ლაშას მეშვიდე ევროპა

სომხეთის დედაქალაქში გამართული ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა – უმძიმეს (+109კგ) წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ გაიმარჯვა!
222 კილო ატაცში, 252 აკვრაში, 474 კილოგრამი ორჭიდის ჯამში და დაგეგმილი ოქროს მედალი! ქართველმა ძალოსანმა მეორე ადგილზე გასულ სომეხ ვარაზდატ ლალაიანს 12, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს, სომხეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრს სიმონ მარტიროსიანს 34 კილოგრამით აჯობა.

ეს ლაშას ზედიზედ მეშვიდე ტრიუმფია კონტინენტის პირველობაზე. 2016 წლიდან ის უცვლელად იგებს ევროჩემპიონატს და მიჯრით მეშვიდე ტრიუმფით ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მძიმეწონოსანი ძალოსნის ვასილი ალექსეევის მიღწევა გააუმჯობესა. ამ უკანასკნელმა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირის სახელით ასპარეზობდა, კარიერის განმავლობაში ევროპის ჩემპიონატი რვაჯერ მოიგო, თუმცა ერთწლიანი ინტერვალით – 1970-1975 და 1977-1978 წლებში.

გაისად ევროპის ჩემპიონატი თურქეთში, ანტალიაში ტარდება და ლაშას ალექსეევის კარიერული რეკორდის გამეორების მშვენიერი შანსი ექნება, მანამდე კი მან ჩვენი სპორტის ერთი რეკორდი გაიმეორა – ევროპის 7-გზის ჩემპიონი ქართველთაგან მხოლოდ მესტენდური ტარიელ ჟღენტი გახლდათ, ახლა კი ამ შედეგს ტალახაძეც ფლობს. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლაშასგან განსხვავებით ბატონმა ტარიელმა შვიდიდან ექვსი ოქროს მედალი გუნდის შემადგენლობაში მოიგო და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა პირად ჩათვლაში, 1973 წელს იტალიის ქალაქ ტორინოში.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ერევანში გამართული ევროპირველობა საერთო ჯამში მშვენიერი შედეგით დაასრულა. ლაშას გარდა ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61კგ) მოიგო, რამინ შამილიშვილი (55კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ), გიორგი ჩხეიძე (109კგ) და ანასტასია გოტფრიდი (+87კგ) კი ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

წლის მთავარ შეჯიბრებას – მსოფლიო ჩემპიონატს 2-17 სექტემბერს საუდის არაბეთი, რიადი უმასპინძლებს.

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 24 აპრილი)
ფოტო: ევროპის ძალოსნობის ფედერაცია

ka_GEGeorgian