ლეგენდა

ზუსტად 60 წლის წინ, 1962 წლის 18 სექტემბერს, მოსკოვში, სამეცნიერო და ტექნიკური პროპაგანდის სახლის დიდ დარბაზში დაიწყო მატჩი ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის: 49 წლის ელისაბედ ბიკოვას წინააღმდეგ 21 წლის პრეტენდენტი, ნონა გაფრინდაშვილი იბრძოდა.

ბიკოვა მეოთხედ იცავდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, გაფრინდაშვილის სავიზიტო ბარათი კი რუს მოჭადრაკესთან შედარებით ძალიან მოკრძალებული იყო: თბილისის ჩემპიონობა, საქართველოს პირველობის სამი ოქროს მედალი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება, მეორე ადგილი თბილისის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე, პირველი ადგილი თბილისი-ბათუმის და თბილისი-სოხუმის ქალთა თასზე და დამაჯერებელი გამარჯვება იუგოსლავიაში, პრეტენდენტთა შეჯიბრებაში.

სასტარტო პარტია, რომელიც ნონამ შავი ფიგურებით დაიწყო, მეორე დღეს ყაიმით დასრულდა.

ხოლო ის, რაც შემდეგ მოხდა, ჭადრაკის მოყვარულებმა პირველად იხილეს: მომდევნო ათი დაპირისპირებიდან ნონა გაფრინდაშვილმა შვიდი მოიგო, მხოლოდ სამი დაასრულა ყაიმით და დაუმარცხებლად, ვადაზე ადრე გაიმარჯვა – 9:2!

ქალთა ჭადრაკის ისტორიაში ეს მეექვსე სატიტულო მატჩი იყო (ცალკეულ წლებში საუკეთესო წრიული სისტემით გამოვლინდა), მაგრამ ჩემპიონმა პირველად მოიგო ტიტული დაუმარცხებლად!

მოსკოვური დაპირისპირების მთავარმა მსაჯმა, ჩეხმა საერთაშორისო ოსტატმა ნინა გრუშკოვა-ბელსკამ ნონას გამარჯვების შემდეგ თქვა, ჭადრაკის მემატიანეებმა ახალი თავი უნდა დაიწყონ, რადგან საჭადრაკო დედოფლის ტახტზე დიდი ტალანტის და გაქანების 21 წლის ოსტატი ავიდაო.

მისი სიტყვები ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა, რადგან მომდევნო ათწლეულებში ნონა გაფრინდაშვილმა აბსოლუტურად ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა, თასებსა და ოქროს მედლებზე ფასეული კი ისაა, რომ სწორედ მან დაუდო სათავე ქალთა ჭადრაკის არნახულ პოპულარობას და იმ ფენომენს, რომელიც ქართველი მოჭადრაკე ქალის სახელითაა ცნობილი.

ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებების და საპატიო წოდებების ჩამონათვალი ძალიან გრძელია, მაგრამ ის ლამაზად და კოხტად ეტევა ერთ სიტყვაში: ლეგენდა.

სიმბოლურია, რომ საქართველოს XX საუკუნის უდიდეს ქალ სპორტსმენად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილის პირველი მსოფლიო გამარჯვებიდან სამოცი წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს ნორჩ მოჭადრაკეთა შორის – ბათუმს რვაასამდე გოგო-ბიჭი ეწვია სამოცდაათი ქვეყნიდან.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 18 სექტემბერი)
ფოტოზე:
ნონა გაფრინდაშვილი ელისაბედ ბიკოვას წინააღმდეგ. მოსკოვი, 1962 წლის სექტემბერ-ოქტომბერი. ფოტოს ავტორი: მიხეილ ზარგარიანი

ka_GEGeorgian