ლევან კობიაშვილი – 350!

ბერლინის ჰერტას ქართველმა კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში საიუბილეო, 350-ე შეხვედრა ჩაატარა! პერუელი კლაუდიო პიზაროს შემდეგ კობიაშვილი მხოლოდ მეორე არაგერმანელია, ვინც ბუნდესლიგაში ამ ნიშნულს უწია!

კობიაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც სხვა ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 350 შეხვედრა ჩაატარა! ამას გარდა, მის აქტივშია II ბუნდესლიგაში გამართული 86 თამაშიც. საერთო ჯამში, ლევანმა გერმანული კლუბების მაისურით 535-ჯერ ითამაშა და 60 გოლი გაიტანა.

საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი (2000, 2005) 1998 წლის იანვრიდან თამაშობს გერმანიაში. თავდაპირველად ფრაიბურგის ფეხბურთელი გახლდათ, შემდეგ გელზენკირხენის შალკე 04-ში გადავიდა, საიდანაც ბერლინის ჰერტაში გადაინაცვლა.

2003, 2011 და 2013 წლებში ის II ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა, 2005 და 2007 წლებში ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი, 2005 წელს კი გერმანიის ლიგის თასი მოიგო. 2003 და 2004 წლებში, შალკე 04-ში თამაშისას, ლევანმა უეფას ინტერტოტოს თასიც აღმართა.

კობიაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა! ეს 2005 წლის 23 ნოემბერს, პსვ ეინდჰოვენთან 3:0 მოგებულ მატჩში მოხდა.

კობიაშვილი ასევე პირველი და ერთადერთია, ვინც საქართველოს ნაკრებში 100-ჯერ ითამაშა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 14 აპრილი)

ka_GEGeorgian