ლაშა ტალახაძემ რაფაელ ჩიმიშკიანის რეკორდი გაიმეორა!
ბათუმში გამართული ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად დაასრულა: ყველაზე მძიმე, +109კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა, ვერცხლს კი ირაკლი თურმანიძე დაეუფლა.
ტალახაძე ზედიზედ მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი და ძალოსნობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანის „ქართული“ რეკორდი გაიმეორა – 1954, 1955, 1956 და 1957 წლებში ბატონი რაფო ასევე ზედიზედ 4-ჯერ დაეუფლა ევროპულ ოქროს!
ევროტიტულების მხრივ ტალახაძე ჯერ კიდევ ჩამორჩება რაფაელ ჩიმიშკიანს. ამ უკანასკნელის აქტივში ევროჩემპიონატზე მოგებული 6 ოქროა, თუმცა ტალახაძის ასაკის გათვალისწინებით (ის 25 წლისაა), სრულიად შესაძლებელია, რომ მალე ლაშას მეტი ოქროს მედალი დაუგროვდეს.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძეს 2000, 2001 და 2002 წლებში ასევე ზედიზედ მოუგია ევროპის ჩემპიონატი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა კი საქართველოს სახელით 2-ჯერ გაიმარჯვა კონტინენტის პირველობაზე – 1992 და 1993 წლებში. საბერძნეთის სახელით ის კიდევ 2-ჯერ გახდა უძლიერესი (1995, 1996).
ევროპის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთ სახელოვან ქართველ ძალოსანს მოუგია: მეხიკოს (1968) და მიუნხენის (1972) ოლიმპიადების ვერცხლის პრიზიორი დიტო შანიძე 1972 წელს კონსტანცაში (რუმინეთი), ხოლო 1973 წელს მადრიდში (ესპანეთი) დაეუფლა ევროპულ ოქროს.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 აპრილი)