ლიდერი ძველია, მდევარი – ახალი

„ჩემი აზრით მან დიდებულად ითამაშა. დროულად ეხსნებოდა თანაგუნდელებს, ჩვეულად ბევრ პრობლემას ქმნიდა ფრთიდან და კარგად იბრძოდა ბურთის მოსაპოვებლად“, – ასე შეაფასა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი თამაში გენუაში, სამპდორიის წინააღმდეგ.

სერია ა-ს ერთ-ერთ მაჩანჩალასთან მატჩი საქართველოს ბოლო სამი წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მწვრთნელმა ის 62-ე წუთზე შეცვალა პიოტრ ზელინსკით. იმ დროისთვის ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის ზუსტი თავურით იგებდა, თამაშის მიწურულს კი მეორე გოლიც გაიტანა (ელიფ ელმასმა პენალტით) და დაგეგმილი სამი ქულა დაისაკუთრა. ამავე ტურში ქულები დაკარგა ნეაპოლელთა უახლოესმა მდევარმა მილანმა, ეს კი ნიშნავს, რომ სპალეტის გუნდის უპირატესობა შვიდ ქულამდე გაიზარდა.

მომდევნო ტურში, პარასკევს, 13 იანვარს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებენ, კლუბს, რომელმაც ბოლო რვა თამაში მოიგო, თან გოლის გაუშვებლად და მეორე ადგილამდე აღზევდა.

იუვენტუსთან მატჩის შესახებ სპალეტიმ განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გადამწყვეტი თამაშია, ჩვენ ხომ ჯერ პირველი წრეც არ დაგვისრულებია. ნაპოლის ყველა გაგებით ძლიერი მეტოქე ესტუმრება, მაგრამ ჩვენსას ვეცდებით“.

ხვიჩამ წელს უკვე მეორედ ითამაშა, კვლავ ძირითად შემადგენლობაში და ნანახით ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ მისი ფეხბურთი ვერაა ისეთი ფერადი და შთამბეჭდავი, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერც ინტერთან გაგვახარა გოლით ან საგოლე გადაცემით და ვერც გუშინ, მაინც მგონია, რომ მალე ჩვეულად ათამაშდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სამპდორიასთან ის უკეთესი იყო, ვიდრე ინტერის წინააღმდეგ და დიდი იმედი მაქვს იტალიის ყველაზე ტიტულიან კლუბთან ხვიჩა კიდევ უფრო მოუმატებს.

13 იანვრის თამაში იუვენტუსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასიმილიანო ალეგრის გუნდი საშინლად დაწყებული სეზონის გადარჩენას ცდილობს. ტურინელებმა 2023 წელი კრემონეზესთან და უდინეზესთან მძიმე გამარჯვებებით დაიწყეს, ორივე შეხვედრაში თითო გოლით გაიხარეს, თან ბოლო წუთებზე, მაგრამ ფეხბურთის ხარისხი სატურნირო ცხრილზე არ აისახება, იქ მთავარი ქულებია და ამ მხრივ იუვე უკვე მეორეა. სხვათა შორის, იუვე მეორე ადგილზე სასტარტო ტურის შემდეგ პირველადაა.

გაძეტა დელო სპორტის დღევანდელ ნომერში მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონის, იუვენტუსის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მარკო ტარდელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ვეტერანმა თქვა, რომ შავ-თეთრებთან დაპირისპირება სპალეტის გუნდის საუკეთესო გამოცდა იქნება. ტარდელისავე თქმით, წლევანდელი სკუდეტო სწორედ ამ ორ გუნდს შორის გათამაშდება.

მიმდინარე სერია ა ივნისის დასაწყისში სრულდება. იქამდე ჯერ შორია, თუმცა მგონია, რომ ტარდელის პროგნოზი აზრსმოკლებული არ უნდა იყოს.

 

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 9 იანვარი)
ფოტო:
sscnapoli.it

ka_GEGeorgian