ლეოს 20 ზღაპარი
პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატმა გულშემატკივრებს ახლახანს დასრულებული საკლუბო სეზონი უცბად მიავიწყა: ყველა სანაკრებო პაექრობებს ადევნებს თვალს.
არაერთი საინტერესო კითხვა დაისვა: ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი? შეძლებს ესპანეთი 4 წლის წინ მოგებული ტიტულის შენარჩუნებას? რამდენად მზადაა ინგლისი ევრომწვერვალზე ასასვლელად?
ამ და სხვა კითხვებზე ნელ-ნელა გვიპასუხებენ, მანამდე კი ის ვთქვათ, რაც დანამდვილებით ვიცით: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეო მესიმ 2011-12 წლების სეზონში 20 რეკორდი მიითვალა! 24 წლის ბიჭისთვის ეს ზღაპრული შედეგია!
1 – ლეო მესი პირველია, ვინც ერთ სეზონში 6 სხვადასხვა ტურნირში შეძლო გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება.
2 – 29 საგოლე პასი სეზონში ბარსას ათიანის ახალი პირადი რეკორდია.
3 – 24 წლის მესი ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც პრიმერადივიზიონში 150-გოლიან ნიშნულს გადააჭარბა!
4 – ჩემპიონატში ლეომ ზედიზედ 6 საშინაო მატჩში შეძლო გოლის გატანა და თან, ასეთი სერია 2-ჯერ მიითვალა. ესეც პირადი რეკორდია.
5 – მესიმ მარტინსის (1942-43) და რონალდოს (1996-97) საკლუბო რეკორდები გაიმეორა – ჩემპიონატის მიჯრით 10 მატჩში გაიტანა.
6 – ლა ლიგაში ბარსას ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი ახლა არგენტინელს ეკუთვნის. მაიორკასთან 5:0 მოგებულ თამაშში მან 3 გოლი 17 წუთში შეაგდო!
7 – 2011-12 წლების ჩემპიონატში კატალონიელთა ლიდერმა 10 პენალტი გაიტანა. არგენტინელმა ნიდერლანდელი რონალდ კუმანის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
8 – ბარსას მაისურით პრიმერადივიზიონის ბომბარდირის წოდება 2-ჯერ მხოლოდ კინიმ და მესიმ მოიგეს. ეგაა მხოლოდ, რომ კინიმ 2 საუკეთესო სეზონში საერთო ჯამში უფრო ნაკლები გაიტანა, ვიდრე ლეომ ახლახანს დასრულებულ ჩემპიონატში.
9 – მესიმ სამუელ ეტოოს საკლუბო რეკორდი გაიმეორა – ჩემპიონატში ზედიზედ 7 გასვლით მატჩში გაიტანა.
10 – სამხრეთამერიკელმა გენიოსმა ბარსას მაისურით ლა ლიგაში უკვე 214 მატჩი ჩაატარა. ამდენი შეხვედრა ჩემპიონატში ლეგიონერთაგან არავის უთამაშია.
11 – განვლილ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა 60 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ესეც პირადი რეკორდია.
12 – ზედიზედ მე-4 სეზონია მესის ყველა ტურნირში 35-ზე მეტი გოლი გააქვს. წლების წინ ასეთი უხვგოლიანი სერია მხოლოდ რეალის მექსიკელ გოლეადორ უგო სანჩესს ჰქონდა.
13 – ლეომ განვლილ ჩემპიონატში 8 ჰეთ-თრიქი მიითვალა. ეს ტურნირის რეკორდია.
14 – არგენტინელს ლა ლიგაში უკვე 14 ჰეთ-თრიქი დაუგროვდა. ამ მხრივ ის ბარსას ისტორიაში უკონკურენტოა.
15 – მესიმ ზედიზედ მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ესეც არნახული შედეგია!
16 – ჩემპიონთა ლიგის განვლილ სეზონში ლეომ 7 საგარეო თამაშში გაიტანა. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ ერნან კრესპომ, იარი ლიტმანენმა და ტიერი ანრიმ მოახერხეს.
17 – უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაში გატანილი 14 გოლი ტურნირის ახალი რეკორდია.
18 – 24 წლის ლეო ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 50-გოლიან ნიშნულს გადაცდა.
19 – ლევერკუზენის ბაიერს არგენტინელმა ერთ მატჩში 5 გოლი გაუტანა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ასეთი შედეგით ვერავინ დაიკვეხნის.
20 – განვლილ სეზონში შეგდებული 73 ბურთით, რაც არათუ კლუბის, ევროპის რეკორდია, მესი ბარსელონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 232 გოლის გამტან სესარს გადაასწრო. არგენტინელის ანგარიშზე ახლა 253 გოლია.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 18-24 ივნისი)