ლაშა ტალახაძე: ახლა ყოველ წამს ტოკიოზე ვფიქრობ

მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, ევროპის ჩემპიონობა, მსოფლიოს 5(!) რეკორდი, საქართველოს წლის სპორტსმენის ტიტული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით და რა თქმა უნდა, მსოფლიოს წლის ძალოსნის პრესტიჟული პრემია IWF-გან!
2018 წელს ქართველი ძალოსანი შეუდარებელი იყო და გასაკვირი არაა, რომ მისი შედეგები საერთაშორისო ფედერაციამ კიდევ ერთხელ აღიარა: ტალახაძემ მეორედ მოიგო წლის ძალოსნის ტიტული!
საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ათლეტი ახლა ქობულეთშია. მიზეზი ცნობილია: რამდენიმე საათში სასტუმრო ჯორჯია პალასში
IWF-ის წლის დაჯილდოება დაიწყება, სადაც ლაშა ტალახაძეს ძალოსანთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯილდოს გადასცემენ.
ოლიმპიურ, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 4-გზის ჩემპიონის აჭარასპორტი დღეს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის წინ შეხვდა:

…ის, რაც აქ ხდება, ძალიან მეამაყება. დასამალი არაფერია: მიხარია ეს ყველაფერი. სანამ შემეძლება, ვეცდები საუკეთესო შედეგი ვაჩვენო და თუ ამას დააფასებენ, უკეთესი რა უნდა იყოს?!

…ასეთ ღონისძიებებზე ერთ ადამიანს გამოარჩევენ ხოლმე, მაგრამ ჩემი გამარჯვებები არ იქნებოდა, და ვერც მედლებს მოვიგებდი, ჩემი გუნდის მხარდაჭერა რომ არა: ფედერაციის ხელმძღვანელობა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ჩემი მწვრთნელი, თანაგუნდელები… დღევანდელი აღიარება თითოეული მათგანის დამსახურებაა. ჩვენ ერთად მივდივართ მიზნებისკენ და მინდა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემპიონობაში დამეხმარა, მადლობა გადავუხადო!

…გუნდი წლიდან წლამდე აუმჯობესებს შედეგებს. ვფიქრობ, სწორედ მედლებით და გამარჯვებებით უნდა გადავუხადოთ მადლობა საქართველოს და მათ, ვინც გვქომაგობს და მხარს გვიჭერს.

…მთავარი ტურნირი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. იმის გათვალიწინებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება, ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი გველის. გუნდი მონდომებით ემზადება და ვფიქრობ, შევძლებთ სასურველი შედეგების ჩვენებას.

…ოლიმპიადა? მიუხედავად იმისა, რომ ამაზე იშვიათად ვსაუბრობ, ტოკიოს თამაშები ჩემი მთავარი მიზანია. რიოს ოლიმპიადა რომ მოვიგე და კვარცხლბეკიდან ოქროს მედლით ჩამოვედი, იმ წამიდან ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ვფიქრობ! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც მაშინ, რიოში, საქართველოს ჰიმნის დროს განვიცდიდი! მინდოდა ის მომენტი არასდროს დასრულებულიყო! ის გამარჯვებები, რაც რიოს ოლიმპიადის შემდეგ მოვიპოვე, სწორედ ტოკიოზე ფიქრითაა განპირობებული. გულით მინდა, რომ კიდევ ერთხელ მოვიგო ოლიმპიური თამაშები – ეს წარმოუდგენელი, ენითაუწერელი სიხარულია!

ლაშა გოდუაძე ქობულეთიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 მაისი)

ka_GEGeorgian