ლეო ჩავის გაუტოლდა

ლა ლიგის ბოლო ტურში ბარსელონამ უესკა 4:1 გაანადგურა.
ლეო მესიმ მორიგი სპექტაკლი დადგა: დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემაც მიითვალა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2 საინტერესო მიღწევით გაიმდიდრა ისედაც თვალისმომჭრელი კარიერა:

1- ბარსას მაისური 767ე ოფიციალურ მატჩში მოირგო და კლუბის რეკორდსმენ ჩავის გაუთანაბრდა;

2- მიმდინარე პრიმერადივიზიონში მე20 და 21ე გოლები გაიტანა და გახდა პირველი, რომელმაც ესპანეთის ზედიზედ 13 ჩემპიონატში შეაგდო მინიმუმ 20 გოლი!

დიადი არგენტინელის დებიუტი ბარსას მაისურით 2004-05 წლების სეზონში შედგა და მას შემდეგ ჩატარებული 767 მატჩი ტურნირების მიხედვით ასე ნაწილდება:

510 თამაში ლა ლიგაში
79 მატჩი ესპანეთის თასზე
149 – ჩემპიონთა ლიგაში
29 – ესპანეთის და ევროპის სუპერთასების, ასევე ფიფას საკლუბო ჩემპიონატის ეგიდით.

ესეც თქვენი 767!

ამ 767 მატჩში შეგდებული გოლების რაოდენობას ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავწერ, რადგან ამ მხრივ მესი ძალიან დიდი ხანია ბარსას რეკორდსმენია – 661!!! და აქვე დავძენ, რომ ერთ კლუბში გატანილი ამდენი ბურთით ის ფეხბურთის ისტორიაშიც პირველი გახლავთ.

ახლა რაც შეეხება მეორე მიღწევას: ლეომ მიმდინარე ლა ლიგაში 21 გოლი 25 მატჩში შეაგდო, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი შედეგი კიდევ უფრო გაიზრდება. რადგან: ჯერ ერთი რომ არგენტინელი ახალი წლის შემდეგ დიდებულ ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს; მეორეც – პირველობის ფინიშამდე მთელი 11 ტურია!

მესის სტატისტიკა ბოლო 13 ჩემპიონატში ასეთია:

2008-09 – 23 გოლი (31 მატჩში)
2009-10 – 34 (35)
2010-11 – 31 (33)
2011-12 – 50 (37)
2012-13 – 46 (32)
2013-14 – 28 (31)
2014-15 – 43 (38)
2015-16 – 26 (33)
2016-17 – 37 (34)
2017-18 – 34 (36)
2018-19 – 36 (34)
2019-20 – 25 (33)
2020-21 – 21 (25)

XXVII ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატს კვლავ მადრიდის ატლეტიკო ლიდერობს 63 ქულით, თუმცა ლეოს ბარსას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. მადრიდის რეალიც იქვეა – 57 ქულა. ჯერ არაფერი დასრულებულა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 16 მარტი)
გრაფიკა:
 ემილიო სანსოლინი

ka_GEGeorgian