ლაშას მეხუთე ევროპა

ლაშა ტალახაძის მორიგი ტრიუმფის წყალობით, მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.
ეს, პირადად ჩემთვის, დიახაც რომ ემოციური ამბავი იყო, მაგრამ ვინაიდან გადაპრანჭული სადღეგრძელოები ნამეტანი არ მიყვარს, მხოლოდ მშრალ და, ჩვენი სპორტის ისტორიაში 3 ფანტასტიკურ ფაქტზე გეტყვით:

1: 2015 წელს, ჰიუსტონში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაწყებული, ლაშამ ზედიზედ მე10!!! დიდი ტურნირი მოიგო – 2016 წლის რიოს ოლიმპიადა, მსოფლიოს 4 ჩემპიონატი და ევროპის უკვე 5 პირველობა!
ასეთი რამ ქართული სპორტის ისტორიაში არავის გაუკეთებია და მსოფლიოშიც, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია მსგავსი შედეგის ავტორი.

2: ლაშამ ზედიზედ მეხუთედ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული!
ერთის მხრივ, ეს ლეგენდარული ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის რეკორდის გამეორებაა – ბატონი რაფოც 5ჯერ იყო ევროჩემპიონი, მაგრამ ლაშასგან განსხვავებით, მან „მხოლოდ“ 4 ჩემპიონატი მოიგო მიჯრით.

3: და ბოლოს, მოსკოვში ლაშამ კიდევ ერთხელ დაამყარა მსოფლიო რეკორდი და ამაზე უფრო დაწვრილებით დავწერ:
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ – IWF – 2017 წლის შემდეგ წონითი კატეგორიები შეცვალა და ამიტომ, ლაშას წინა 4 მსოფლიო რეკორდი ისტორიის საკუთრება გახდა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული კი საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ათლეტმა (დღეს უკვე არ მეშინია ამის თქმა) მოსკოვში მე14 და მე15 მსოფლიო რეკორდები დაისაკუთრა!!!

ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ლაშა ტალახაძეს ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ საქართველოს ყველა დროის უდიდესი სპორტსმენი გახდეს. ტიტულებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

საამისოდ მას მხოლოდ დრო სჭირდება – არნახული ჯანი აქვს და იმედია კიდევ მეტი ოქროთიც დაიხუნძლება.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 13 აპრილი)
ფოტო: ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ka_GEGeorgian