ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია და… მესამეა!
საქართველოს ბოლო წლების საუკეთესო სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ რამდენიმე საათის წინ ზედიზედ მეოთხედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული! ტაილანდის საკურორტო ქალაქ პატაიაში მან მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა!
საჩხერელი გოლიათი პირველი ქართველი ძალოსანია, რომელმაც მსოფლიოს უძლიერესი ათლეტის წოდება 4-ჯერ მოიგო, საინტერესო კი ისაა, რომ ტალახაძე დღევანდელი ტრიუმფით სახელოვანი მოჭიდავის რომან რურუას მხარდამხარ დადგა. და კიდევ უფრო მიუახლოვდა ლეგენდარულ ლევან თედიაშვილს.
გაინტერესებთ რა მიღწევაზე ვსაუბრობ ან რა შუაშია ძალოსნობა და ჭიდაობები?
გეტყვით: ჩვენი სპორტის ისტორიაში მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა მოიგო ზედიზედ 6 უდიდესი ტურნირი და ის იუმორით ცნობილი საგარეჯოელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გახლავთ. ცხადია მხოლოდ ოლიმპიურ სახეობაში მოპოვებულ პირადი პირველობის ოქროს ვითვალისწინებ, მთავარ ტურნირებში კი ოლიმპიადის გარდა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიაზრებ.
ლევან თედიაშვილი 1971 წლიდან მეფობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაშლილ საჭიდაო ხალიჩებზე: 1971, 1973, 1974 და 1975 წლებში ზედიზედ 4-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 1972 და 1976 წლებში კი, შესაბამისად, მიუნხენსა და მონრეალში, ის ყველა ათლეტისთვის საოცნებო ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა! მონრეალური ტრიუმფით ლევან თედიაშვილმა არანაკლებ სახელოვანი მოჭიდავის რომან რურუას მიღწევა გააუმჯობესა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რურუამ 1966, 1967, 1969 და 1970 წლებში მსოფლიო ჩემპიონატებზე იპირველა, მეორე და მესამე გამარჯვებებს შორის კი, 1968 წელს მეხიკოში, ოლიმპიური ოქროთიც დაიმშვენა მკერდი.
რურუა პირველი ქართველი გახლდათ, ვინც ზედიზედ 5 ოქრო მოიგო ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე!
დღეს ლაშა ტალახაძე რომან რურუას გვერდით დადგა. წინ მხოლოდ თედიაშვილია და თუ ტალახაძემ ერთი წლის შემდეგ, ტოკიოშიც იპირველა, ზედმიწევნით ზუსტად გაიმეორებს ლეგენდარული მოჭიდავის მიღწევას – ოქრო მსოფლიოზე, ოქრო ოლიმპიადაზე, ზედიზედ სამი ოქრო მსოფლიოზე და…
ვნახოთ.
ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება. 2020 წლის მთავარი სპორტული ფორუმის ცეცხლი 24 ივლისს აგიზგიზდება.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 27 სექტემბერი)