ლონდონი 2012: 11 აგვისტო

მესამე ფინალი და მეორე ვერცხლი: თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გუშინ 55კგ-ში მეორე ადგილი დაიკავა და ასე თუ ისე, გუნება გამოგვიკეთა.

შეეძლო თუ არა მას ჩემპიონობა? ფინალი ისეთი რამაა, შანსი ყველას აქვს – ერთი ორთაბრძოლის მოგება ყველას შეუძლია, მაგრამ რუს მეტოქესთან პაექრობისას, მეორე სეტის მიწურულს, ხინჩეგაშვილმა გადამწყვეტი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და რადგან ოთარსულთანოვმა ივარგა, ოქროც მან მოიპოვა – 0:1, 3:4.

ლადო, რომელიც ერთი წელია რაც დიდებში ჭიდაობს, ვფიქრობ გამოუცდელობამ დააღალატა. უფრო სწორად, ასეთი დონის ტურნირების სათანადოდ არცოდნამ, თორემ ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის არაერთი ოქროს მომგებს გამოუცდელს ნაღდად ვერ ვუწოდებ. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ და ჩემზე უკეთ ისინი იტყვიან, საჭიდაო ხალიჩის ცქერაში რომ დაბერდნენ.

რაც შეეხება მეორე ქართველს, 74კგ-ში მოასპარეზე დავით ხუციშვილს, მას მეორე რუსთან დენის ცარგუშთან შანსი არ ჰქონია. მეტოქე, ვინც გუდაუთაში გახლავთ დაბადებული, ევროპის 3-გზის ჩემპიონი და მსოფლიოს 2-გზის უძლიერესი ფალავანია. ის ამ წონაში ოლიმპიური ოქროს მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, მაგრამ შემდეგ ნახევარფინალში ამერიკელთან დამარცხდა და დათოსაც ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი აღარ მიეცა. ცარგუშის მძლეველმა ამერიკელმა კი საბოლოოდ ოქრო მოიპოვა.

რაც შეეხება 11 აგვისტო, დღე ჩვენთვის ძალიან დაძაბული იქნება – მედლებს კიდევ სამი მოჭიდავე შეუტევს: 60კგ-ში დავით ზარქუა, 84 კგ-ში დათო მარსაგიშვილი, მძიმე წონაში კი მისი სეხნია მოძმანაშვილი. სამივე ჩვენიანი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ჭიდაობას.

როცა ისინი ხალიჩაზე გავლენ, გვეცოდინება მოვიპოვეთ თუ არა მედალი 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში. აქ საქართველოს სახელით პოლონელი მძლეოსანი მაციეი როსიევიჩი იასპარეზებს. ის პირველი უცხოელია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დროშით გამოვა. გუშინ ჩვენი გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა თქვა, რამდენიმე დღის წინ როსიევიჩი ოლიმპიურ სოფელში საჭმლით მოიწამლაო… მოკლედ, ვნახოთ – სტარტამდე ცოტა დროა დარჩენილი.

დღეს მძლეოსნობაში 8 ოქროს მედალი გათამაშდება, ბრიტანელი გულშემატკივრებისთვის კი მთავარი 5 000 მეტრზე ფინალური გარბენია. ყველა მო ფარას მორიგი ტრიუმფის მოლოდინშია. სტაიერმა, ვინც ერთი კვირის წინ 10 ათას მეტრზე მოიგო ოქრო, გუშინ თქვა, ჩემპიონობის შანსი კი მაქვს, მაგრამ ფანების მხარდაჭერის გარეშე პირველობა ძალიან გამიჭირდებაო. ფარას თამაშების ორგკომიტეტის თავკაცმა ლორდმა კოემ უპასუხა, ოლიმპიურ სტადიონზე ყველა ბრიტანელს გარანტირებული აქვს საუკეთესო გულშემატკივრობაო.

თუ მოხდა და დღეს ტანთხელი სტაიერი მეორედ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ის ლეგენდარული ეთიოპიელის კენენისა ბეკელეს ბრწყინვალე მიღწევის თანაავტორი გახდება! შეგახსენებთ, რომ  ბეკელემ 5 და 10 კილომეტრზე ოქრო პეკინში მოიგო.

სანამ ბრიტანელები ფავორიტის ტრიუმფისთვის ემზადებიან, ამერიკელთა ქომაგები ხარობენ: გოგონათა ნაკრებმა 4X100-ზე ესტაფეტა მსოფლიო რეკორდით მოიგო! ტიანა მედისონმა, ელისონ ფელიქსმა, ბიანკა ნაითმა და კარმელიტა ჯეტერმა 40.82 წამში გაირბინეს და ისტორია გადაწერეს.

მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ! ვერც ვიფიქრებდი მსოფლიო რეკორდს თუ შევწვდებოდით… ეს დიდებულია“! – განაცხადა ელისონ ფელიქსმა, რომელმაც ლონდონში მეორე ოქრო მოიგო. ამერიკელებს თითქმის წამით ჩამორჩა იამაიკის ნაკრები. კუნძულელებმა ქვეყნის რეკორდი კი დაამყარეს – 41.41წმ, მაგრამ ეს შედეგი მხოლოდ ვერცხლს ეყო.

გუშინვე გათამაშდა მედლები ვაჟთა ესტაფეტაში 4X400-ზე. ამ გარბენის მთავარი ფავორიტი იამაიკა ფინალში საერთოდ ვერ მოხვდა, რის გამოც ყველა ამერიკელთა ზეობას ელოდა, მაგრამ… 2:56.72 წუთი – ბაჰამის კუნძულების ნაკრებმა სწორედ ეს დრო მოანდომა გარბენს: კრის ბრაუნი, დემეტრიუს პინდერი, მაიკლ მეთიუ და რამონ მილერი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ! ამერიკა დისტანციის თითქმის ნახევარს კი იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მეორე იყო.

10 აგვისტო ძალიან საინტერესო იყო გუნდური სახეობების მოყვარულთათვის: ვაჟ კალათბურთელთა, წყალბურთელთა და ხელბურთელთა ფინალისტები გამოვლინდნენ.

ხელბურთელთა ოქროს პეკინის თამაშების ტრიუმფატორი საფრანგეთი და შვედეთი გაითამაშებს. ფრანგებმა ხორვატებს 25:22 მოუგეს და იმ შემთხვევაში, თუ გადამწყვეტ შეხვედრაშიც იმარჯვეს, არნახულ მიღწევას მიითვლიან: ოლიმპიადა ზედიზედ ჯერ არავის მოუგია!

ხელბურთელთაგან განსხვავებით, ნახევარფინალი მოიგო ხორვატ წყალბურთელთა ნაკრებმა – მეზობელი მონტენეგრო 7:5 დაამარცხა. ბალკანელებს მძიმე გამოცდა ელით, რადგან მეტოქე იტალიაა, ტურნირის მთავარი ფავორიტის, სერბეთის მძლეველი გუნდი.

თავის მხრივ, წყალბურთელების შედეგი ვერ გაიმეორა იტალიის ფრენბურთელთა ნაკრებმა: წინა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ბრაზილიასთან უშანსოდ დამარცხდა – 0:3. ბრაზილიას ფრენბურთში ორივე გუნდური ოქროს მოგების შანსი აქვს – გოგონების უკანასკნელი მეტოქე ამერიკაა, ვაჟებისა კი რუსეთი.

კალათბურთზე აბა რა ვთქვა? ის, რომ ამერიკა ფინალში გავიდოდა, ეს ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე ყველამ მშვენივრად იცოდა, მაგრამ წილისყრის შემდეგ ბევრმა ივარაუდა, რომ 4 წლის წინანდელ ფინალს ვიხილავდით: აშშ-ესპანეთი. ასეც მოხდა: გუშინ ოცნების გუნდმა ნახევარფინალში არგენტინას 109:83 მოუგო, ესპანელებმა კი რუსებს ჯგუფში თავხედობა არ აპატიეს – 67:59 აჯობეს და ოლიმპიური ვერცხლი გაინაღდეს.

ოთხი წლის წინ ესპანეთი ფინალში 107:118 დამარცხდა. ანგარიშის რა გითხრათ და სკარიოლოს გაწვრთნილი გუნდი ლონდონშიც მეორე რომ იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 11 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012

მედალოსნები: 10 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – 470
1.მეთიუ ბელჩერი და მალკოლმ პეიჯი (ავსტრალია)
2.ლუკ ფეშენსი და სტიუარტ ბიზელი (დიდი ბრიტანეთი)
3.ლუკას კალაბრეზე და ხუან დე ლა ფუენტე (არგენტინა)
გოგონები – 470
1.ჯო ალე და პოლი პოური (ახალი ზელანდია)
2.ჰანა მილსი და სასკია კლარკი (დიდი ბრიტანეთი)
3.ლიზა ვესტერჰოფი და ლობკე ბერხუტი (ნიდერლანდები)

ბალახის ჰოკეი
გოგონები
1.ნიდერლანდები
(1.ჯოის სომბრეკი, 4.კიტი ვან მალე, 9.ქერლინ დირკსე ვან დე ჰუველი, 10.კელი იონკერი, 11.მაარტი გოდერი, 12.ლიდევაი ველტენი, 13.კაია ვან მაასაკერი, 17.მაარტი პაუმენი, 18.ნაომი ვან ასი, 19.ელენ ჰოოგი, 21.სოფი როლკამპი, 23.კიმ ლამერსი, 24.ევა დე გოედე, 27.მერლინ ალიოტი, 28.მერელ დე ბლეი, 30.მარგო ვან გეფენი; მწვრთნელი: მაქსიმილიანო კალდასი)
2.არგენტინა (1.ლაურა დელ კოლე, 4.როსარიო ლუკეტი, 5.მაკარენა როდრიგესი, 7.მარტინა კავალიერო, 8.ლუსიანა აიმარი, 11.კარლა რებეკი, 12.დელფინა მერინო, 16.ფლორენსია ჰაბიფი, 17.როსიო სანჩეს მოკია, 18.დანიელა სრუოხა, 19.სოფია მაკარი, 21.მარიელა სკარონე, 25.სილვინა დ’ელია, 27.ნოელ ბარიონუევო, 30.ჟოსეფინა სრუოხა, 31.ფლორენსია მუტიო; მწვრთნელი: კარლოს რეტეხი)
3.დიდი ბრიტანეთი (1.ბეთ სთორი, 3.ემილი მაგუაირი, 4.ლაურა ანსუორსი, 5.კრისტა კალენი, 6.ჰანა მაკლეოდი, 7.ენ პენტერი, 8.ჰელენ რიჩარდსონი, 11.კეიტ უოლში, 12.ქლოე როჯერსი, 14.ლორა ბარტლეტი, 15.ალექს დენსონი, 18.ჯორჯი ტვიგი, 22.ეშლი ბოლი, 23.სალი უოლტონი, 28.ნიკოლა უაითი, 29.სარა თომასი; მწვრთნელი: დენი კერი)

ველოსპორტი
ვაჟები – BMX
1.მარის შტრომბერგსი (ლატვია) – 37.576წმ
2.სემ უილოუგბი (ავსტრალია) – 37.929წმ
3.კარლოს ოკუენდო (კოლუმბია) – 38.251წმ
გოგონები – BMX
1.მარიანა პახონი (კოლუმბია) – 37.706წმ
2.სარა უოკერი (ახალი ზელანდია) – 38.133წმ
3.ლაურა სმულდერსი (ნიდერლანდები) – 38.231წმ

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები – 55კგ
1.ჯამალ ოთარსულტანოვი (რუსეთი)
2.ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
3.იანგ კიონგ-ილი (ჩრდილოეთი კორეა) და სინიჩი იუმოტო (იაპონია)
*-ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
კვალიფიკაცია – იბრაჰიმ ფარაგი (ეგვიპტე) – 1:1, 5:2, 2:0
1/8 – რადოსლავ ველიკოვი (ბულგარეთი) – 0:3, 1:1, 4:0
1/4 – ამიტ კუმარ დაჰია (ინდოეთი) – 4:0, 3:1
1/2 – სუნიჩი იუმოტო (იაპონია) – 1:0, 0:4, 2:0
ფ – ჯამალ ოტარსულტანოვი (რუსეთი) – 0:1, 3:4
ვაჟები – 74კგ
1.ჯორდან ბაროუზი (აშშ)
2.სადეღ გუდარზი (ირანი)
3.გაბორ ჰატოსი (უნგრეთი) და დენის ცარგუში (რუსეთი)
*-დავით ხუციშვილი
კვალიფიკაცია – პიურევიავინ იონიორბატი (მონღოლეთი) – 1:0, 2:1
1/8 – აუგუსტო მიდანა (გვინეა-ბისაუ) – 1:0, 0:1, 3:0
1/4 – დენის ცარგუში (რუსეთი) – 0:4, 0:1

მძლეოსნობა
ვაჟები – ჭოკით ხტომა
1.რენო ლავილენი (საფრანგეთი) – 5.97მ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ბიორნ ოტო (გერმანია) – 5.91მ
3.რაფაელ ჰოლცდეპე (გერმანია) – 5.91მ
ვაჟები – 4X400მ
1.ბაჰამის კუნძულები (კრის ბრაუნი, დემეტრიუს პინდერი, მაიკლ მეტიუ, რამონ მილერი) – 2:56.72წთ
2.აშშ (ბრაიშონ ნელამი, ჯოშუა მენსი, ტონი მაკქუეი, ანჯელო ტეილორი) – 2:57.05წთ
3.ტრინიდადი და ტობაგო (ლალონდე გორდონი, ხარინ სოლომონი, ადი ელეინ-ფორტე, დეონ ლენდორე) – 2:59.40წთ
გოგონები – 1 500მ
1.მარიამ იუსუფ ჯამალი (ბაჰრეინი) – 4:10.74წთ
2.ტატიანა ტომაშოვა (რუსეთი) – 4:10.90წთ
3.აბება არეგავი (ეთიოპია) – 4:11.03წთ
გოგონები – 5 000მ
1.მესერეტ დეფარი (ეთიოპია) – 15:04.25წთ
2.ვივიენ შერუიო (კენია) – 15:04.73წთ
3.ტირუნეშ დიბაბა (ეთიოპია) – 15:05.15წთ
გოგონები – 4X100მ
1.აშშ (ტიანა მედისონი, ელისონ ფელიქსი, ბიანკა ნაითი, კარმელიტა ჯეტერი) – 40.82წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.იამაიკა (შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი, შერონ სიმპსონი, ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი, კერონ სტიუარტი) – 41.41წმ
3.უკრაინა (ოლესია პოვი, ქრისტინა სტუი, მარია რიემიენი, ელიზავეტა ბრიზგინა) – 42.04წმ
გოგონები – უროს ტყორცნა
1.ანიტა ვლოდარჩუკი (პოლონეთი) – 77.60მ
2.ბეტი ჰაიდლერი (გერმანია) – 77.13მ
3.ჟან ვენშიუ (ჩინეთი) – 76.34მ

მხატვრული ცურვა
გუნდები
1.რუსეთი (ანასტასია დავიდოვა, მარია გრომოვა, ნატალია იშჩენკო, ელვირა ხასიანოვა, დარია კორობოვა, ალექსანდრა პაცკევიჩი, სვეტლანა რომაშინა, ანგელიკა ტიმანინა, ალა შიშკინა) – 197.030 ქულა
2.ჩინეთი (ჩან სი, შენ შიაოჟუნი, ჰუან შუეშენი, ჟიან ტინტინი, ჟიან ვენვენი, ლიუ ოუ, ლუო ში, ვუ იუვენი, სუნ ვენიანი) – 194.010 ქულა
3.ესპანეთი (კლარა ბასიანა, ალბა კაბელიო, ონა კარბონელი, მარგალიდა კრესპი, ანდრეა ფუენტესი, თაის ენრიკესი, პაულა კლამბურგი, ირენ მონტრუჩიო, ლაირა პონსი) – 193.120 ქულა

ტაეკვონდო
ვაჟები – 80კგ
1.სებასტიან კრისმანიხი (არგენტინა)
2.ნიკოლას გარსია (ესპანეთი)
3.ლუტალო მუჰამედი (დიდი ბრიტანეთი) და მაურო სარმიენტო (იტალია)
გოგონები – 67კგ
1.ჰვანგ კიუნგ-სეონი (სამხრეთი კორეა)
2.ნურ ტატარი (თურქეთი)
3.პეიჯი მაკფერსონი (აშშ) და ჰელენა ფრომი (გერმანია)

ცურვა
ვაჟები – მარათონი (10კმ)
1.უსამა მელული (ტუნისი) – 1:49:55.1წთ
2.თომას ლურცი (გერმანია) – 1:49:58.5წთ
3.რიხარდ ვაინბერგერი (კანადა) – 1:50:00.3წთ

ka_GEGeorgian