ლეო მესის 400

13 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბარსელონამ 3:0 დაამარცხა ეიბარი – ლუის სუარესმა ორჯერ გაუტანა ბასკებს, მის დუბლს შორის კი ლეო მესიმაც გაისროლა.

კატალონიელთა ათიანი ამ გოლით ევროპული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა: ის პირველია, რომელმაც ერთი ქვეყნის ჩემპიონატში ერთი კლუბის მაისურით 400 გოლი გატანა!

ის, რომ ლეო ბარსას უამრავი რეკორდის მფლობელია, არახალია. ფენომენი წლიდან წლამდე უტევს ახალ მიღწევებს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კარიერის დასასრულისთვის ბარსას და ალბათ, ლა ლიგის თითქმის ყველა ინდივიდუალური რეკორდი მისი იქნება.

და შესაძლოა, ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთოევროპულ რეკორდსაც გააუმჯობესებს, რომელიც… ჩეხოსლოვაკიელ იოზეფ პეპი ბიკანს ეკუთვნის. გასული საუკუნის 30-50-იან წლებში ბიკანმა ჩეხოსლოვაკიის და ავსტრიის ჩემპიონატებში 517 გოლი შეაგდო!

მესის საშუალო შედეგიანობის გათვალისწინებით, არგენტინელი ბიკანს დაახლოებით 3 სრულ სეზონში უნდა დაეწიოს. რთული იქნება, მაგრამ ლეოსთვის რომ შეუძლებელი არაფერია, უთვალავჯერ დაამტკიცა.

რაც შეეხება ბიკანს, ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია – IFFHS – მას XX საუკუნის საუკეთესო ბომბარდირად აღიარებს. ხსენებული ორგანიზაციის მონაცემებით, ბიკანმა ოფიციალურ მატჩებში 805 გოლი გაიტანა (ამ მხრივ პელეზე წინაც დგას), ხოლო კარიერის მანძილზე 1 468 ბურთი შეაგდო, რაც მსოფლიო რეკორდი გახლავთ!

მესის 400 გოლი წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირთა ჩამონათვალში არგენტინელი მეორეა. იოზეფ ბიკანის გარდა ის კიდევ… 8 გოლეადორს ჩამორჩება: ლეგენდარულმა უნგრელმა ფერენც პუშკაშმა 1943-66 წლებში უნგრეთის და ესპანეთის ჩემპიონატებში 514 ბურთი გაიტანა! მისმა თანამემამულე იმრე შლოსერმა 1905-28 წლებში უნგრეთის და ავსტრიის პირველობებში 417 გოლი მიითვალა, მესამე უნგრელმა დიულა შენგელერმა (1935-53) კი 411-ჯერ გამოიჩინა თავი უნგრეთსა და იტალიაში.

მათ შემდეგ მოდიან შოტლანდიელი ჯიმი მაკგორი – 408 ბურთი 1922-38 წლებში, 50-60-იანი წლების ლეგენდარული გერმანელი უვე ზეელერი – 406, და იუგოსლავიელი სტეპან ბობეკი (1945-58) – 403 ზუსტი დარტყმა.

ამ პატივცემულ თავდამსხმელთაგან მხოლოდ ზეელერია ცოცხალი, თუმცა არის კიდევ ერთი, ვინც ამ ჩამონათალში მესიზე წინაა და კვლავ აგრძელებს ძლევამოსილ სვლას. ხვდებით ალბათ, ეს კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც ყველა დროის ტოპ-ბომბარდირებში… მეოთხეა 412 ბურთით!

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა ლიდერმა 400-გოლიანი ზღვარი სწორედ იტალიაში გადალახა, მისი 412 გოლი კი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: 3 პორტუგალიის სუპერლიგაში, 84 ინგლისის პრემიერლიგაში, 311 ლა ლიგაში, 14 კი სერია ა-ში.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლეო მესის საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს რომ ტემპი არ დააგდოს. როგორც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ამბობდა: გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ბოლოსთვის კი ევროპის 5 უძლიერესი ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებს გაგაცნობთ:
ესპანეთი: ლეო მესი (ბარსელონა) – 400
გერმანია (გფრ): გერდ მიულერი (ბაიერნი) – 365
ინგლისი: ჯიმი გრივსი (ჩელსი, ტოტენჰემ ჰოთსფური, ვესტ ჰემ იუნაიტედი) – 357
საფრანგეთი: დელიო ონისი (მონაკო, სტად დე რეიმსი, ტური, ტულონი) – 299
იტალია: სილვიო პიოლა (პრო ვერჩელი, ლაციო, ტორინო, იუვენტუსი, ნოვარა) – 274

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 იანვარი)

ka_GEGeorgian