ლებრონ ჯეიმსი დიდ სამეულში

ეს ლოს ანჯელეს ლეიკერსი ძალიან ძლიერია: კალიფორნიელებმა კვლავ უშანსოდ აჯობეს მეტოქეს – ამჯერად მაიამი ჰითი დაამარცხეს, 95:80.

რეგულარული სეზონის სტარტზე, თანაქალაქელ კლიპერსთან წაგების შემდეგ, ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

ლეიკერსის 23-ე ნომერმა სამმაგი ვერა, მაგრამ მორიგი საინტერესო მიღწევა კი მიითვალა: გახდა მხოლოდ და მხოლოდ მე-3, რომელმაც ათას მატჩში მოაგროვა მინიმუმ 20 ქულა. აქვე გეტყვით, რომ ლებრონ ჯეიმსის 17-წლიან კარიერაში მაიამი ჰითთან შეხვედრა 1206-ე იყო რეგულარულში.

მასზე მეტი 20-ქულიანი თამაში მხოლოდ 2 ლეგენდას ჰქონდა: 90-იანი წლების იუტა ჯაზის სუპერვარსკვლავს და ლიგის მეორე ყველაზე შედეგიან მოთამაშე კარლ მელოუნს – 1134, და NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე ქარიმ აბდულ-ჯაბარს – 1122. ლეიკერსის და ლიგის ყველა დროის ერთ-ერთმა სუპერვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა შთამბეჭდავი კარიერა 941 20-ქულიანი თამაშით დაასრულა.

კვირას ლოს ანჯელეს ლეიკერსი NBA-ის ჩემპიონ ტორონტო რეპტორსს მასპინძლობს და გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიელებს სწორედ კანადელებთან დაუბრუნდება რაჟონ რონდო. მას სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა.

ლაშა გოდუაძე (2019 წლის 9 ნოემბერი)

ka_GEGeorgian