ლეო მესი კლასიკოს ბომბარდირია!

ესპანეთის ჩემპიონატის XXIX ტურში ჩემპიონატის ლიდერმა მადრიდის რეალმა ბარსელონას უმასპინძლა. ძალიან ლამაზი და საინტერესო დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 3:4, კატალონიელთა არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა და ახლა 21 გოლით ელ კლასიკოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

„სიტყვები არ მყოფნის ლეოს თამაშის შესაფასებლად! მატჩის წინ ვთქვი, რომ ამ შეხვედრას თუ ვერ მოვიგებდით, ჩემპიონობისთვის ვეღარ ვიბრძოლებდით. მიხარია, ასე რომ არ მოხდა – დღეს ძალიან ბედნიერი ვარ“! – განაცხადა ბარსელონის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ.

მესიმ პირველი გოლი შესვენებამდე გაიტანა, მეორე ტაიმში კი 2-ჯერ ზუსტად დაარტყა 11-მეტრიანი. ამ შეხვედრამდე ის და ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანო 18 გოლით ლიდერობდნენ ელ კლასიკოს ბომბარდირთა სიას, ახლა კი მხოლოდ ლეოა პირველი.

რეალი-ბარსელონის დაპირისპირებაში შეგდებული 21 გოლიდან მესიმ 14 ჩემპიონატის შეხვედრებში გაიტანა, 5 – ესპანეთის სუპერთასზე, 2 კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში.

სანტიაგო ბერნაბეუზე შესრულებული ჰეთ-თრიქი არგენტინელისთვის მე-19 იყო ესპანეთის ჩემპიონატში და ამ მაჩვენებლით ის მასპინძელთა პორტუგალიელ ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს წამოეწია. ორივე მათგანი მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჩამორჩება: ალფრედო დი სტეფანოს და ტელმო სარას, რომელთა აქტივშიც 22 ჰეთ-თრიქია.

შეგახსენებთ: 16 მარტს, ოსასუნასთან კამპ ნოუზე 7:0 მოგებულ მატჩში ლეომ ასევე ჰეთ-თრიქი შეასრულა და კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – გასული საუკუნის 20-იანი წლების ფორვარდს, პაულინიო ალკანტარას გადაასწრო. ახლა ლეოს აქტივში 374 ბარსელონური გოლია, რომელთაგან 347 ოფიციალურია.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 24 მარტი)

ka_GEGeorgian