ლაშა შავდათუაშვილი პირველია! ბუდაპეშტშიც… და ისტორიაშიც!

ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონიცაა და ტოკიოს თამაშებს პლანეტის უძლიერესი ფალავნის სახელით ხვდება!
4 ივნისს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დავწერე „ქართული“ ამბები და მაშინ ვთქვი, ევროპირველობის ერთადერთი ინდივიდუალური ოქრო ლაშამ ბუდაპეშტში მოიგო და იქნებ უნგრეთის დედაქალაქში ამჯერად მსოფლიოს პირველობისთვის გაშლილ ტატამზეც გაიხაროს-მეთქი.
ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ლაშამ ამ რამდენიმე წუთის წინ გამახარა და გაგვახარა: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შვედ მეტოქეს აჯობა და ქართული ძიუდოს ისტორიაში კიდევ ერთი ოქროს ფურცელი ჩაწერა – პირველია, ვინც ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მოიგო!

ჩვენ ძიუდოს არაერთი სახელოვანი სპორტსმენი ახსოვს, სხვა თუ არაფერი, 6 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს და მსოფლიო პირველობის ახლა უკვე 8 ტრიუმფატორი (ევროპის ჩემპიონები – კიდევ უფრო მეტი), მაგრამ მთავარი ტიტულების ეს ჰეთ-თრიქი – ოლიმპიური, მსოფლიო და ევრო ოქროები – ლაშა შავდათუაშვილამდე ვერავინ შეასრულა.

არანაკლებ დასაფასებელია ისიც, რომ გორელმა ფალავანმა მსოფლიოს ოქრო პირველი დიდი გამარჯვებიდან, ლონდონის ოლიმპიური ტრიუმფიდან 9 წლის შემდეგ მოიგო. როგორი რთულია ასეთ სპეციფიკურ სახეობაში 9 წლის განმავლობაში წონის ლიდერად დარჩენა, ტურნირიდან ტურნირამდე მძაფრი კონკურენციის დაძლევა და ეროვნულ გუნდში ადგილის შენარჩუნება, თავადაც მიხვდებით.

ლაშა გამორჩეული პროფესიონალია და ეს არ არის სადღეგრძელო. ჩემს სიტყვებს ყველაზე უკეთ მისი კარიერა ადასტურებს: ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გუნდურში, გრან სლემის, გრან პრის და მსოფლიო თასის არაერთგზის ტრიუმფატორი, უამრავი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი!

ყველაფერ ამას სამაგალითო კარიერა ეთქმის.

მიხარია, რომ ლაშამ ჩვენი ძიუდოს ისედაც სახელოვან ისტორიაში ასეთი საოცარი ამბავი დაწერა.

ვულოცავ მას, მის მწვრთნელებს, ძიუდოს ფედერაციას და სპორტის ამ მშვენიერი სახეობის ყველა გულშემატკივარს.

ეს ერთი და სხვა მრავალი!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 ივნისი)
ფოტო: sport.gov.ge

ka_GEGeorgian