ლიბერთი მედია: ყველაზე დიდი შტატი ფერარისა და მერსედესშია

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის დაწყებამდე თითქმის ორი თვე დარჩა. პირველი დიდი პრიზი, ტრადიციულად, ავსტრალიაში გათამაშდება – რბოლა 17 მარტს მელბურნში, ალბერტ პარკის ტრასაზე გაიმართება.

სამეფო რბოლის პატრონი ლიბერთი მედია მომავალ სეზონებში რეგლამენტის ცვლილებას გეგმავს, რაც შეჯიბრის გარდა, მონაწილე გუნდებზეც აისახება. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით ბიუჯეტი 150 მილიონი დოლარით განისაზღვრება და ეს წესი 2023 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

თუ წესი დამკვიდრდა, ის, სავარაუდოდ, პირდაპირ აისახება გუნდების თანამშრომელთა რაოდენობაზე. იტალიელმა ჟურნალისტებმა ბოლო წლების ტენდენცია შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ გუნდებში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელად იზრდება. და თუ ბიუჯეტი ხსენებული თანხით განისაზღვრა, მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირდება.

რაც შეეხება ფორმულა 1-ის 2019 წლის სეზონს, ახალ ჩემპიონატს ყველაზე მეტი თანამშრომლით ფერარი და მერსედესი ხვდებიან. იტალიურ და გერმანულ ავტოგიგანტებში სხვადასხვა თანამდებობებზე, პილოტების ჩათვლით, 950 ადამიანია დასაქმებული. ამ მხრივ მესამეა რედ ბული – 800.

მომდევნო ადგილებზე არიან: მაკლარენი – 760, უილიამსი – 630, რენო-ლოტუსი – 625, ტორო როსო – 460, ფორს ინდია – 410, ზაუბერი – 400 და ჰაასი – 250.

საინტერესოა, რომ ჰაასის გუნდში დღეს ზუსტად იმდენივე თანამშრომელია, რამდენიც 1996 წელს უილიამსში, როცა გუნდმა კონსტრუქტორთა თასი მოიგო, დეიმონ ჰილი კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 იანვარი)

ka_GEGeorgian