ლევან ყიფიანი: ეს საქართველოს დიდი გამარჯვებაა!

2018 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს! ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში გამართულ ფიდეს კონგრესზე საქართველოს ზღვისპირა კურორტმა 93 ხმა მიიღო!

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ბათუმის გამარჯვების შემდეგ განაცხადა: ვულოცავ მთელ საქართველოს ამ გამარჯვებასჩვენი ქვეყანა ახლო მომავალში კიდევ ერთ უმაღლესი რანგის სპორტულ შეჯიბრს უმასპინძლებს! ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვა წარსული დიდების აღდგენისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია! ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ოლიმპიადის ორგანიზებისთვის 20 მილიონი დოლარი გაიღოს და უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს იმ 170 ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც 2018 წელს ბათუმს ეწვევა. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ჩატარებული ოლიმპიადა საუკეთესოდ იქნება ორგანიზებული და არამხოლოდ მოჭადრაკეების და გულშემატკივრების, არამედ საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელთა მოწონებასაც დაიმსახურებს“!

კონგრესის მონაწილეებს ბათუმი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ტრომსიოში ევროპის საჭადრაკო კავშირის პეზიდენტად არჩეულმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა წარუდგინეს. ასევე სიტყვით გამოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

„ქართული სპორტის ისტორიაში ჭადრაკს გამორჩეული ადგილი უკავია, რის დასტურიც ჩვენი ლეგენდარული მოჭადრაკეების მიერ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე მოპოვებული წარმატებებია!ქართველები ჭადრაკს ყველგან თამაშობენ და თავიანთი საჭადრაკო წარსულით სამართლიანად ამაყობენ!
1962
წელს ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 14 წლის მანძილზე მან 5-ჯერ დაიდგა გვირგვინი!1978 წელს საჭადრაკო გვირგვინი საქართველოში დარჩაქალბატონმა ნონამ მსოფლიოს ჩემპიონობა მაია ჩიბურდანიძეს გადაულოცა, რომელმაც 1991 წლამდე, 13 წლის მანძილზე, ასევე 5-ჯერ მოიპოვა ეს წოდება!
ქართველი მოჭადრაკე ქალები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 4-ჯერ გახდნენ ოლიმპიადის გამარჯვებულები!
2003 წელს, ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონი ვაჟთა შორის ქართველი დიდოსტატი, ზურაბ აზმაიფარაშვილი გახდა!
ამ საჭადრაკო ისტორიამ შექმნა საერთაშორისო დონის ტურნირების საქართველოში გამართვის ტრადიციაც: ქვეყნის ერთერთი ულამაზესი კუთხე კახეთი დღეს ფიდეს ქალთა გრან პრის სერიებს მასპინძლობს, აჭარა კი არაერთხელ იყო მსოფლიო საჭადრაკო ტურნირების მასპინძელი“! – განაცხადა ლევან ყიფიანმა პრესკონფერენციაზე.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 14 აგვისტო)

ka_GEGeorgian