ლონდონი 2012: 1 აგვისტო

ვიცი, რომ ოლიმპიადას თვალს ადევნებთ და ჩვენი სპორტსმენების შედეგებიც კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ რადგან საავტორო დღიურია და წინა დღის საინტერესო ამბებს მიმოვიხილავ, გავკადნიერდები და წერილს დიდი ქართველი კლასიკოსის უკვდავი სიტყვებით დავიწყებ: რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

ეს სიტყვები, სამწუხაროდ, ზუსტად მიესადაგება ჩვენი გუნდის გამოსვლას ლონდონში, საიუბილეო, XXX ოლიმპიურ თამაშებზე: მეოთხე საშეჯიბრო დღე მიილია და საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი, თუნდაც ოქროს, მაგრამ მაინც ერთადერთი მედალი მოიპოვა. არაერთი ძლიერი სპორტსმენი გავიდა სხვადასხვა სპორტულ არენაზე, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის რეალური შანსი, ლაშა შავდათუაშვილის გარდა, არავის ჰქონია. ამასთან, განვლილმა დღეებმა ერთი უსიამოვნო ფაქტიც დაიტია – მოკრივე მერაბ თურქაძესთან დაკავშირებულ ამბავს ვგულისხმობ (გეცოდინებათ, წინასწარი აწონვისას დაშვებულზე 300 გრამით მძიმე აღმოჩნდა!), ყოველივეს შემდეგ კი სულაც არაა გასაკვირი, რომ ილია ჭავჭავაძის უკვდავი სიტყვები გამახსენდა.

გუშინ, 31 ივლისს ოთხმა ჩვენიანმა იასპარეზა. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საკუთარი ძალისხმევით მოხვედრილმა მოცურავემ ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით საკვალიფიკაციო ეტაპზე პირადი რეკორდი გააუმჯობესა – დისტანცია 2:15.86 წუთში დაფარა, მაგრამ ეს ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. 17 წლის სპორტსმენისგან სასწაულს არავინ ელოდა. პირიქით, ქართველის დაბრუნება საწყლოსნო სახეობებში სასიამოვნო იყო.

დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვისურვო, რომ მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე, 2016 წელს რიო დე ჟანეიროში ირაკლიმ მედლისთვის ბრძოლა შეძლოს. თანატოლთა შორის ევროჩემპიონატის მესამეადგილოსანს ამის შანსი, ცხადია თუ მოინდომებს, ნამდვილად ექნება. საბოლოოდ ირაკლი 34 მოცურავეს შორის 28-ე ადგილზე გავიდა.

მშვილდოსნობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ 1/32 ფინალში ჩილელი დენისე ვან ლამოენი დაამარცხა. შარშან, იტალიაში ესებუა მსოფლიო პირველობის ფინალში სწორედ მასთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, 27 წლის ქართველი ოლიმპიონიკი მომდევნო ეტაპზევე გამოეთიშა ტურნირს: გუნდურში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, ერთეულთა შორის ათენის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანთან, ძალიან ძლიერ კორეელ სუნ ჯი ლისთან 2:6 წააგო.

ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა WTA-ს 84-ე ჩოგანმა ანა ტატიშვილმაც. ის გუშინ რუს ნადია პეტროვასთან 3:6, 7:6 (7:5), 2:6 დამარცხდა. ფავორიტად პეტროვა ითვლებოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რეიტინგში 23-ეა, WTA-ს კლასიკიფიკაცია კი ზუსტად მეტყველებს მოთამაშეთა შესაძლებლობებზე.

ანა მესამე სეტის მეექვსე გეიმს საკუთარ მოწოდებაზე 40:0-ს იგებდა, მაგრამ… გადამწყვეტი სწორედ ეს აღმოჩნდა – რუსი 4:2 დაწინაურდა და მალე წერტილიც დასვა. ანას გულშემატკივრებმა თავი მხოლოდ იმით უნდა დავიმშვიდოთ, რომ პირველ წრეში ლიხტენშტაინელ შტეფანი ვოგტთან გამარჯვებისთვის ტატიშვილმა საკუთარ რეიტინგს 55 ქულა შემატა.

დაბოლოს, რაც შეეხება ძიუდოისტებს… 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი ტატამზე ორჯერ გავიდა. პირველ წრეში 30 წლის ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩი ვაზარით დაამარცხა, მაგრამ 1/16 ფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსთან… იპონით წააგო.

არ ვარ ძიუდოში იმდენად ჩახედული, ჭრიკიშვილის მარცხის მიზეზები ვეძიო. ეს სპეციალისტთა საქმეა და მათი აზრიც, ალბათ, მალე გაცხადდება. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუ შავდათუაშვილის ტრიუმფს არ ჩავთვლით, ზაიზენბახერის გუნდის ასპარეზობას, ჯერჯერობით, მხოლოდ კატასტროფული ეთქმის.

დღეს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გავა ტატამზე. იასპარეზებს ნინო სალუქვაძეც. ვერ გეტყვით შეემატება თუ არა საქართველოს მედალოსანი, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ვინც გუშინ საღამოს აკვაცენტრიდან ტელერეპორტაჟს უცქერდა, ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა მე-18 და მე-19 ოლიმპიური მედლები მოიგო: ვერცხლი 200 მეტრზე ბატერფლაიში და ოქრო თავისუფალის ესტაფეტაში (4X200). ამით მან ლეგენდარული საბჭოთა ტანმოვარჯიშის ლარისა ლატინინას მიერ 1964 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

როცა 1972 წელს, მიუნხენში მარკ სპიცმა 7 ოქრო მოიგო, ამერიკელი მოცურავის ამ რეკორდს „უკვდავი“ უწოდეს. 2008 წელს პეკინში ფელპსმა 8 ოქრო მიითვალა! თავის დროზე ლატინინას მიღწევაც „უკვდავად“ მონათლეს, მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ მაიკლი გამოჩნდა და…

ფელპსი აკვაცენტრში კიდევ გაცურავს. ალბათ, მისი ოლიმპიური მედლების შთამბეჭდავი ჩამონათვალი კიდევ უფრო ზღაპრული გახდება. უკვდავი? ორი აზრი არაა, მაიკლს, ვინც ლონდონის თამაშების დასრულებისთანავე პროფესიონალი მოცურავის კარიერას ასრულებს, ამ და სხვა უამრავი მეტსახელითაც შეამკობენ.

„7 წლიდან ვვარჯიშობ. 20 წელია დროის უდიდეს ნაწილს აუზში ვატარებ. მომბეზრდა, მართლა ყელში ამომივიდა ყველაფერი. გულახდილად გეტყვით, მიხარია, რომ თამაშების შემდეგ კარიერას ვასრულებ. მალე მხოლოდ სიამოვნებისთვის ვიცურავებ“, – ეს სიტყვები მაიკლმა CNN-ს ლონდონის ოლიმპიადამდე ერთი კვირით ადრე განუცხადა.

დამეთანხმებით, 15 ოლიმპიური ოქროს და ათობით სხვა ტურნირის მოგების შემდეგ სპორტიდან წასვლაც შეიძლება და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ერთი-ორი თვე აუზში არჩასვლაც. თავისუფლად ცურვაზე არაფერს ვამბობ.

ხვალამდე.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 1 აგვისტო)
ფოტო:
თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympic.org/london-2012

მედალოსნები: 31 ივლისი
კაიაკი და კანოე
ვაჟები – კანოე, სლალომი
1.ტონი ესტანჟე (საფრანგეთი) – 97.01წმ
2.სიდერის ტასიადისი (გერმანია) – 98.09წმ
3.მიხალ მარტიკანი (სლოვაკეთი) – 98.31წმ

სპორტული ტანვარჯიში
გოგონები – გუნდური პირველობა
1.აშშ (გებრიელ დუგლასი, ჯორდინ ვაიბერი, ალექსანდრა რაისმანი, კაილა როსი, მაკკაილა მეროუნი) – 183.596 ქულა
2.რუსეთი (ალია მუსტაფინა, ვიკტორია კომოვა, ქსენია აფანასიევა, ანასტასია გრიშინა, მარია პასეკა) – 178.530 ქულა
3.რუმინეთი (კატალინა პონორი, ლარისა იორდაჩე, დიანა ბულიმარი, სანდრა იზბაშა, დიანა ჩელარუ) – 176.414  ქულა

ტყვიის სროლა
ვაჟები – მრგვალი სტენდი
1.ვინსენტ ჰენკოკი (აშშ) – 148 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ანდერს გოლდინგი (დანია) – 146 ქულა
3.ნასერ ალ-ატიაჰი (კატარი) – 144 ქულა

ფარიკაობა
ვაჟები – რაპირა
1.ლეი შენი (ჩინეთი)
2.ალააელდინ აბუელქასემი (ეგვიპტე)
3.ჩოი ბიუნ-ჩული (სამხრეთი კორეა)

ცურვა
ვაჟები – ბატერფლაი, 200მ
1.ჩად ლე კლოსი (სამხრეთი აფრიკა) – 1:52.96წთ
2.მაიკლ ფელპსი (აშშ) – 1:53.01წთ
3.ტაკეში მაცუდა (იაპონია) – 1:53.21წთ
ვაჟები – თავისუფალი, 4X200
1.აშშ (რაიან ლოხტე, კონორ დუაიერი, რიკი ბერენსი, მაიკლ ფელპსი) – 6:59.70წთ
2.საფრანგეთი (ამორი ლევო, გრეგორი მალე, კლემენ ლეფერი, იანიკ ანელი) – 7:02.77წთ
3.ჩინეთი (ჰაო იუნი, ლი იუინქი, ჟიან ჰაიქი, სუნ იანი) – 7:06.30წთ
გოგონები – თავისუფალი, 200მ
1.ელისონ შმიტი (აშშ) – 1:53.61წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.კამილ მუფა (საფრანგეთი) – 1:55.58წთ
3.ბრონტე ბერეტი (ავსტრალია) – 1:55.81წთ
გოგონები – კომპლექსური, 200მ
1.იუე შივენი (ჩინეთი) – 2:07.57წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ალისია კატსი (ავსტრალია) – 2:08.15წთ
3.ქეითლინ ლევერენცი (აშშ) – 2:08.95წთ

ცხენოსნობა
სამჭიდი
1.მიხაელ იუნგი (გერმანია) – 40.60 საჯარიმო ქულა
2.სარა ალგოტსონ ოსთჰოლტი (შვედეთი) – 43.30 საჯარიმო ქულა
3.სანდრა აუფარტი (გერმანია) – 44.80 საჯარიმო ქულა
გუნდური სამჭიდი
1.გერმანია (პეტერ თომსენი, დირკ შრადე, ინგრიდ კლიმკე, სანდრა აუფარტი, მიხაელ იუნგი) – 133.70 საჯარიმო ქულა
2.დიდი ბრიტანეთი (ნიკოლა უილსონი, მერი კინგი, ზარა ფილიპსი, კრისტინა კუკი, უილიამ ფოქს-პიტი) – 138.20 საჯარიმო ქულა
3.ახალი ზელანდია (ჯონელ რიჩარდსი, ჯონათან პაგეტი, კეროლაინ პაუელი, ენდრიუ ნიკოლსონი, მარკ ტოდი) – 144.40 საჯარიმო ქულა

ძალოსნობა
ვაჟები – 69კგ
1.ლი ქინფენი (ჩინეთი) – 344კგ (157+187)
2.ტრაიატნო (ინდონეზია) – 333კგ (145+188)
3.რაზვან მარტინი (რუმინეთი) – 332კგ (152+180)
გოგონები – 63კგ
1.კრისტინ ჟირარი (კანადა) – 236კგ (103+133)
2.მილკა მანევა (ბულგარეთი) – 233კგ (102+131)
3.ლუს აკოსტა (მექსიკა) – 224კგ (99+125)

ძიუდო
ვაჟები – 81კგ
1.კიმ ჯე ბუმი (სამხრეთი კორეა)
2.ოლე ბიშოფი (გერმანია)
3.ივან ნიფონტოვი (რუსეთი) და ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)
*-ავთანდილ ჭრიკიშვილი
1/32 – თავისუფალი იყო
1/16 – ტომისლავ მარიანოვიჩი (ხორვატია) – მოგება
1/8 – ტრევის სტევენსი (აშშ) – მარცხი
გოგონები – 63კგ
1.ურშკა ჟოლნირი (სლოვაკეთი)
2.შუ ლილი (ჩინეთი)
3.იოშიე უენო (იაპონია) და ჟერვისე ემანე (საფრანგეთი)

წყალში ხტომა
გოგონები – კოშკი (10მ), სინქრონული
1.ჩენ რუოლინი და ვან ჰაო (ჩინეთი) – 368.40 ქულა
2.პაოლა ესპინოზა და ალეხანდრა ოროსკო (მექსიკა) – 343.24 ქულა
3.მეგან ბენფეიტო და როსელინ ფილიონი (კანადა) – 337.62 ქულა

ka_GEGeorgian