ მისი ძიუდოისტი სეხნიების, ლაშა ბექაურის და ლაშა შავდათუაშვილის შედეგებიც ძალიან შთამბეჭდავი იყო.
უკეთესი რა უნდა დავწერო და ამიტომ, სიამოვნებით შეგახსენებთ: 2021 წელს ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადა და ევროპირველობა მოიგო, შავდათუაშვილმა კი სულაც ისტორიაში შეაბიჯა! უნგრეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ ის პირველი ქართველი ძიუდოკა გახდა, რომელმაც ოლიმპიადის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები შეაგროვა, ტოკიოს ვერცხლით კი სულაც პირველი ქართველი ვაჟი ათლეტი შეიქნა, რომელმაც ყველა სინჯის ოლიმპიური მედლით დაიმშვენა მკერდი!
ასეთი ამბების შემდეგ სამართლიანია, რომ სსჟას 2021 წლის პირველი სამეული ლაშებმა შეავსეს: ტალახაძემ, ბექაურმა და შავდათუაშვილმა. სხვათა შორის, ასეთი რამ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმის 58წლიან ისტორიაში პირველად მოხდა.
და რადგან წარსულს შევეხე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: სპორტულმა მედიამ უძლიერესი პირველად 58 წლის წინ, 1964 წელს კი გამოავლინა, მაგრამ წელს რჩეული 56ედ დასახელდა. საქმე ისაა, რომ 1991 და 2020 წლებში გამოკითხვა არ ჩატარდა. პირველად მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო, ორი წლის წინ კი კოვიდ 19ის მიზეზით – სპორტული სეზონი თვენახევარში შეწყდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ჟურნალში, ოლიმპიელის საახალწლო, რიგით 46ე ნომერში ჩემი წერილი დაიბეჭდა ამ ღონისძიების ისტორიის და მისი 55 გამარჯვებულის შესახებ. ეს ათი ფაქტიც იმ წერილიდანაა:
1: 56 რეფერენდუმში 14 სახეობის 34მა წარმომადგენელმა გაიმარჯვა, 1982 და 1994 წლებში კი საუკეთესოდ გუნდი, ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები დასახელდა.
34 ტრიუმფატორიდან 29 ვაჟია, 5 კი ქალი. და ამ 5 ქალზე 10 გამარჯვებაა!
2: 1967 და 1970 წლების საუკეთესო ათეულში ამდენივე სახეობის წარმომადგენლები მოხვდნენ.
ესაა რეკორდი, რომელიც მხოლოდ თუ განმეორდება.
3: 1989 წლის ათეულის ნახევარი ქალებმა შეადგინეს და ეს რეკორდია:
წლის სპორტსმენის წოდება ნინო სალუქვაძემ (ტყვიის სროლა) მოიგო, სხვებმა კი შემდეგი ადგილები დაიკავეს: ლეილა მესხი (ჩოგბურთი, #5), ქრისტინა ფალასინიდი (სინქრონული ცურვა, #7), ქეთევან კახიანი (ჭადრაკი, #8), რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა, #10).
4: მაია ჩიბურდანიძე 1994 წლის რეფერენდუმში მეორე ადგილზე გავიდა, ქალთა ნაკრების შემადგენლობაში კი იმავე წელს პირველ ადგილზე დასახელდა.
ეს უნიკალური შემთხვევაა.
5: ლაშა ტალახაძე მეხუთედ მოხვდა საუკეთესო ათეულში (ყველა შემთხვევაში პირველ ნომრად), რეკორდსმენი კი ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი და 9(!) ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძეა, რომელსაც გასული საუკუნის 80იანი წლების მიწურულიდან 14ჯერ(!) ერგო ეს პატივი, აქედან 10ჯერ პირველ ხუთეულში.
ათეულში 13ჯერ შევიდნენ ნონა გაფრინდაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი, ზაზა ფაჩულია კი 12 ნომინაციით მესამეა.
6: ძალოსანმა მეათედ მოიგო წლის სპორტსმენის წოდება. ლაშას გარდა ორჯერ გაიმარჯვა კახი კახიაშვილმა (დღეს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია), ეროვნული გუნდის ამჟამინდელმა თავკაცმა გიორგი ასანიძემ კი სამჯერ.
10 ტრიუმფის მიუხედავად, პირველ ადგილზე კვლავ თავისუფალი სტილის მოჭიდავეები არიან, რომლებმაც სხვადასხვა დროს 11ჯერ მოიპოვეს წლის სპორტსმენის წოდება (სულ 6მა ფალავანმა).
7: ჟურნალისტთა რჩეული სხვადასხვა დროს 7 ძიუდოისტი გახდა: თემურ ხუბულური (1979), გიორგი ვაზაგაშვილი (1995), ზურაბ ზვიადაური (2004), ზაზა კედელაშვილი (2006), ირაკლი ცირეკიძე (2008), ლაშა შავდათუაშვილი (2012), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2013, 2014).
ეს რეკორდია.
8: 2013 წლის ათეულში 5 ძიუდოისტი მოხვდა. რეფერენდუმის ისტორიაში ერთი სახეობის ამდენი წარმომადგენელი ათეულში არც მანამდე და არც მას შემდეგ დაუსახელებიათ.
ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ ადგილზე გავიდა, ვარლამ ლიპარტელიანი მესამე იყო, ლაშა შავდათუაშვილი – მეოთხე, ბექა ღვინიაშვილი – მეხუთე, ამირან პაპინაშვილი – მერვე.
9: სამბისტი ივანე გამხიტაშვილი გარდაცვალების შემდეგ მოხვდა წლის სპორტსმენთა ათეულში, 1999 წელს. ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევაა რეფერენდუმის ისტორიაში.
10: და რადგან ზამთრის ოლიმპიადა ახლოვდება, ბოლო, მეათე ცნობა ამ თემაზე:
ტრამპლინიდან მხტომელი მიხეილ გავა ზამთრის სახეობების პირველი წარმომადგენელია, ვინც სპორტული ჟურნალისტების მოწინავე ათეულში მოხვდა – 1974 წელს მე4 ნომრად.
მას შემდეგ მხოლოდ ელენე გედევანიშვილმა (ფიგურული ციგურაობა) შეაბიჯა რჩეულთა შორის – 2006 და 2010 წლებში მე6 იყო.
სსჟას ყველა რჩეული
2021 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2020 – არ ჩატარდა
2019 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2018 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2017 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2016 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2015 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2014 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)
2013 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)
2012 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
2011 – მამუკა გორგოძე (რაგბი)
2010 – დავით ზირაქაშვილი (რაგბი)
2009 – მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2008 – ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო)
2007 – რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2006 – ზაზა კედელაშვილი (ძიუდო)
2005 – რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2004 – ზურაბ ზვიადაური (ძიუდო)
2003 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2002 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2001 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
2000 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1999 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1998 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1997 – გიორგი კანდელაკი (კრივი)
1996 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
1995 – გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო)
1994 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
1993 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1992 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1991 – არ ჩატარდა
1990 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1989 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1988 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1987 – ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა)
1986 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1985 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1984 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1983 – თემურ აფხაზავა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
1982 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
1981 – რამაზ შენგელია (ფეხბურთი)
1980 – ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა)
1979 – თემურ ხუბულური (ძიუდო)
1978 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1977 – დავით კვაჭაძე (კრივი)
1976 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1975 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1974 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1973 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1972 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1971 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1970 – თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა)
1969 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1968 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1967 – მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი)
1966 – ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი)
1965 – ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი)
1964 – სლავა მეტრეველი (ფეხბურთი)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 28 იანვარი)
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი