ლეგენდები ილიას ტბაზე და ყვარელში დალოცვილი სულშერი

2018 წელი ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში გავატარე და ამის შესახებ არაერთ ჩანახატში დავწერე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ის რამდენიმე თვე დიდი და საინტერესო თავგადასავალი იყო, რომელიც მართლა ბრწყინვალედ, უმაღლეს დონეზე ორგანიზებული საჭადრაკო ოლიმპიადით დაგვირგვინდა. ჩემი თუ არ გჯერათ, ჯიჯის ჰკითხეთ, ალფაიძეს. იმან იცის ყველაფერი.

კახეთი ხომ ბაჯაღლოა და შემოდგომის კახეთი – ეს რაღაც სასწაულია! იმ მშვენიერ დღეს, 2018 წლის 4 სექტემბერს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

და როცა ვამბობ, რომ შემოდგომის კახეთი სასწაულია-თქო, პირველ რიგში ბუნების ფერებს ვგულისხმობ – ისეთი პალიტრა, ვთქვათ გომბორის უღელტეხილზე რომ იშლება სექტემბერში, ყველაზე წუნია მხატვარსაც კი შეშურდება!

საჭადრაკო ოლიმპიადამდე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და ბათუმი 2018-მა ბევრი დასამახსოვრებელი ღონისძიება გამართა და ის სტუმრობაც ასეთთა შორის ერთ-ერთი იყო: ჯერ ილიას ტბის პირას აღინიშნა მაია ჩიბურდანიძის მიერ პირველად მოგებული მსოფლიო ჩემპიონობის 40 წლის იუბილე, მოგვიანებით კი თბილისიდან ჩასულებს ყვარლის ღვინის გვირაბში გვიმასპინძლეს, სადაც ოლიმპიადის ერთ-ერთ მხარდამჭერთან, მეღვინეობა ხარებასთან სათანადო შეთანხმება გაფორმდა.

თავდაპირველად სიმბოლურ მატჩზე გეტყვით: ილიას ტბაზე მაია ჩიბურდანიძის მეტოქე კვლავ ნონა გაფრინდაშვილი იყო, ისევე, როგორც 40 წლით ადრე. ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა ამჯერად მხოლოდ 3 პარტია გაითამაშეს და თითო გამარჯვების შემდეგ ყაიმზე შეთანხმდნენ – 1,5:1,5.

მე ის დამამახსოვრდა, რომ ქალბატონი მაია სამივე პარტიის მსვლელობისას გულიანად იცინოდა, ქალბატონი ნონა კი პირიქით, ცხარობდა და მთელი გულით არჩევდა პარტიის მსვლელობას და მეტოქის სვლებს.

თუმცა ვინც ქალბატონ ნონას იცნობს, ასეთ სურათს მიჩვეულია – ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილი ყველა, თუნდაც ასეთ სახალისო პაექრობებსაც კი მთელი სერიოზულობით ეკიდება…

ილიას ტბიდან ყვარელში წავედით, მსოფლიოს ჩემპიონებთან ერთად ჯერ გვირაბში დაცული კოლექცია დავათვალიერეთ და სპეციალურად იმ დღისთვის თავმოხსნილ ჭურში დავარგებული ღვინოც დავაჭაშნიკეთ, შემდეგ კი ქალბატონმა ნონამ და ქალბატონმა მაიამ ჩურჩხელებიც ამოავლეს. ამ ამბავს ორი უკრაინული ოჯახი შეესწრო და უნდა გენახათ რა ბედნიერები იყვნენ! ერთ-ერთმა ქალბატონმა უმალ მეგობარს გადაურეკა და პირდაპირ ეთერში აჩვენა ის წუთები.

ერთი სიტყვით, დიდებული დღე იყო, რომელიც მეღვინეობა ხარების მასპინძლობით დაგვირგვინდა: გვირაბის თავზე, კლდეზე წამოჭიმულ მშვენიერ რესტორანში გაშლილმა სუფრამ, მოლოდინისამებრ, გულგრილი არავინ დატოვა.

მათ შორის არც ჩვენი ნორვეგიელი სტუმარი, რომელიც მანქანაში ჩემ გვერდით იჯდა და ვისთან ერთადაც თბილისიდან ილიას ტბამდე და უკან ნორვეგიული ფეხბურთის წარსული, აწმყო და მომავალი განვიხილე მიოლდეთი და ერიკ მიუკლანდით დაწყებული, ტრონჰეიმის რუსენბორგით, სტეფენ ივერსენით და ტორე ანდრე ფლოთი გაგრძელებული და 1999-ის გაზაფხულზე ნორვეგიელთა თბილისური სტუმრობით დასრულებული.

და ოლე-გუნარ სულშერი?

ჰმ, უმაგისოდ აბა როგორ?!

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ნორვეგიელი ხარებას ღვინით რესტორანში ვადღეგრძელეთ 😉

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ილიას ტბა და ყვარელი; 2018 წლის 4 სექტემბერი

ka_GEGeorgian