ლეო მეფეს გაუტოლდა

ვალენსიასთან ზუსტი თავურით ლეო მესი პელეს გვერდით დადგა.
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ მშობლიური სანტოსის მაისურით 643 ოფიციალური გოლი გაიტანა და 19 დეკემბრამდე ეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უძველესი რეკორდი იყო.

19 დეკემბერს კი მესიმ ვალენსიას კარი დალაშქრა (სათქმელია, რომ რამდენიმე წამით ადრე პენალტი ვერ გამოიყენა) და მეფის მიღწევა გაიმეორა – მხოლოდ ამ ორმა დიდებულმა მოთამაშემ მოახერხა ერთი კლუბის შემადგენლობაში ამდენი გოლის გატანა!

წარმოუდგენელი რიცხვია – 643!

ამ მშვენიერი თამაშის ისტორიაში მხოლოდ მეფემ და მესიმ შეძლეს ერთ კლუბში 600 ან მეტი ბურთის გატანა, 500იან ნიშნულს კი მათ გარდა მხოლოდ 4მა გადააბიჯა:

გერდ მიულერი 565 ბაიერნული გოლით მე3 ადგილზეა;

ლისაბონის სპორტინგის ლეგენდა ფერნანდუ ბაპტისტა დე სეიშას პეიროტეუ დე ვასკონსელოსი, იგივე ფერნანდუ პეიროტეუ დედაქალაქურ კლუბს 544 გოლით დაემშვიდობა;

ყველა დროის უდიდესი მეგოლე (მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში) იოზეფ ბიკანი ერთგულთა ამ ჩამონათვალში მე5 ადგილზე დგას პრაღის სლავიაში 291 მატჩში შეგდებული 534 გოლით, ექვსეულს კი ჯიმი მაკგრორი აგვირგვინებს, გლაზგოს სელტიკის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი – 521 ზუსტი დარტყმა.

და თუ მესის 643 ბურთს ტურნირების მიხედვით გავშლით, ასეთ სურათს დავინახავთ – 450 ლა ლიგაში (არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირია), ესპანეთის თასზე – 53, ჩემპიონთა ლიგაში – 118, ხოლო სხვა ტურნირებში (ესპანეთის და ევროპის სუპერთასები, ფიფას საკლუბო ჩემპიონატი) – 22.

აქვე კიდევ ერთ, არგენტინელის მომავალ მიღწევაზეც დავწერ: ბარსელონის ლიდერისთვის ვალენსიას კარში შეგდებული ბურთი უმაღლეს დონეზე, ოფიციალურ მატჩებში გატანილი 741ე გოლი იყო და ამ შედეგით ის მე6 ადგილზეა.

საუკეთესო ხუთეულის ბოლო წევრს, ფერენც პუშკაშს მესი, სავარაუდოდ, ახალი წლის პირველ დღეებში გადაასწრებს – უნგრელმა კარიერა 746 ზუსტი დარტყმით დაასრულა, სეზონის ბოლომდე კი ლეომ, შესაძლოა, ფეხბურთის მეფეს კიდევ ერთი მიღწევა აართვას და უდიდეს გოლეადორთა ჩამონათვალში მე4 ადგილი წაართვას. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ საოცარ კარიერაში 767 ოფიციალური ბურთი გაიტანა.

26 გოლი 5 თვეში მესისთვის წარმოუდგენელი შედეგი ნაღდად არაა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 22 დეკემბერი)
გრაფიკა: ემილიო სანსოლინი

ka_GEGeorgian