ლაშას ლიგა

გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ბიჭი თავის ლიგაშია და მხოლოდ საკუთარ თავს ეჯიბრება.
2015 წლიდან დაწყებული ყველამ იცის, თუ ვინ მოიგებს მძიმეწონოსან ძალოსანთა ოქროს მედალს ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო-ევროჩემპიონატებზე.
სხვები? ისინი მხოლოდ ვერცხლს ეცილებიან ერთმანეთს.
არ ვიცი რამდენად ზუსტი შედარებაა, მაგრამ დაახლოებით ის ამბავი მგონია, 1992 წელს ბარსელონაში ამერიკის ოცნების გუნდი რომ ჩავიდა: ჯორდანი, მეჯიქი, პიპენი, ბარკლი, მელოუნი, სტოქტონი, ბერდი, იუინგი, დრექსლერი…
ყველამ იცოდა, რომ ოლიმპიური ოქრო მათი იყო. დანარჩენები ფინალისთვის თამაშობდნენ…

ტოკიოს ოლიმპიადა ლაშამ 47კილოგრამიანი(!!!) უპირატესობით მოიგო, ტაშკენტში კი ჩვენმა გოლიათმა ვერცხლის მედალოსანს „მხოლოდ“ 35 კილოთი აჯობა.
ვითომ სანერვიულოა ეს?
არანაირად.
მე ის უფრო მაინტერესებს, მოერევა თუ არა ლაშა ორჭიდში 500 კილოს.
გუშინდელი ტრიუმფით არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. მე ეს 5 ფაქტი გამოვარჩიე:

1: ჩვენი სპორტის ისტორიაში ლაშა გახდა პირველი, რომელმაც წლის მთავარი შეჯიბრება – ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი – ზედიზედ მეშვიდედ მოიგო!
მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული, ლაშა მხოლოდ ოქროს ეუფლება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე (2016, 2020) და ზედიზედ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე (2015, 2017, 2018, 2019, 2021).
ქართული სპორტის ისტორიაში ასეთი სერია სხვას არ აქვს.

2: ტაშკენტში გამარჯვებით ლაშამ კიდევ ერთი „ქართული რეკორდი“ გააუმჯობესა, რომელიც დიდი ხანია მასვე ეკუთვნის: მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული ის კონტინენტის პირველობაზე და მსოფლიო-ოლიმპიადებზე მხოლოდ ოქროს იგებს!
სერია უკვე 12 გამარჯვებას აერთიანებს – 2 ოლიმპიადა და 5-5 მსოფლიო და ევროპა.

3: ტოკიოს ოლიმპიადის მსგავსად, ლაშამ ტაშკენტშიც მსოფლიოს 3 რეკორდი გააუმჯობესა.
2018 წელს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი წონითი კატეგორიები შემოიღო და მსოფლიო რეკორდების ხელახალი აღნუსხვა დაიწყო. მას შემდეგ ლაშამ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში 21ჯერ(!!!) დაძლია ახალი, სარეკორდო წონა!
ცნობისათვის: 2018 წლამდე მას მსოფლიოს 4 რეკორდი ეკუთვნოდა.

4: ატაცში დაძლეული 267 კილოგრამით ლაშამ ყველა დროის რეკორდი დააფიქსირა – ასეთი წონა ადამიანმა პირველად დაიმორჩილა!
წონითი კატეგორიების ცვლილებამდე ამ მოძრაობაში მსოფლიო რეკორდი – 266კგ – ბელარუს (საბჭოთა) ლეონიდ ტარანენკოს ეკუთვნოდა (1988).
გუშინდელის შემდეგ ლაშა პირველია.

5: ლაშა მხოლოდ მეორეა ყველაზე მძიმე წონითი კატეგორიის ძალოსნებიდან, ვინც ზედიზედ 5 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
აბსოლუტური რეკორდი – გამარჯვება ზედიზედ 6 მსოფლიო ჩემპიონატზე, ვასილი ალექსეევს ეკუთვნის – 1970, 1971, 1973, 1974, 1975 და 1977.
თუმცა ეს უკანასკნელი მსოფლიოს 8გზის ჩემპიონი გახლავთ. საქმე ისაა, რომ მაშინ ოლიმპიადა ძალოსანთათვის მსოფლიო ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებდა და ალექსეევს მიუნხენსა (1972) და მონრეალში (1976) მოგებული ოლიმპიური ოქროს გარდა, ამიტომ მიენიჭა მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსიც.
მარტივად რომ ვთქვა: მან მსოფლიოს 8 ოქრო 6 ჩემპიონატზე მოიგო.
თუ ლაშა ტალახაძე საგაისო მსოფლიო ჩემპიონატში (ჩონკინი, ჩინეთი) გაიმარჯვებს, ალექსეევის გვერდით დადგება – ზედიზედ 8 ოქრო წლის უდიდეს შეჯიბრებებზე!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 18 დეკემბერი )
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian