ლეა თი ტონინიოს ასული

17 მაისს ჩვენში ნამეტანი იძაბება ხოლმე სიტუაცია და ეს პატარა ამბავიც გუშინ გამახსენდა, ერთი ნაწილისთვის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე რომაა და სხვებისთვის – ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე.
ვისაც სპორტი გიყვართ და გაინტერესებთ, თუ გცალიათ წაიკითხეთ და ვისაც არა კიდე, ეგ არაფერი – სულ კარგად მენახეთ.

მოკლედ ასეა: 2016 წლის 5 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიის მიწურულს, მარაკანაზე, ბრაზილიის ოლიმპიურ გუნდს ლეა თი ველოსიპედით შეუძღვა და გახდა პირველი ტრანსგენდერი, ვინც ოლიმპიადების გახსნებში მიიღო მონაწილეობა.

ლეა თის სრული სახელი და გვარი ლეანდრო მედეირუშ სერეზოა, რომელიც 1981 წლის 19 თებერვალს ვაჟად მოევლინა ქვეყანას, მაგრამ 2012 წლის მარტში, ტაილანდში, სქესი შეიცვალა და მას შემდეგ ქალად განაგრძო სამოდელო კარიერა. სხვათა შორის, ლეა სამოდელო სახლებსა და წარმატებულ კუტურიეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხშირად ჩნდება პოპულარული გამოცემების გარეკნებზე, რამდენიმე წლის წინ კი ჟურნალმა ფორბსმა იმ 12 ქალს შორის დაასახელა, იტალიური მოდა რომ გადარიეს და ჭკუიდან შეშალეს.

კაი, ოლიმპიადას თავი დავანებოთ: ჩემთვის, როგორც ფეხბურთის დიდი მოყვარულისთვის უფრო საინტერესო ისაა, რომ ლეა თი ტონინიო სერეზოს შვილია. დიახ, სწორედ იმ ტონინიო სერეზოსი, 1982 წელს ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო რომ იყო ბრაზილიელთა შორის, 80-90 წლების შესაყარზე კი სერია აში რომ ითამაშა და 1984 წელს ჯერ რომას, 1992 წელს კი სამპდორიას მაისურით ჩემპიონთა თასის ორი ფინალი წააგო…

რა შუაშია, მაგრამ მაინც: რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის საუკეთესო მომენტი, ჩემი აზრით, დანიელ ჟობიმმა რომ Girl from Ipanema შეასრულა და ჟიზელ ბიუნდხენმა კიდე კეკლუცად რომ გაისეირნა, ეგ იყო…

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 17 მაისი)

ka_GEGeorgian