ლევან თედიაშვილი: 1948-2024

ერთხელ ლევან თედიაშვილს ვკითხე, მაინც რა იყო, რატომ გახდი მოჭიდავე-მეთქი.
იმიტომ, რომ ქათმის ხორცი მიყვარდაო.
გამიკვირდა, ქათმის ხორცი რა შუაშია-მეთქი?!
გეტყვიო: „დედაჩემი ქათამს მარტო მაშინ დაგვაკვლევინებდა, სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მაგრამ მე მარტო ერთი ბარკალი მხვდებოდა, ჰა, ჰა ერთი ბარკალი და ერთი ფრთისძირი, არადა ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი ქათმის ხორცზე! ერთხელ რაიონის მოზარდ მოჭიდავეთა ნაკრებში ამიყვანეს. შეკრებაზე ვართ. სადილის დრო რომ მოვიდა, შეგვიყვანეს სასადილოში და წინ ნახევარი შემწვარი ქათამი დამიდეს. მორიდებით ვიკითხე – ბოდიში, მაგრამ ესა სუ ჩემია-მეთქი? შენია, მა ვისიაო! აი, სწორედ მაშინა ვთქვი გულში: მორჩა, თქვენ მე აქედან ვეღარ გამაგდებთ-მეთქი“!

ლევან თედიაშვილის შესახებ არაერთი წერილი წამიკითხავს, მაგრამ ყველაზე ძალიან ნუგზარ შატაიძის ჩანახატი მომწონს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით წიგნად რომ გამოიცა 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“. ეს სახალისო ეპიზოდიც იქ ამოვიკითხე.

ლევან თედიაშვილი გუშინ გარდაიცვალა, 75 წლის იყო.

მას რამდენჯერმე შევხვდი სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაჯილდოებებზე. შარშან, გაზაფხულზე, როცა ქართველ მსოფლიო ჩემპიონებზე წიგნი გამოვეცი, პრეზენტაციაზე მოვიპატიჟე. თავად ვერ მობრძანდა, ავად იყო, მაგრამ მისი ვაჟი გვესტუმრა და დიდ ჩემპიონთან წიგნები მას გავატანე.

ჩემმა უფროსმა კოლეგებმა ის XX საუკუნის საქართველოს მესამე საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ამ დღეებშიც ბევრი დაიწერება მასზე. ლეგენდარული მოჭიდავე და უდავოდ ნიჭიერი კაცი სჯობს იმ ხალხმა გაიხსენოს, ვისაც მისი სპექტაკლები საკუთარი თვალით უნახავს საჭიდაო ხალიჩაზე, მე კი ამ ხუთ ფაქტს შეგახსენებთ, რომლებიც იმ ჩემი წიგნისთვის შევკრიბე:

01: ლევან თედიაშვილი პირველია, რომელმაც სამჯერ გაიმარჯვა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმში – 1971, 1973 და 1974 წლებში. 1975 და 1976 წლებში ის მეორე ადგილზე გავიდა, შესაბამისად ნონა გაფრინდაშვილის და ვიქტორ სანეევის შემდეგ.

02: ლევან თედიაშვილი ერთადერთი ქართველი ფალავანია, რომელმაც უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირი სამ წონით კატეგორიაში მოიგო:

82კგ: ოლიმპიადა – 1972 (მიუნხენი); მსოფლიო ჩემპიონატი – 1971 (სოფია, ბულგარეთი)

90კგ: ოლიმპიადა – 1976 (მონრეალი); მსოფლიო ჩემპიონატი – 1973 (თეირანი, ირანი), 1974 (სტამბოლი, თურქეთი), 1975 (მინსკი, საბჭოთა კავშირი); ევროპის ჩემპიონატი – 1974 (მადრიდი, ესპანეთი), 1976 (ლენინგრადი, საბჭოთა კავშირი)

100კგ: ევროპის ჩემპიონატი – 1978 (სოფია, ბულგარეთი)

03: ლევან თედიაშვილმა 1971-1976 წლებში ზედიზედ 6-ჯერ მოიგო წლის მთავარი შეჯიბრება – 1972 და 1976 წლებში ოლიმპიადა, 1971, 1973, 1974 და 1975 წლებში კი მსოფლიო პირველობა. ეს საუკეთესო სერია იყო ქართულ სპორტში და ის მხოლოდ ახლახანს გააუმჯობესა ლაშა ტალახაძემ.

1978 წელს, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თედიაშვილი აღმოსავლეთგერმანელ ჰარალდ ბიუტნერთან დამარცხდა, არადა იმავე წლის ევროპირველობაზე მას 12(!) ქულის სხვაობით სძლია. ეს თედიაშვილის პირველი წაგება იყო საერთაშორისო ასპარეზზე 1971 წლის შემდეგ.

04: ლევან თედიაშვილი კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია, ოღონდ არაოლიმპიურ სამბოში.

1973-1984 წლებში სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართებოდა. 1973 წელს, ჭიდაობაში პლანეტის ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, სამბოში პირველ მსოფლიო პირველობას თეირანმა უმასპინძლა. თედიაშვილმა, რომელმაც მანამდე იქვე მოიგო თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალი, სამბისტთა ნაკრების მწვრთნელების თხოვნით ავად გამხდარი სპორტსმენი შეცვალა, ფინალში გავიდა, იქ იაპონელი ჰოსინო მასაიუკი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

05: ლევან თედიაშვილი სამი კინოფესტივალის ლაურეატი გახლავთ.

1987 წელს ერთ-ერთი მთავარი, გოგიას როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმში „ხარება და გოგია“. ამავე ფილმში ხარებას როლი კიდევ ერთმა სახელოვანმა სპორტსმენმა, ველოსპორტში მსოფლიოს ჩემპიონმა ომარ ფხაკაძემ განასახიერა. კინოფესტივალ „ოქროს არჩაზე“ ლევან თედიაშვილი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის განკუთვნილი პრიზით დაჯილდოვდა.

2021 წელს ვეტერანმა მოჭიდავემ ასევე მთავარი როლი შეასრულა ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“. იმავე წელს, ტრიბეკას კინოფესტივალზე (ნიუ იორკი, აშშ), ლეგენდარული ფალავანი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს. იგივე ნომინაციაში გაიმარჯვა მან კოტბუსში (გერმანია) გამართულ აღმოსავლეთ ევროპული ფილმების ფესტივალზე.

ლაშა გოდუაძე
20
24 წლის 18 თებერვალი
ფოტო:
მეოთხე ბრაიტონი

ka_GEGeorgian